Facebook Twitter

ბს-732-732 (კ-18) 13 თებერვალი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...-მა“ 26.02.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.12.2015წ. №CB602463 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და სსიპ შემოსავლების სამსახურის 08.02.2016წ. №2863 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.09.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.12.2015წ. №CB602463 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 08.02.2016წ. №2863 ბრძანება. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.09.2016წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით, აგრეთვე მოწმეთა დაკითხვით დადასტურდა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, კერძოდ, დადასტურდა, რომ პროდუქცია რეალიზებული იქნა ჩეკში მითითებულ ფასად, ხოლო პროდუქციის თავდაპირველ ღირებულებასა (645 ლ.) და საბოლოო ფასს (575 ლ.) შორის განსხვავება განაპირობა მხარეთა შორის ვაჭრობამ, რის შედეგადაც პროდუქციის ფასი შემცირდა, რაც გადაიხადა შემძენმა და ვაჭრობის შედეგად შეთანხმებული ფასი მართებულად აისახა ჩეკში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები სზაკ-ის 6011 მუხლის შესაბამისად გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველს ქმნიდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანომ შემსყიდველთან გასაუბრებით დაადგინა პროდუქციის ღირებულებაზე ნაკლები ოდენობის ასახვა ჩეკში, რაც მართებულად გახდა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.12.2015წ. №CB602463 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველი. კასატორი არ ეთანხმება აგრეთვე სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდის დაკისრებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. გასაჩივრებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.12.2015წ. №CB602463 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შპს „...“ მიჩნეული იქნა სამართალდამრღვევად საგადასახადო კოდექსის 281.5 მუხლის საფუძველზე და სანქციის სახით შეეფარდა გაფრთხილება. შპს „...“ არ ადასტურებს მისი მხრიდან საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენას და სადავოდ ხდის აქტის კანონიერებას მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არასწორად ასახვის საფუძვლით. კერძოდ, გასაჩივრებული ოქმის თანახმად შპს „...-ის“ მიერ პროდუქციის გასხვისების შედეგად მიღებული თანხის ოდენობამ შეადგინა 575 ლარი, რაც აისახა სალარო აპარატის მეშვეობით ამობეჭდილ ჩეკში. საქმეში დაცულია მხარეთა შორის გაფორმებული თანხის გადახდის ხელშეკრულება (ს.ფ.13), სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.14-15) და მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ.16), სადაც გადახდილი თანხის ოდენობად მითითებულია 575 ლარი. საქმეზე მოწმედ დაკითხული პირების ჩვენებებით დადგინდა, რომ საგადასახადო ორგანო ნასყიდობის ფასთან დაკავშირებით გაესაუბრა არა პროდუქციის შემძენს, არამედ მის ძმას, რომელიც არ იყო ინფორმირებული ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული ვაჭრობის შედეგად ფასის შემცირებაზე. აღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული აქტების გამოცემის საფუძველი, რასაც იზიარებს საკასაციო პალატა და აღნიშნავს, რომ მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად (სუსგ 20.12.2019წ. საქმე №ბს-638-634(2კ-17)). განსახილველ შემთხვევაში მხოლოდ სადავო ურთიერთობის არამონაწილე პირისაგან ინფორმაციის მიღება, სხვა დამატებითი მტკიცებულებების მოძიების და გამოკვლევის გარეშე არ ადასტურებს გადაწყვეტილების სზაკ-ის მოთხოვნათა დაცვით მიღებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზეა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება (სზაკ-ის 6012 მუხ.), რაც გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველად მართებულად იქნა მიჩნეული.

საფუძველს მოკლებულია აგრეთვე სსიპ შემოსავლების სამსახურის მითითება სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების არამართლზომიერების შესახებ, რადგან იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან (სსკ-ის 53.1 მუხ.). ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება, არ ათავისუფლებს მას შპს „...-ის“ მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ვინაიდან დავა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გადაწყდა. აღნიშნულის თაობაზე არსებობს მყარი სასამართლო პრაქტიკა (სუსგ 29.11.2019წ. საქმე №ბს-1128 (კ-18); 15.07.2019წ. ბს-866-862 (კ-17) და ა.შ).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საკასაციო საჩივარი შედგება მხოლოდ ნორმათა ციტირებისგან და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების აღწერისგან. კასატორი ვერ უთითებს სააპელაციო პალატის განჩინების უსწორობის დამდგენ კონკრეტულ გარემოებებსა და რელევანტურ მტკიცებულებებზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.2018წ. განჩინება;

3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი