Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-11(კს-20) 4 მარტი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – გ. ნ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინება

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ნ-მა 2019 წლის 24 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 09 თებერვლის N6/7611 გადაწყვეტილებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 28 დეკემბრის N1-1/618 ბრძანების ბათილად ცნობა და ქალაქ რუსთავში, ...ოს N...-ში მდებარე პრივატიზებულ ობიექტზე, ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს დეპარტამენტის მომსახურების ცენტრზე რიცხულ - ... კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის გ. ნ-თან 1998 წლის 14 იანვარს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საგანზე - ქალაქ რუსთავში, ...ოს N...-ში მდებარე, ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს დეპარტამენტის მომსახურების ცენტრზე რიცხულ - ... კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დადასტურების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით გ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ნ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ივლისის განჩინებით, იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნას, კერძოდ, სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და მიეცა შვიდდღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. ამასთან, კანონით დადგენილი წესით აპელანტს განემარტა, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით გ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ივლისის განჩინების ასლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა აპელანტ გ. ნ-ს და 2019 წლის 5 ივლისს ჩაბარდა მის მეუღლეს.

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ივლისის განჩინებაში მითითებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად აპელანტს სასამართლოსთვის არ მიუმართავს, შესაბამისად, მან სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზი არ შეავსო, რის გამოც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2019 წლის 15 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ნ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში საკონტაქტო პირად მითითებული იყო აპელანტის წარმომადგენელი, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული წარმომადგენლობის უფლებამოსილების ფარგლები, მნიშვნელობა და ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაეგზავნა უშუალოდ წარმომადგენლისათვის. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მისი სახლში არყოფნის გამო, სასამართლოს გზავნილი ჩაბარდა მის მეუღლეს, რომელსაც წარმომადგენლისთვის არ უცნობებია განჩინების შესახებ. ოჯახის წევრი დარწმუნებული იყო, რომ სასამართლოს განჩინება საკონტაქტო პირს - წარმომადგენელსაც გაეგზავნებოდა.

კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან ხარვეზის დადგენის შესახებ 2019 წლის 1 ივლისის განჩინების ჩაბარების გარეშეც გადახდილი ჰქონდა სახელმწიფო ბაჟი, რაც ადასტურებს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ მიღებული განჩინების უსაფუძვლობას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ გ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს, რის გამოც არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. მითითებული კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ასევე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს - გ. ნ-ს მიეცა შვიდდღიანი ვადა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რათა თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. ამასთან, სააპელაციო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების ასლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე და 74-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, გაეგზავნა გ. ნ-ს, მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2019 წლის 5 ივლისს ჩაბარდა გ. ნ-ის ოჯახის წევრს - მეუღლეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის ათვლა 2019 წლის 6 ივლისიდან დაიწყო და 2019 წლის 13 ივლისს (პარასკევი) 24:00 საათზე ამოიწურა.

აღსანიშნავია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორს ხარვეზი განჩინებით დადგენილ ვადაში არ გამოუსწორებია. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. ნ-ს სააპელაციო სასამართლოსთვის არ მიუმართავს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების მოთხოვნით. გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორი ვერ მიუთითებს ისეთ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ვადის გაშვების საპატიო მიზეზის არსებობას და სწორედ საპატიო მიზეზის გამო ხარვეზის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შევსების შეუძლებლობას.

კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის მისთვის გზავნილის ჩაბარების ფაქტს. მან ხარვეზის შეუვსებლობის მიზეზად კერძო საჩივარში მიუთითა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს, რომელიც ვარაუდობდა, რომ განჩინების ასლი ასევე გაეგზავნებოდა წარმომადგენელს, თუმცა სასამართლომ არ განახორციელა წარმომადგენლის ინფორმირება.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზის გამოუსწორებლობა გამოიწვია ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების წარმომადგენლისათვის ჩაუბარებლობამ, ვინაიდან, განჩინების ჩაბარება განხორციელდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით და ამდენად, პროცესუალურ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. კერძოდ, მითითებული მუხლით განსაზღვრულია, რომ მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სასამართლო მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უგზავნის იმ გადაწყვეტილების, განჩინების ან ბრძანების ასლს, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. სხვა სასამართლო აქტების ასლები მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს გადაეცემათ მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, განმარტავს, რომ საქმის განხილვაში წარმომადგენლის მონაწილეობა არ ქმნის სავალდებულო და აუცილებელ პირობას იმისათვის, რომ სასამართლომ მხოლოდ წარმომადგენელთან კანტაქტის საფუძველზე აწარმოოს მხარის ინფორმირება. აღნიშნული ნორმის გამოყენებისას სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პროცესის მონაწილის უნარებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, თავად წყვეტს გზავნილის ადრესატის შერჩევის საკითხს. გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევისათვის საკმარისია, იგი ჩაბარდეს უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს, რა დროსაც, როგორც მხარე, ასევე მისი წარმომადგენელი აღჭურვილი არიან იდენტური საპროცესო უფლებებით და თითოეულს დამოუკიდებლად აქვს ამ უფლებების განხორციელების შესაძლებლობა.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან გ. ნ-ის ოჯახის წევრმა - მეუღლემ ჩაიბარა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, რაც ითვლება განჩინების მოსარჩელისთვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებად, ხოლო მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, გზავნილის მიმღების უსაფუძვლო მოლოდინი ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების დამატებით წარმომადგენლისათვის ჩაბარების აუცილებლობასთან დაკავშირებით, ვერ გახდება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა.

რაც შეეხება კერძო საჩივარში სახელმწიფო ბაჟის გადახდის თაობაზე მითითებულ პოზიციას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჩივრის წარმოებაში მიღების ერთ-ერთ წინაპირობად სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაწესება, ბაჟის გადაუხდელობის შემთხვევაში კი ხარვეზის დადგენა, ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და აღნიშნული არ ხელყოფს სასამართლო ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლებას. საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს საპროცესო ნორმებით, რა დროსაც საჩივრის ხარვეზიანობის შემთხვევაში, მხარისაგან წერილობითი მტკიცებულების წარდგენით მოითხოვს ხარვეზის შევსების დადასტურებას. ამდენად, მხოლოდ კერძო საჩივრის ავტორის განმარტება ბაჟის გადახდის თაობაზე, შესაბამისი მტკიცებულების - სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენის გარეშე, არ წარმოშობს ხარვეზის შევსებულად მიჩნევის საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის დაცვით მოხდა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გაგზავნა და ხარვეზის ვადაში გამოუსწორებლობის საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინების გამოტანა. სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, მიიღო დასაბუთებული განჩინება. შესაბამისად, გ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განჩინება გ. ნ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 64-ე, 70-ე, 74-ე, 368-ე, 374-ე, 399-ე, 414-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე