ბს-30 (კ-19) 12 მარტი, 2020 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხ. ი-მა 08.02.2017წ. სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ს. ი-ის მიმართ N...ა საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 09.09.2002წ. განხორციელებული პირველადი რეგისტრაციის და მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 22.08.2013წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 13.02.2017წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ს. ი-ი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 11.07.2017წ. გადაწყვეტილებით ხ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ს. ი-ის სახელზე 09.09.2002წ. განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით ...ა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 22.08.2013წ. N... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და საჭიროების შემთხვევაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანო გარდა იმისა, რომ ვალდებული იყო დაეცვა მასთან რეგისტრირებული მონაცემების უსაფრთხოება, მას ამავდროულად საქმის გარემოებები სრულყოფილად უნდა გამოეკვლია. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებეზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორი საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნავს, რომ გაურკვეველია სასამართლოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით თითქოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საფრთხე შეუქმნა რეგისტრირებულ მონაცემებს. კასატორი აღნიშნავს, რომ როგორც ს. ი-ას, ისე ლ. ი-ას საკუთრების პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 02.09.2002წ. გაცემული N1305 და N1307 საგადასახადო სიების საფუძველზე. სისტემური რეგისტრაციის განხორციელებით შედგენილი სააღრიცხვო ბარათი შეესაბამებოდა სადავო პერიოდში მოქმედ კანონმდებლობას, კერძოდ "მიწის რეგისტრაციის შესახებ" კანონსა და "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. ბრძანებულებას. კასატორი "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონის მე-2, მე-8, მე-9, 27-ე მუხლებზე და "საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის" მე-18 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ყველა ფაქტობრივი გარემოების შეფასებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები და არ არსებობდა სასამართლოს მიერ დავის გადასაწყვეტად სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროება. სასამართლო ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ დანაწესს იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტების კანონიერება სასამართლოს თავად უნდა დაედგინა. მარეგისტრირებელი ორგანო სადავო აქტების გამოცემისას მოქმედებდა კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით 06.09.2002წ. N1307 საგადასახადო სიის საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.059 ჰა მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) აღირიცხა ს. ი-ის საკუთრების უფლება. ამავე წელს გაცემული N1305 საგადასახადო სიის საფუძველზე 0.045 ჰა მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) და 0.061 ჰა მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) აღირიცხა ლ. ი-ის საკუთრების უფლება. მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 22.08.2013წ. N... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს. ი-ის განცხადება და დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით ს. ი-ის საკუთრებაში დარეგისტრირდა მარნეულში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 569 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ნაკვეთის წინა კოდად განისაზღვრა ...ა). მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 13.10.2013წ. N... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ი-ის მემკვიდრის ხ. ი-ის განცხადება და ხ. ი-ის საკუთრებად დარეგისტრირდა მარნეულში მდებარე 450 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ნაკვეთის წინა კოდად განისაზღვრა ...). ხ. ი-მა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მის საკუთრებაში რეგისტრირებული ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დასაზუსტებლად 07.09.2016წ. განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს, თუმცა განაცხადი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე წარდგენილი აზომვითი ნახაზით დაფიქსირდა ზედდება ს. ი-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხლების საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და ამის შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში ხ. ი-ის სარეგისტრაციო განაცხადის დაუკმაყოფილებლობის ძირითადი მიზეზი გახდა ს. ი-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ს. ი-ის საკუთრების უფლება აღრიცხული იყო ... საკადასტრო კოდზე, ხოლო დაზუსტების შედეგად მიწის ნაკვეთის წინა კოდად მიეთითა არა N... საკადასტო კოდი, არამედ N...ა კოდი. ამასთანავე, სარეგისტრაციო სამსახურმა ს. ი-ის N... განცხადება მიწის ნაკვეთის დაზუსტების თაობაზე თავდაპირველად შეაჩერა, იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი აზომვითი ნახაზით ს. ი-ის მიწის ნაკვეთი ხვდებოდა სისტემური რეგისტრაციის N... საკადასტო კოდით ლ. ი-ის სახელზე აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე, თუმცა ს. ი-ის მოთხოვნა მაინც დაკმაყოფილდა და მის სახელზე განხორციელდა დაზუსტებული რეგისტრაცია მას შემდეგ რაც სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ დამოწმებული მეზობლების თანხმობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც საჯარო რეესტრში დაცული იყო როგორც მიწის ნაკვეთების სააღრიცხვო ბარათები, ისე საკადასტრო რუკები, ხოლო ს. ი-ის მიერ მოთხოვნილი დაზუსტებული რეგისტრაციისას თავად სარეგისტრაციო სამსახურმა დააფიქსირა ლ. ი-ის სისტემურ კოდთან ზედდება, მხოლოდ მეზობლების დამოწმებული თანხმობით ადგილმდებარეობის დადგენა წარმოადგენდა არასაკმარის საფუძველს მიწის ნაკვეთის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით დასარეგისტრირებლად. შესაბამისად, საჯარო რეესტრს დაზუსტებული რეგისტრაციის განხორციელებისას ჰქონდა ვალდებულება შეემოწმებინა თუ რამდენად შეესაბამებოდა მასთან დაცულ მონაცემებს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზი და ისე მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეუძლებელია სადავო ადმინისტრაციული აქტების მატერიალური კანონიერების განსაზღვრა. ამდენად, აშკარაა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციების განხორციელებისას საჭირო იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში აქვს ფართო შესაძლებლობა დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთის გეოგრაფიული მდებარეობა, რაც საკითხის სპეციფიურობიდან გამომდინარე, სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციას განეკუთვნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.02.2019წ. N01734 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი