საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-58(კ-20) 26 თებერვალი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე; ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზ. ს-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიმართ. ამავე სამართალწარმოების ფარგლებში, საქალაქო სასამართლოს 12.03.2018 წ. განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
მოსარჩელემ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე. მან აღნიშნა, რომ „ზ. ს-ის სამსახურში აღდგენის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 სექტემბრის №... ბრძანებით მოხდა მისი სამსახურში აღდგენა, ხოლო სამსახურში აღდგენილ მოხელეს უნდა აუნაზღაურდეს შესაბამისი განაცდური.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე - ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას მის სასარგებლოდ დაკისრებოდა „ზ. ს-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 3 დეკემბრის №... ბრძანების გამოცემის დღიდან „ზ. ს-ის სამსახურში აღდგენის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 სექტემბრის ბრძანების გამოცემის დღემდე, სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის, განაცდურის ანაზღაურება.
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა, რომ მოპასუხეს დაკისრებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯის პირველი ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის გადახდილი 2400 ლარის და პროცესის სხვა ხარჯების, საერთო ოდენობით - 5790.05 ლარის ანაზღაურება. (აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა საწვავის ხარჯის - 30 ლარის დამადასტურებელი ქვითარი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხე ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას მოსარჩელე ზ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა ,,ზ. ს-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ" ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 3 დეკემბრის №... ბრძანების გამოცემის დღიდან ,,ზ. ს-ის სამსახურში აღდგენის შესახებ" ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 სექტემბრის ბრძანების გამოცემის დღემდე სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის განაცდურის ანაზღაურება; მოპასუხე - ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას ასევე დაეკისრა სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით ადვოკატისთვის გადახდილი - 300 ლარის ანაზღაურება და პროცესის სხვა ხარჯის - 30 ლარის ანაზღაურება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ზ. ს-ის ადვოკატმა სააპელაციო შესაგებლით მოითხოვა, რომ აპელანტს დაკისრებოდა მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯის ანაზღაურება: სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული და პროცესის სხვა ხარჯები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე ჩუღურეთის რაიონის გამგეობას, მოსარჩელე ზ. ს-ის სასარგებლოდ, ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების - 300 ლარისა და პროცესის სხვა ხარჯის - 30 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმასთან დაკავშირებით, თითქოს მოსარჩელე - ზ. ს-ის სამსახურში აღდგენა კი არ მოხდა, არამედ იგი დანიშნული იქნა თანამდებობაზე. ამ საკითხთან მიმართებით ყურადღება გამახვილდა ,,ზ. ს-ის სამსახურში აღდგენის შესახებ" ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 სექტემბრის ბრძანების გამოცემის საფუძვლებზე.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სწორად მიიჩნია, რომ ზემოთ მითითებული ბრძანება გამოცემული იქნა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და არა სხვა რომელიმე მიზეზიდან გამომდინარე (კონკურსში მონაწილეობა და გამარჯვება, შრომითი ხელშეკრულების გაფორმება და ა.შ.) რაც ნიშნავს სწორედ იმას, რომ მოხდა ზ. ს-ის არა თავიდან დანიშვნა, არამედ თანამდებობაზე აღდგენა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება.
პროცესის ხარჯების ანაზღაურების შესახებ ზ. ს-ის ადვოკატის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტით, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დავის საგანი (საქმის კატეგორია), საქმის სირთულე, განხილვის ხანგრძლივობა და ა.შ. ამიტომ ზ. ს-ის სასარგებლოდ ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების - 300 ლარის დაკისრება წარმოადგენს გონივრულ ოდენობას; ამასთანავე, სხვა სასამართლოს გარეშე ხარჯების გაწევის დასადასტურებლად მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა საწვავის ხარჯის - 30 ლარის გაწევის დამადასტურებელი ქვითარი, რის გამოც მოპასუხე ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დაეკისრა აღნიშნული თანხის გადახდა მოსარჩელე ზ. ს-ის სასარგებლოდ.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა; მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საჩივრის სრულად დაკმაყოფილება (გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება, მოსარჩელე ზ. ს-ის სასარგებლოდ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ნაწილში - არ იქნას დაკმაყოფილებული ზ. ს-ის არც ერთი სასარჩელო მოთხოვნა).
კასატორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინება მიღებულია მნიშვნელოვანი დარღვევებით.
კასატორი აღნიშნავს, რომ ,,ზ. ს-ის სამსახურში აღდგენის შესახებ" ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 სექტემბრის ბრძანების გამოცემით მოხდა ზ. ს-ის აღდგენა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რის შედეგად, აღსრულდა N3ბ/1908-15 საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება.
ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიხედვით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 3 დეკემბრის N... ბრძანება ზ. ს-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, კასატორს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაევალა განაცდურის ანაზღაურება, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო.
კასატორი ასევე განმარტავს, რომ ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო, ადმინისტრაციულ ორგანოს არ უნდა დაეკისროს პროცესის ხარჯების ანაზღაურება.
წარდგენილ საკასაციო შესაგებელში ზ. ს-ის ადვოკატმა დაუსაბუთებლად მიიჩნია საკასაციო საჩივარი და იშუამდგომლა საკასაციო ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული და სასამართლოს გარეშე სხვა ხარჯების (დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებისათვის, მოწინააღმდეგე მხარეებისა და მათი წარმომადგენლების სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფის, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გადაადგილების, წერილობითი საპროცესო დოკუმენტების მომზადების და ასევე ასლების მომზადების, მათი აკინძვის, საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისა და საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების სააღსრულებო ორგანოში აღსრულების უზრუნველყოფის გამო გაწეული ხარჯების) ანაზღაურების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 იანვრის განჩინებით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს მათი განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავა გადაწყვიტა სწორად.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2013 წლის პირველი ოქტომბრის №... განკარგულებით ზ. ს-ი დაინიშნა ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის აპარატში ...ის (...ი) თანამდებობაზე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 3 დეკემბრის №... ბრძანებით ზ. ს-ი გათავისუფლდა ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის აპარატში ...ის (...ი) თანამდებობიდან ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის №3ბ/1908-15 გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 3 დეკემბრის №... ბრძანება ზ. ს-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულ იქნა, რომ „ამასთან მოპასუხემ თანამდებობაზე აღდგენის შემთხვევაში შესაბამის პირს უნდა აუნაზღაუროს განაცდური „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის საფუძველზე. ... მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ უკანასკნელი მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.“
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ნოემბრის №ბს-263-261(3კ-კს-16) განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2017 წლის 12 სექტემბერს მიღებული იქნა ბრძანება „ზ. ს-ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის, ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით პირის სამსახურში აღდგენის შესახებ ახალი ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოხელეს უნდა აუნაზღაურდეს განაცდური (სუსგ, 26.03.2019 წ., საქმე Nბს-13(კ-19)).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეცა ორი შესაძლო გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთი: ან პირის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ბრძანება ან მისი თანამდებობაზე აღდგენაზე უარის თქმისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება.
,,ზ. ს-ის სამსახურში აღდგენის შესახებ" ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 სექტემბრის ბრძანების გამოცემის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ მოხდა ზ. ს-ის არა სამსახურში აღდგენა, არამედ თანამდებობაზე ხელახალი დანიშვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ისეთ სამართლებრივ მდგომარეობას, როდესაც არ იარსებებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოსაცემი ზემოხსენებული ორი ბრძანებიდან არც ერთი, რაც შესაბამისად შეიძლება შეფასდეს როგორც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა. აქედან გამომდინარე, კასატორის მოსაზრება არის სამართლებრივად გაუმართლებელი და ამ საკითხთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასებებს.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ,,ზ. ს-ის სამსახურში აღდგენის შესახებ" ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 სექტემბრის ბრძანების ერთადერთი საკანონმდებლო საფუძველია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118.3. მუხლი, რომელიც აწესრიგებს მხოლოდ თანამდებობაზე აღდგენის და არა დანიშვნის საკითხს, როგორც ამაზე მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანო; ხოლო იმავე კანონის 118.4. მუხლით პირდაპირაა დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება განაცდურის ანაზღაურებაზე, როდესაც 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ხდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
კასატორის იმ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება არ არსებობს, რადგან განაცდურის ანაზღაურების დაკისრება არ მომხდარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება არსებობს იმ მომენტიდან, როდესაც წარმოიშობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118.4. მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობით გათვალისწინებული წინაპირობა. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ წინაპირობას წარმოადგენს ,,ზ. ს-ის სამსახურში აღდგენის შესახებ" ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 სექტემბრის ბრძანების გამოცემის ფაქტი. აღნიშნულ მოვლენას კი ადგილი ჰქონდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, რის გამოც, ბუნებრივია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ვერ განსაზღვრავდა სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობენ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის რეალობაში ჯერ კიდევ არ არსებული მოვლენიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით, 2017 წლის 12 სექტემბრის ბრძანების გამოცემამდე, ადმინისტრაციულ ორგანოს სააპელაციო სასამართლომ პირდაპირ მიუთითა 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებაში, რომ „მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.“ ამდენად, ,,ზ. ს-ის სამსახურში აღდგენის შესახებ" ბრძანების გამოცემის მომენტისთვის ადმინისტრაციული ორგანოსთვის ცნობილი იყო, რომ განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენდა მოსარჩელის სამსახურში აღდგენის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, კასატორის დასაბუთება განაცდურის ანაზღაურების ვალდებულების არარსებობის თაობაზე არის უსაფუძვლო.
კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმიდან გამომდინარე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ სამართლებრივ დასკვნებს. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
პროცესის ხარჯების ანაზღაურების შესახებ ზ. ს-ის ადვოკატის მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამართლებრივ მიდგომაზე (სუსგ, 16.01.2020წ., საქმე Nბს-619(2კ-19). კერძოდ, აღნიშნული განჩინებით განიმარტა: „საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს აგრეთვე საკასაციო პალატაში გაწეული საადვოკატო და სხვა სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების შესახებ ხ. ბ-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საკასაციო პალატაში საქმის განხილვა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება განხორციელდა მხარეთა დასწრების გარეშე, სასამართლოს მიერ მოთხოვნილი არ ყოფილა მოწინააღმდეგის (მოსარჩელის) მხრიდან საკასაციო შესაგებლის, რაიმე ახსნა-განმარტების, დამატებითი დოკუმენტაციის ან სხვა მასალების წარდგენა. საკასაციო პალატაში წარმოდგენილი „იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ“ ხელშეკრულება არ ასაბუთებს შუამდგომლობის საფუძვლიანობას, რადგან ხარჯი ანაზღაურდება გონივრულ ფარგლებში დავის სირთულის, წარმომადგენლის მიერ გაწეული მომსახურების ინტენსიურობის გათვალისწინებით. ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მოსარჩელეს აუნაზღაურდა ადვოკატის მომსახურების თანხა და სხვადასხვა ხარჯები. საკასაციო პალატაში სასამართლო სხდომა არ ჩატარებულა, ნოტარიალურად დამოწმებული ახალი მინდობილობა არ წარდგენილა, საკასაციო შესაგებელს რაიმე დოკუმენტაცია არ ერთვის, შესაბამისად მითითება სანოტარო დამოწმების ხარჯების, ტრანსპორტირების ხარჯების, სხდომაზე გამოცხადების ხარჯების, საკასაციო შესაგებელზე თანდართული დოკუმენტაციის ასლების გადაღებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.“ საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს სასამართლოს მიერ გამოცემული საპროცესო დოკუმენტები, მათ შორის გადაწყვეტილება/განჩინება, ჩაბარების მიზნით, ეგზავნებათ მხარეებს შესაბამის მისამართზე. ამდენად, ასეთი დოკუმენტის ჩასაბარებლად აუცილებელი არაა პირის მიერ რაიმე ხარჯის გაწევა, რის გამოც, ამ ნაწილშიც პროცესის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინება;
3. ზ. ს-ის წარმომადგენლის ივანე პეტრიაშვილის შუამდგომლობა საადვოკატო და სხვა სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე