ბს-1160(კ-18) 26 თებერვალი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სს „...ს ბანკის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „...ს ბანკმა“ 11.01.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ გორში, ...ის ქ.N2-ში მდებარე 139,69 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის თაობაზე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 22.06.2007წ. N141 ბრძანების, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს N... აუქციონის შედეგების, N... ოქმის, N... მიღება-ჩაბარების აქტის და 07.08.2007წ. გაცემული N... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ნაწილობრივ, 20,61 კვ.მ. ფართის ნაწილში, ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.01.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „...ა“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.05.2017წ. გადაწყვეტილებით სს „...ს ბანკის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია. სადავო ქონება თავდაპირველად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იქნა სახელმწიფოს სახელზე. აღნიშნული რეგისტრაცია არ შეადგენს დავის საგანს. სადავო ქონება უკვე აღრიცხული იყო სახელმწიფოს სახელზე და სადავო აუქციონიც უკვე ჩატარებული იყო, როდესაც მარეგისტრირებელ ორგანოში აღირიცხა სს „...ს ბანკის“ იპოთეკა. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფოს მიერ თავის სახელზე აღრიცხული ფართი იყო არასაცხოვრებელი დანიშნულების, ხოლო სს „...ს ბანკის“ მიერ იპოთეკით დატვირთული ფართი - საცხოვრებელი დანიშნულების.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სს „...ს ბანკის“ მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ ქ. გორში, ...ის ქ. 6-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე იყო ხ. გ-ი, ბანკი კი წარმოადგენდა ამ ქონების კეთილსინდისიერ შემძენს. ბანკის მიერ ქონებაზე საკუთრების მართლზომიერად რეგისტრაციის მიუხედავად, საკუთრების მარეგისტრირებელ ორგანოში აღრიცხვა ვერ ხორციელდება 20,61 კვ.მ. ფართის შპს „...ის“ სახელზე პრივატიზაციის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ს ბანკის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 22.06.2007წ. ბრძანებით საპრივატიზებო ნუსხაში შეტანილ იქნა ქ. გორში, ...ის ქ. N2-ში მდებარე 139,69 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, ფართზე პრესის მეშვეობით გამოცხადდა აუქციონი, აუქციონზე ქონების შემძენი გახდა შპს „...ა“, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება, გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და შპს აღირიცხა ფართის მესაკუთრედ, ფართის მისამართად მიეთითა: გორი, ...ის ქ. 2. გასათვალისწინებელია, რომ განსახილველი სარჩელის წარდგენამდე აღნიშნული ფართის შპს-ს სახელზე აღრიცხვის, ფართით ფლობისა და სარგებლობის სადავოდ გახდომა, მათ შორის, ხ. გ-ის მიერ, არ დასტურდება. კასატორის მითითებით შპს დღემდე სარგებლობს აღიშნული ფართით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. გორში, ...ის ქ. N6-ში 77 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ ირიცხებოდა ხ. გ-ი, რომელმაც სს „...ს ბანკთან“ 12.03.2008წ. დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით იპოთეკით დატვირთა თავის საკუთრებაში რიცხული ფართი. ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო მოვალე ხ. გ-ის საკუთრებაში არსებული ქ. გორში, ...ის ქ. 6-ში მდებარე 77 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი გატანილ იქნა იძულებით აუქციონზე, აღმასრულებლის 20.05.2013წ. NA12059891-016/001 განკარგულებით ქონების შემძენი გახდა სს „...ს ბანკი“. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 05.07.2013წ. გადაწყვეტილებით შეძენილ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით სს „...ს ბანკის“ მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა შპს „...ისა“ და დ. მ-ის, დ. მ-ის და ზ. ვ-ის საკუთრებაში არსებულ ფართებთან ზედდების გამო, განმცხადებელს დაევალა კორექტირებული საკადასტრო ნახაზის წარდგენა. მოგვიანებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა კორექტირებული საკადასტრო ნახაზის წარუდგენლობის გამო. სწორედ აუქციონზე შეძენილ ფართზე საკუთრების უფლების მოპოვების, მესაკუთრედ აღრიცხვის მიზნით არის განპირობებული სს „...ს ბანკის“ მიერ განსახილველი სარჩელის აღძვრა, რადგან მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სწორედ მისი დაკვეთით აზომილი, შპს „...ის“ მფლობელობასა და საკუთრებაში არსებული ფართის ნაწილი - 20,61 კვ.მ. შედიოდა ხ. გ-ის საკუთრებაში რიცხული იპოთეკით დატვირთული ქონების შემადგენლობაში. მნიშვნელოვანია, რომ კასატორმა ვერ უზრუნველყო აღნიშნული მოსაზრების სათანადო წესით დადასტურება, რადგან საქმის მასალების მიხედვით განსხვავებულია ხ. გ-ისა და შპს-ს საკუთრებაში რიცხული ფართების მისამართები (ხ. გ-ის ქონების მისამართი იყო გორი, ...ის ქ. 6, ხოლო შპს-ს ქონების - გორი, ...ის ქ. 2) და დანიშნულება (სს „...ს ბანკის“ მიერ იპოთეკით დატვირთული და აუქციონზე შეძენილი ფართის დანიშნულება იყო საცხოვრებელი, ხოლო შპს-ს საკუთრებაში არსებული ფართის - არასაცხოვრებელი), ამასთანავე საქმის მასალების, მათ შორის შიდა აზომვითი ნახაზის მიხედვით, სადავო ფართი იზოლირებულია ფიზიკური პირების საკუთრებისაგან, არ დასტურდება როდესმე სადავო ფართის ხ. გ-ის მფლობელობასა და სარგებლობაში ყოფნა, ფართზე ხ. გ-ის მიერ თავისი საკუთრების უფლების განცხადება და სხვ.. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.11.2019წ. ამონაწერის მიხედვით, სს „...ს ბანკი“ ამჟამად რეგისტრირებულია ქ. გორში, ...ის ქ. N6-ში მდებარე 77 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ, უფლების დადგენ დოკუმენტად მითითებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს 20.05.2013წ. NA12059891-016/001 განკარგულება. ამდენად, სარჩელის მიზანი მიღწეულია, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე სს „...ს ბანკის“ საკუთრების უფლება რეგისტრირებულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სს „...ს ბანკის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „...ს ბანკის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.2018წ. განჩინება;
3. სს „...ს ბანკს“ (ს.კ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.10.2018წ. N290 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი