Facebook Twitter
საქმე №ბს-1(გ-20) 19 თებერვალი, 2020 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე


საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი - სს „...ა“

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :


2019 წლის 11 ნოემბერს სს „...ამ“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 29 ოქტომბრის №2; №4; №5; №6; №8; №9; №11 და №12 დადგენილებების გაუქმება და სს „...ის“ მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებზე - №000421, №000422, №000420, №000304, №000146, №000147, №000416 და №000423, სადავოდ გამხდარი მითითებების ნაწილში, საქმის წარმოების შეწყვეტა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 დეკემბრის დადგენილებით, სს „...ის“ საჩივარი -საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 29 ოქტომბრის №4 დადგენილების გაუქმებისა და №000422 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფარგლებში საქმისწარმოების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში, მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში; სს „...ის“ საჩივარი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 29 ოქტომბრის №2 დადგენილების გაუქმებისა და №000421 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფარგლებში საქმისწარმოების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს; სს „...ის“ საჩივარი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 29 ოქტომბრის №5 და №12 დადგენილებების გაუქმებისა და №000420 და №000423 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ფარგლებში საქმისწარმოების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს; სს „...ის“ საჩივარი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 29 ოქტომბრის №6 დადგენილების გაუქმებისა და №000304 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფარგლებში საქმისწარმოების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს; სს „...ის“ საჩივარი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 29 ოქტომბრის №8 და №9 დადგენილებების გაუქმებისა და №000146 და №000147 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ფარგლებში საქმისწარმოების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს; სს „...ის“ საჩივარი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 29 ოქტომბრის №11 დადგენილების გაუქმებისა და №000416 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფარგლებში საქმისწარმოების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილია განსჯადი სასამართლოს მიერ დავის განხილვისა და გადაწყვეტის აუცილებლობის პრინციპი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-ე-125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
,,რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებით განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა.
ამავე გადაწყვეტილების 30-ე მუხლის შესაბამისად, მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის - მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით; 33-ე მუხლის შესაბამისად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის – რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით; მე-8 მუხლის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის - ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით; 43-ე მუხლის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის, ბაღდათის, ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით, ხოლო მე-5 მუხლის თანახმად, ახალციხის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის - ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ადგილს წარმოადგენს წყალტუბოს რაიონი (ოქმი №000146 და №000147). ამასთან, დავა არ გამომდინარეობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე-125-ე მუხლებიდან, შესაბამისად, საქმე უნდა განიხილოს სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას მოქმედმა სასამართლომ.
ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლო წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლო არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებით წინამდებარე საქმე სასამართლოს განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში 2012 წლის 26 აპრილს განხორციელებულმა ცვლილებებმა აღნიშნული კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით იმპერატიულად განსაზღვრა, რომ საქმეები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, განიხილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, რამაც გამორიცხა ამ კატეგორიის საქმეთა სხვა სამართალწარმოების წესით განხილვა, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადა დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე და 273-ე მუხლებით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, შეიძლება გასაჩივრდეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-ე-125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნული კოდექსის მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის შესახებ წესები. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლის საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში არჩევანის უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს, შესაბამისად, თუ სარჩელში დასახელებულია სხვადასხვა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მოპასუხე, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა, რასაც იგი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, სადაც წარადგენს სარჩელს. ამასთან, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია, როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატივით. შესაბამისად, აღნიშნული მუხლი უზრუნველყოფს მოსარჩელის ინტერესების დაცვას.
კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ, რომლის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, აღსანიშნავია ისიც, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ბრალეული პირის, სს „...ის“ ადგილსამყოფელია ასევე ქ. თბილისი. განსახილველ შემთხვევაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ყველა სადავო ოქმების განხილვის შემთხვევაში დაცული იქნება სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების წარმართვისა და სასამართლოს ეკონომიურობის ძირითადი პრინციპი, რაც უმნიშვნელოვანეს პრინციპებს წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელებისას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „...ის“ საჩივრის განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ სამართალდარღვევის შესაძლო ადგილს წარმოადგენს წყალტუბოს რაიონი, რომელიც მდებარეობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, შესაბამისად, საქმის სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ადგილის მიხედვით განხილვის შემთხვევაშიც ქუთაისის საქალაქო სასამართლო არ წარმოადგენს განსჯად სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ სს „...ას“ საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი, სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის შესახებ წესები. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
წინამდებარე შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 29 ოქტომბრის №8 - №9 დადგენილებები და სს „...ის“ მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები №000146 - №000147.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული სადავო ოქმები შედგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ იმ საფუძვლით, რომ სს „...აში“ (მდებარე: წყალტუბოს რაიონი), შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების შედეგად გამოვლინდა დარღვევები. სს „...ას“ სახდელის სახედ განესაზღვრა გაფრთხილება და დარღვევის გამოსასწორებლად მიეცა ვადა 150 დღე. ოქმი გამოცემულია ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე.
სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხების ძირითად მოთხოვნებს და პრევენციული ღონისძიებების ზოგად პრინციპებს განსაზღვრავს ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან. მითითებული ორგანული კანონის მე-17 მუხლის თანახმად, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო; ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს სპეციალურ მოწესრიგებას, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით ტერიტორიული განსჯადობის სპეციალურ წესს ითვალისწინებს (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა (261-ე მუხ.)). დავის ტერიტორიული კუთვნილების განსაზღვრისას კი განსჯადობის სპეციალურ წესს უპირატესობა ენიჭება განსჯადობის ზოგად წესთან მიმართებით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმადაც, რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ საქმეებს, გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საქმეებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხს განიხილავს მაგისტრატი მოსამართლე და საქმე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ექვემდებარება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განხილვას, თუ კონკრეტულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ მაგისტრატი მოსამართლეები. მაგისტრატი მოსამართლე ეწოდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტეროიტორიულ ერთეულში. მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორია და რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. მაგისტრატი მოსამართლეების შემადგენლობას რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
,,რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილების 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის, ბაღდათის, ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით. იმავე მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვრა 3 მოსამართლით, რომელთაგან: 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე გადააგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მაგრამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედებს მაგისტრატი სასამართლო, რომლის კომპეტენციაშიც შედის სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა.
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შესაძლო სამართალდარღვევა ჩადენილი იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დავა ტერიტორიულად წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს ქვემდებარეა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-5, მე-6, 26-ე მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:


1. სს „...ის“ საჩივარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.





თავმჯდომარე ქ. ცინცაძე


მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე


ნ. სხირტლაძე