Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-37(კ-20) 26 თებერვალი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე; ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 13 მარტს ზ. ჩ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 4 ივნისის N... ბრძანება ზ. ჩ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრებით გაასაჩივრეს ზ. ჩ-ემ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ზ. ჩ-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა როგორც ზ. ჩ-ის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინება. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება, რომელიც შემდგომი აღსრულების მიზნით წარედგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უგულებელყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით მითითებული გარემოება, მოეხდინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების გამოკვლევა-შეფასება და მას შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მან ახალი წარმოების დროს არათუ გამოიკვლია საქმის გარემოებები, არამედ მოახდინა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 4 ივნისის N... ბრძანების კოპირება და კვლავ გამოსცა ბრძანება ზ. ჩ-ის გათავისუფლების შესახებ. მაშინ როდესაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიამ საქმის განხილვისას მაქსიმალური ობიექტურობით გამოიკვლივა მტკიცებულებები, გამოკითხა შემთხვევის დროს დაბადების დღის სუფრასთან მყოფი პირები, რომლებმაც უშუალოდ დაადასტურეს, რომ რაიმე კონფლიქტს არც სუფრასთან და არც რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი არ ჰქონია. ამასთან, ყველა დაკითხული პირი არის პოლიციის თანამშრომელი და მათ გათვითცნობიერებული აქვთ პასუხისმგებლობა ცრუ ჩვენების მიცემისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 13 თებერვლის №... ბრძანების „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ ბათილად ცნობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ზ. ჩ-ის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის პოლიციის დეპარტამენტის ...ის რაიონული სამმართველოს ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 13 თებერვლის №... ბრძანება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ. ჩ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის პოლიციის დეპარტამენტის ...ის რაიონული სამმართველოს ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ დისციპლინური გადაცდომის ფაქტის დადგენა უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სამართლებრივი ნორმების მითითებასთან ერთად მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, მათ ერთობლიობაზე, თუ რამდენად დასტურდება სადავო ბრძანების საფუძვლად მითითებული გარემოება - გადაცდომა და რაში გამოიხატა იგი.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ზ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 4 ივნისის N... ბრძანება ზ. ჩ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში. ზ. ჩ-ის სარჩელი სამსახურში აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, საკითხზე მსჯელობის დროს სასამართლომ დადგენილ გარემოებებად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2016 წლის 4 ივნისის MIA 3 16 01360786 დასკვნის ცალსახად გაზიარებისა და დამატებითი დასაბუთების გარეშე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 4 ივნისის N... ბრძანებით ამავე სამინისტროს ...ის პოლიციის დეპარტამენტის ...ის რაიონული სამმართველოს ...ი, პოლიციის ...ი ზ. დ. ჩ-ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში. ამასთან, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს არ შეუფასებია დასკვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, საქმეში წარდგენილი ვიდეო მასალითა და კონკრეტულ პირთა გამოკითხვისას, მათ შორის, სასამართლო სხდომაზე, მათი ახსნა - განმარტებების ურთიერთშეჯერების შედეგად ცალსახად არ დგინდება რეალურად ადგილი ჰქონდა თუ არა პოლიციის თანამშრომლის მხრიდან ეთიკური სტანდარტების დაუცველობას. ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ გამოკითხულ პირთა გარკვეული ნაწილი საერთოდ არ ადასტურებს რაიმე კონფლიქტური სიტუაციის, ფიზიკური ანდა სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს კონკრეტულ პირებს შორის, ხოლო ნაწილი აღწერს სიტუაციას მცირედი ცვლილებებით ადმინისტრაციულ ორგანოსა და სასამართლოში. ამდენად, საქმის განხილვის შედეგად სასამართლომ უტყუარად ვერ მიიჩნია დასკვნაში დაფიქსირებულ გარემოებები, რამდენადაც არ იყო გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სააპელაციო პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დაუშვებლად.

სააპელაციო პალატის მითითებით, საყურადღებოა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ მოხდა მხოლოდ სამი პირის გამოკითხვა და მათი ახსნა - განმარტების მოსმენა (ზ. ს-ი, გ. გ-ე, ვ. მ-ი). აღსანიშნავია, რომ მითითებული პირების გარდა, ხელმეორედ, შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის წარმოების დროს არ მომხდარა სხვა, აღნიშნული ფაქტის შემსწრე მყოფი/მონაწილე პირების გამოკითხვა.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საყურადღებოა ასევე ის გარემოებაც, რომ ზემოთ მითითებული სამი პირის მიერ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის მიცემული ახსნა - განმარტება და 2019 წლის 13 თებერვლის ბრძანების კანონიერების შეფასების დროს, პირველ ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე გაჟღერებული განმარტებები სადავო გარემოებასთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, მოწმის სახით გამოძახებულმა პ. ბ-მა განმარტა, რომ მოსარჩელე ზ. ჩ-ესთან კონფლიქტის მიზეზი არ ჰქონია, არც ის ახსოვს, რომ მოსარჩელე ვინმესთან კონფლიქტში შესულიყო.

ასევე მოწმის სახით გამოძახებულმა ვ. მ-მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ზ. ჩ-ესთან დაკავშირებული ფაქტების შესახებ არაფერი იცის, არც უნახავს იქ რა ხდებოდა, გადმოცემით ფლობს გარკვეულ ინფორმაციებს. როგორც იცის, გინებას ადგილი არ ჰქონია, მართალია, მის მიერ უკვე მიცემულ ახსნა-განმარტებაში სხვა რამ წერია, თუმცა შეიძლება სათვალე არ ჰქონდა და არც ახსოვს იქ რა ეწერა, სხდომაზე კი ადასტურებს, რომ ზ. ჩ-ეს არავისთვის უგინებია. მოწმის სახით გამოძახებულმა ზ. ს-მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოსარჩელე ზ. ჩ-ეს არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია არავისთვის. მოწმეებმა მიუთითეს ისიც, რომ გენერალურ ინსპექციაში ჩ-ის მამხილებელი ჩვენებები კარნახით დააწერინეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ფაქტები, რომლებიც საფუძვლად დაედო მოსარჩელე ზ. ჩ-ის მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენებას, უარყვეს იმ პირებმა, რომელთა ახსნა - განმარტებების საფუძველზეც დადგინდა ისინი. პოზიციათა ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსიდან გამომდინარე კი პალატამ უფრო სარწმუნოდ და დამაჯერებლად მიიჩნია საქმის განხილვის დროს, სასამართლო დარბაზში, ნეიტრალურ გარემოში მიცემული ახსნა - განმარტება. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე კი ცალსახაა, რომ არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზ. ჩ-ის მიერ გათავისუფლების საფუძვლად მითითებული დისციპლინური გადაცდომის (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრეციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ჩადენის ფაქტს. შესაბამისად, ზემოთ განვითარებული მსჯელობის შედეგად, რამდენადაც ვერ მტკიცდება ზ. ჩ-ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი, აზრს მოკლებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით გამოყენებული დისციპლინურ სახდელის დისციპლინურ გადაცდომასთან პროპორციულობის შეფასება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გამოკვლეულ იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დადგენილ იქნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 4 ივნისის N... ბრძანებით კადრების განკარგულებაში მყოფი შს სამინისტროს მოსამსახურე ზ. ჩ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში შესწავლილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის და ზემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებები, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა დასაბუთებული მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია, იმ მხრივ, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად განხილული საქმეების გადასაწყვეტად სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. 2016 წელს შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოიკითხნენ პირები, რომლებსაც შესაძლებელია კონკრეტულ გადაცდომაზე ჰქონოდათ ინფორმაცია, შედეგად გაირკვა, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებს შორის მოხდა კამათი, რაც გადაიზარდა კონფლიქტში. მიღებული ახსნა-განმარტებების ანალიზის შედეგად შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაასკვნა, რომ ზ. ჩ-ემ ჩაიდინა ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ, ასევე მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, 2016 წელს შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩამორთმეული, ზოგიერთი პოლიციელის ახსნა-განმარტებით, ასევე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მიწვეული პირების განმარტების შესწავლისას ადმინისტრაციულ ორგანოს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ გამოკითხული პირების ნაწილი ზუსტად და სრულად არ გადმოსცემდა მომხდარი ფაქტის დეტალებს, ასევე ურთიერთშეუსაბამობა აღინიშნებოდა ზოგიერთი მათგანის მიერ შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიცემულ ახსნა - განმარტებებსა და სასამართლოში გაკეთებულ განმარტებებს შორისაც. ამასთან, კასატორის მითითებით, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ თავად მოსარჩელე მის მიერ 2016 წელს შს გენერალურ ინსპექციაში მიცემულ ახსნა-განმარტებაში არ უარყოფს სუფრასთან სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს.

მოცემულ პერიოდში ზ. ჩ-ე იკავებდა ...ლ თანამდებობას, შესაბამისად, იგი პოზიტიური მაგალითის მიმცემი უნდა ყოფილიყო სხვა თანამშრომლებისთვის. შს სამინისტროს ყოფილი მოსამსახურის მიერ არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის 3.4 პუნქტის მოთხოვნები და ჩადენილ იქნა დისციპლინური გადაცდომა. ზ. ჩ-ემ, ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევით საფრთხე შეუქმნა როგორც საკუთარ, ისე სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და რეალური საშიშროება შექმნა დამდგარიყო მძიმე ფაქტი.

კასატორის განმარტებით, საქართველოს შს სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი ორგანო (დაწესებულებათა სისტემა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების მქონე ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, რომელთა დაცვასაც სამინისტროს სხვადასხვა საშუალებებით ახორციელებს, მათ შორის იმ ადამიანური რესურსით, რომელიც დასაქმებულია სამინისტროში. აღნიშნული უდიდესი საჯარო ინტერესის განხორციელებისას სამინისტრო დიდ ყურადღებას ამახვილებს თავის თანამშრომელთა კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც აუცილებლად უნდა თავსდებოდეს ზნეობრივ ჩარჩოებში და არ უნდა ლახავდეს სამინისტროს ავტორიტეტს. კასატორის განმარტებით, ვინაიდან ზ. ჩ-ის ქმედებები შეუფერებელი იყო შს სამინიტროს მოსამსახურისათვის და მის მიერ დაირღვა არაერთი სამართლებრივი ნორმა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მსგავს ქმედებებზე მკაცრი რეაგირების არქონა საზოგადოებაში იწვევს უნდობლობას შს სამინისტროს და ზოგადად, სახელმწიფოს სამართალდამცავი სისტემის მიმართ. კასატორის მითითებით, პოლიციელის მიმართ მოქმედებს ქცევის განსაკუთრებით მაღალი სტანდარტი და მაღალი სადისციპლინო - საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც შს სამინისტროს მოსამსახურეებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უწესებს და მკვეთრად გამიჯნავს საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან. ზ. ჩ-ეს კი ეკავა რა ...ი თანამდებობა, მისი ქმედებები სამაგალითო უნდა ყოფილიყო თანამშრომლებისთვისაც. კასატორი მიიჩნევს, რომ ზ. ჩ-ემ არ გაითვალისწინა საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მე-3 თავის 3.4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა და ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა.

ამასთან, კასატორის განმარტებით მოსარჩელის შს სამინისტროში მუშაობის განმავლობაში მის მიმართ არაერთხელ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური სახდელი - ,,სამსახურიდან დათხოვნა“, აღნიშნულიდან გამომდინარე და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მოთხოვნათა შესაბამისად, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები და მოსამსახურის პიროვნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა უარყვეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფის ფაქტი, მაშინ როცა გენერალურ ინსპექციას დაუდასტურეს აღნიშნულის თაობაზე. სწორედ კოლეგიალურმა დამოკიდებულებამ აიძულა ისინი დაემალათ რეალური კონფლიქტის ფაქტი.

ზოგადად საჯარო სამსახურისა და განსაკუთრებით პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება და დაცვა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ საჯარო ინტერესს, რამდენადაც საჯარო სამსახურისა და განსაკუთრებით პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საზოგადოების ნდობასა და საჯარო სამსახურის ავტორიტეტზე, ეს კი მიიღწევა შესაბამისი საჯარო მოსამსახურეებისა და პოლიციელების სათანადო ქცევითა და საქმიანობით. პოლიციელთა ქცევისა და მათ მიმართ ნდობის განსაკუთრებული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებაში პოლიციელი აღქმულია კანონისა და ზნეობრივი ნორმების განუხრელ შემსრულებლად და საზოგადოებაში მათი დაცვის გარანტად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციების სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 13 თებერვლის №... ბრძანების „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა წარმოადგენს. აღნიშნული ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულ იქნა 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრეციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის ბრძანებით, მოსარჩელე ზ. ჩ-ე დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის პოლიციის დეპარტამენტის ...ის რაიონული სამმართველოს ...ის თანამდებობაზე, ხოლო დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე, დისციპლინური გადაცდომის საფუძვლით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 4 ივნისის ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 4 ივნისის N... ბრძანება ზ. ჩ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ხოლო სარჩელი სამსახურში აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

კანონიერ ძალაში შესული, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ზ. ჩ-ის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება ხელახლა დაიწყო. წარმოების ფარგლებში გამოიკითხა ზ. ს-ი, გ. გ-ე და ვ. მ-ი, რომლებიც იმყოფებოდნენ კონფლიქტის ადგილზე. მიღებული ახსნა - განმარტებების, აგრეთვე, მოპოვებული ვიდეომასალის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაასკვნა, რომ ზ. ჩ-ემ ჩაიდინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის 13 თებერვლის №... ბრძანებით ზ. ჩ-ე კვლავ გათავისუფლდა თანამდებობიდან.

საკასაციო სასამართლო ცალსახად იზიარებს კასატორის მოტივაციას შს სამინისტროს თანამშრომლის მხრიდან მაღალი საშემსრულებლო და ეთიკური სტანდარტების დაცვის სავალდებულოობის თაობაზე, რაზეც ასევე მიუთითებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ანსამბლეის მიერ 1979 წლის 17 დეკემბერს მიღებული ,,მართლწესრიგის დამცველ თანამდებობის პირთა ქცევის კოდექსი“, რომლშიც აღნიშნულია, რომ მართლწესრიგის დამცველი თანამდებობის პირები მუდმივად ასრულებენ კანონით მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, ემსახურებიან საზოგადოებას და იცავენ ყველა პირს მართლსაწინააღმდეგო აქტებისაგან პასუხისმგებლობის იმ მაღალი ხარისხის შესაბამისად, მათი პროფესია რომ მოითხოვს.

პოლიციელის ქცევის სტანდარტებს აწესრიგებს ასევე საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსი, რომელიც ადგენს, რომ პოლიციელი, რომელიც იცავს და იყენებს კანონს, პირველ რიგში, თავად ემორჩილება და პატივს სცემს მას (1.2პ); პოლიციელი საკუთარი მოქმედების დაგეგმვისა და დაწყების წინ ყოველთვის უნდა დარწმუნდეს მის კანონიერებაში (1.3პ.); პოლიციელი უნდა იყოს ყურადღებიანი, თავდაჭერილი, და კანონთან ერთად ხელმძღვანელობდეს ზნეობრივი ნორმებით (1.4პ.); პოლიციელმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს (1.5.პ). აღნიშნულის საფუძველზე უდავოა, რომ მოსარჩელე, მისი სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე, თავად უნდა უზრუნველყოფდეს სახელმწიფო უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს. პოლიციელის მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს უწესებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს და მკვეთრად გამიჯნავს საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო მოსამსახურის, მით უფრო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ, უნდა გამოიწვიოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გატარება, რაც არის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა. პასუხისმგებლობის მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა, საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება უნდა მოხდეს დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაც უნდა შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების, ისე სასამართლოს მხრიდან სახდელის დადების კანონიერების შეფასების პროცესში. თუმცა, განსახილველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დგას არა გამოყენებული ღონისძიების პროპორციულობის შემოწმების საჭიროების, არამედ თავად გადაცდომის, როგორც ფაქტის დადასტურების აუცილებლობის წინაშე.

მოსარჩელე სადავოდ ხდის დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს. მისი განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სადავო ბრძანების გამოცემისას არ მოახდინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევა და დაკითხული მოწმეების ახსნა-განმარტებებს არ მისცა ობიექტური შეფასება, არ გამოიკვლია ჰქონდა თუ არა საერთოდ ადგილი კონფლიქტს, იმ პირობებში, როდესაც მოწმეები საკუთარ ახსნა-განმარტებებში უარყოფენ კონფლიქტის არსებობას.

მნიშვნელოვანია მიეთითოს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში წარმოებული გამოკითხვის პროცესში სპეციალისტი- ...ი - ზ. ს-ი, ეთანხმება მის მიერ 2016 წლის 1 ივნისს შსს სამინისტროში მიცემულ ახსნა-განმარტებას. იგი აღნიშნავს, რომ ის მაქსიმალურად შეეცადა შექმნილი ვითარება არ გადაზრდილიყო სერიოზულ უთანხმოებაში. ზ. ჩ-ე მანამდეც გამოხატავდა გარკვეულ წყენას, უკმაყოფილებას და ამჟღავნებდა აგრესიას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხულმა ...მა გ. გ-ემ, ასევე მიუთითა, რომ ეთანხმებოდა მის მიერ 2016 წლის 1 ივნისს შსს სამინისტროში მიცემულ ახსნა - განმარტებას, მან არ იცის, არ გაუგია საიდან წარმოიშვა კონფლიქტი, ვინაიდან იმ მომენტში იყო ოდნავ მოშორებით. ზ. ჩ-ისა და პ. ბ-ის საუბრიდან გაიგო, რომ ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც ზ. ჩ-ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დამსწრეებს, რადგან მის სადღეგრძელოს არ უსმენდნენ. რამდენადაც შემთხვევიდან გასულია დიდი დრო, გ. გ-ე სიტყვებს ვერ იხსენებს დეტალურად. ახსოვს, რომ მოუწოდა მშვიდად დაეტოვებინათ ტერიტორია, თვითონ კი კონფლიქტის გაგრძელების შესახებ იმ დღეს არაფერი გაუგია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ასევე გამოიკითხა პოლიციის ...ი ვ. მ-ი, რომელმაც 2019 წლის 11 იანვრის ახსნა - განმარტებაში მიუთითა, რომ 2016 წლის 7 მაისს იქეიფეს ქ. ...ში. სუფრის წევრებმა მიიღეს ალკოჰოლი. სუფრის მსვლელობისას მოხდა ინციდენტი, კერძოდ, ზ. ჩ-ემ შეიგინა სუფრის წევრების მიმართულებით, რადგან სადღეგრძელოს არ ისმენდნენ. აღნიშნულზე პრეტენზია გამოთქვა პ. ბ-მა. დასახელებულ პირებს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას. ვერ იხსენებს ზუსტად ზ. ჩ-ე საუბრობდა თუ არა უცენზუროდ. კონფლიქტის გაგრძელებას ან სხვა რამეს არ შესწრებია.

განსახილველ შემთხვევაში პრინციპულია ის გარემოება, რომ ზემოთ მითითებული სამი პირის მიერ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის მიცემული ახსნა - განმარტება და პირველ ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მიცემული განმარტებები ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, მოწმის სახით გამოძახებულმა პ. ბ-მა განმარტა, რომ მოსარჩელე ზ. ჩ-ესთან კონფლიქტის მიზეზი არ ჰქონია, არც ის ახსოვს, რომ მოსარჩელე ვინმესთან კონფლიქტში შესულიყო.

ასევე მოწმის სახით გამოძახებულმა ვ. მ-მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ზ. ჩ-ესთან დაკავშირებული ფაქტების შესახებ არაფერი იცის, არც უნახავს იქ რა ხდებოდა, გადმოცემით ფლობს გარკვეულ ინფორმაციას. როგორც იცის, სიტყვიერი შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, მართალია მის მიერ უკვე მიცემულ ახსნა-განმარტებაში სხვა რამე წერია, თუმცა შეიძლება სათვალე არ ჰქონდა და არც ახსოვს იქ რა ეწერა, სხდომაზე კი ადასტურებს, რომ ზ. ჩ-ეს არავისთვის უგინებია. მოწმის სახით გამოძახებულმა ზ. ს-მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოსარჩელე ზ. ჩ-ეს არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია არავისთვის.

მოწმეებმა მიუთითეს ისიც, რომ გენერალურ ინსპექციაში ზ. ჩ-ის მამხილებელი ჩვენებები კარნახით დააწერინეს. ამდენად, სამართალწარმოების ეტაპზე, ფაქტები, რომლებიც საფუძვლად დაედო მოსარჩელე ზ. ჩ-ის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენებას, უარყვეს იმ პირებმა, რომელთა ახსნა - განმარტებებსაც ეფუძნებოდა მიღებული გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს მართლწესრიგის დამცველ თანამდებობის პირთა ქცევის კოდექსზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ მართლწესრიგის დამცველმა თანამდებობის პირებმა, რომელთაც აქვთ მიზეზი იფიქრონ, მოხდა ან მოხდება ამ კოდექსის დარღვევა, ამის შესახებ უნდა აცნობონ ზემდგომ ორგანოებს და საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს. საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსი მიუთითებს, რომ პოლიციელმა უნდა მოახდინოს რეაგირება კოლეგის მხრიდან ეთიკის კოდექსის დარღვევაზე (2.12 პ.). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმები არის დამატებითი მტკიცებულება იმისი, რომ შს სამინისტროს თანამშრომელთა მიმართ მოქმედებს ქცევის განსაკუთრებული სტანდარტი, რამდენადაც პოლიციელის საქმიანობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სამსახურის ეფექტური საქმიანობა და საზოგადოების ნდობა უწყების და ზოგადად სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, რა პირობებშიც საშემსრულებლო დისციპლინა უნდა გამორიცხავდეს თანამშრომლების მხრიდან გადაცდომისათვის ხელის დაფარებისა და ურთიერთგამომრიცხავი და შეუსაბამო ჩვენებების მიცემის შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნული სტანდარტებიდან გამომდინარე, გაუგებარია კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ ჩვენება შს სამინისტროს თანამშრომლებმა შეცვალეს კოლეგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს მტკიცების ვალდებულებისაგან, რამდენადაც, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს ფაქტი, თუმცა სასამართლო ვერ ჩაანაცვლებს მხარეს და ვერ ივალდებულებს მტკიცების ტვირთს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში უკავშირდება ფაქტების დადგენას. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავას, რომელიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობა. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონი განსაზღვრავს, თუ რომელ მხარეს ეკისრება მტკიცებულებათა წარდგენა სასამართლოში, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, როგორ და რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვება, შემოწმება, შეფასება და ა.შ.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის I პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის შესაბამისად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, რაც მომდინარეობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მოთხოვნებიდან, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლი ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა ზ. ჩ-ის მიერ გათავისუფლების საფუძვლად მითითებული დისციპლინური გადაცდომის (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრეციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ჩადენის ფაქტს. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს და ვერ უზრუნველყო იმ უტყუარი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მხრიდან გადაცდომის ჩადენის ფაქტს.

საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, ის გარემოება, რომ პოლიციელის მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, არ გამორიცხავს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში დისციპლინური გადაცდომის ფაქტის დადგენის აუცილებლობას, რაც უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რისი დადასტურებაც კასატორმა ვერ შესძლო საქმის მიმდინარეობის ვერც ერთ ეტაპზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე