Facebook Twitter

#ბს-1361(გ-19) 19 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი - შპს „...ა“

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 15 ნოემბერს შპს „...ამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 12 სექტემბრის №77/12 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინებით შპს „...ის“ სარჩელი მიჩნეულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებულ საჩივრად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის დადგენილებით შპს „...ის“ საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150–2007 გადაწყვეტილებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის, 23-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 28-ე მუხლისა და 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ამავე გადაწყვეტილების 131 მუხლის შესაბამისად, გურჯაანის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა გურჯაანის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით. განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ადგილს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი წარმოადგენდა, ამასთან, დავა არ გამომდინარეობდა სასკ-ის 116-125-ე მუხლებიდან, შესაბამისად, საქმე უნდა განეხილა სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას მოქმედ სასამართლოს. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლო წარმოადგენდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს და შპს „...ის“ საჩივარი განსჯადობით განსახილველად გურჯაანის რაიონულ სასამართლოს უნდა გადაგზავნოდა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინებით მოცემული ადმინისტრაციული საქმე სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის ჩადენის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

ამავე კოდექსის 261-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 12 სექტემბრის #77/12 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. საჩივრის ავტორის განმარტებითა და სადავო გადაწყვეტილებით დგინდებოდა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილი იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საქმეებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ მაგისტრატი მოსამართლეები. მაგისტრატი მოსამართლე ეწოდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ–ტეროიტორიულ ერთეულში. მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორია და რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. მაგისტრატი მოსამართლეების შემადგენლობას რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამავე კანონის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იმ ადმინისტრაციულ, ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე, აგრეთვე მისი არყოფნის შემთხვევაში, ამ კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებული საქმეები შეიძლება განიხილოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სხვა მოსამართლემ.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართრლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს #1/150–2007 გადაწყვეტილების 131 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გურჯაანის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა გურჯაანის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვრა 2 მოსამართლით, რომელთაგან: 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშიც.

ამასთან, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 11 იანვრის #1/34 გადაწყვეტილებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტების შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდა მოსამართლე იოსებ აბრამიძე.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე გადააგზავნა იმ სასამართლოში, რომლის იურისდიქციაც ვრცელდებოდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედებდა მაგისტრატი სასამართლო, რომლის კომპეტენციაშიც, მათ შორის, შედიოდა სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა. გურჯაანის რაიონული სასამართლო მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის არყოფნის შემთხვევაში იყო უფლებამოსილი განეხილა მის განსჯადობას მიკუთვნებული საქმეები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს „...ის“ საჩივრის განხილვაზე განსჯად სასამართლოს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლო წარმოადგენდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „...ის“ საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი, სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის შესახებ წესები. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

განსახილველ შემთხვევაში, შპს „...ამ“ საჩივარი წარადგინა სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო შპს „...ის“ დაჯარიმების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 12 სექტემბრის №77/12 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საჩივრის ავტორის განმარტებითა და სადავო გადაწყვეტილებით დგინდება, რომ შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილი არის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №23 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლის წესების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მეწარმე ვალდებულია დაიცვას „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, აღნიშნული კანონის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტები, ასევე ეს წესები და კომისიის სხვა მოთხოვნები. მეწარმის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №23 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლის წესების“ მე-5 მუხლით განსაზღვრული პირობების დარღვევა, იწვევს კანონმდებლობით დადაგენილ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, რომლის ოდენობაც განსაზღვრულია შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით. მეწარმის პასუხისმგებლობა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადაგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით. აღნიშნული კოდექსი იმპერატიულად არ ადგენს განსჯადობის სპეციალურ წესს ამ კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან მიმართებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო; ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს სპეციალურ მოწესრიგებას, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით ტერიტორიული განსჯადობის სპეციალურ წესს ითვალისწინებს (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა (261-ე მუხ.)). დავის ტერიტორიული კუთვნილების განსაზღვრისას კი განსჯადობის სპეციალურ წესს უპირატესობა ენიჭება განსჯადობის ზოგად წესთან მიმართებით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმადაც, რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ საქმეებს, გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საქმეებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხს განიხილავს მაგისტრატი მოსამართლე და საქმე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ექვემდებარება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განხილვას, თუ კონკრეტულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არ მოქმედებას მაგისტრატი მოსამართლე.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ მაგისტრატი მოსამართლეები. მაგისტრატი მოსამართლე ეწოდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტეროიტორიულ ერთეულში. მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორია და რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. მაგისტრატი მოსამართლეების შემადგენლობას რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150–2007 გადაწყვეტილების 131 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, გურჯაანის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა გურჯაანის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვრა 2 მოსამართლით, რომელთაგან: 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე გადააგზავნა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მაგრამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედებს მაგისტრატი სასამართლო, რომლის კომპეტენციაშიც, მათ შორის, შედის სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა.

ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შესაძლო სამართალდარღვევა ჩადენილი იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დავა ტერიტორიულად ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს ქვემდებარეა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გურჯაანის რაიონული სასამართლოს მსჯელობას, რომ შპს „...ის“ საჩივარი ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს განსჯადია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-5 და მე-6 მუხლებით, 26-ე მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „...ის“ საჩივარი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე