Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-31(კ-20) 4 მარტი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ჰ. ჰ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების (ნაწილის) ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

ჰ. ჰ-მა 2018 წლის 15 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 21 თებერვლის საგადასახადო სამართალდარღვევის N EL070157 ოქმის ბათილად ცნობა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 14 მარტის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე N5412 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 19 აპრილის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის ჰ. ჰ-ს ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჰ. ჰ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 21 თებერვლის საგადასახადო სამართალდარღვევის NEL070157 ოქმი, სანქციის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 14 მარტის N5412 ბრძანება, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, სანქციის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება (საჩივარი N5553/2/2018) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, სანქციის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში; სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა მოსარჩელე ჰ. ჰ-ისათვის ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების დაბრუნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ უდავოა ჰ. ჰ-ის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა, რადგან საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას ის შეეცადა განზრახ, მალულად შემოეტანა უაქციზო სიგარეტი, რითაც დაირღვა საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის მოთხოვნები. კასატორების მოსაზრებით, ჰ. ჰ-ის მიერ ჩადენილი გადაცდომა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების, აქციზური საქონლის მიმოქცევის სფეროში დამყარებული სამართლებრივი სტაბილურობის წინააღმდეგ, ანალოგიური სამართალდარღვევების მასშტაბმა მიაღწია ქვეყნისათვის არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი პრევენციის მიზნით აუცილებელია კანონით დადგენილი უმკაცრესი სახდელის გამოყენება. შესაბამისად, სამართალდარღვევის გამოვლენისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ კონკრეტული სახდელი შეარჩია თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. პასუხისმგებლობის შეფარდებული ზომა, კერძოდ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა, ჩადენილი დარღვევის თანაბარზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

კასატორებმა ასევე მიუთითეს, რომ ჰ. ჰ-ი საქართვლოს საზღვარზე არ გადაადგილდებოდა პირველად, სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე მას საქართველოს საბაჟო საზღვარზე უფიქსირდება ათჯერ შესვა/გასვლა, ამდენად, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მოქმედი საბაჟო პროცედურები, რაც არ იქნა გათვალისწინებული. შესაბამისად, არსებობდა ვარაუდი იმისა, რომ ავტომობილი მომავალშიც იქნება გამოყენებული არადეკლარირებული საქონლის მალულად გადასატანად, რამაც ასევე განაპირობა სანქციის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის სადახლო-საავტომობილოს უფლებამოსილმა პირმა ჰ. ჰ-ის მიმართ 2018 წლის 21 თებერვალს შეადგინა საგადასახადო სამართალდარღვევის NEL070157 ოქმი, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის მოსარჩელე დაჯარიმდა 1 000 (ათასი) ლარით, ჩამოერთვა არადეკლარირებული სიგარეტი და სატრანსპორტო საშუალება, რასაც არ დაეთანხმა მოსარჩელე და ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. აღნიშნული ნორმით დადგენილი სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის სამი სახის ღონისძიება - შეიძლება იყოს როგორც ალტერნატიული, ისე კუმულატიური, რომლის განსაზღვრაც ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება და მოიცავს ლეგიტიმური მიზნის შესაბამისი და პროპორციული პასუხისმგებლობის ზომის შერჩევას. საგადასახადო პასუხისმგებლობა უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებას, სამომავლოდ სამართალდარღვევის ჩადენის აცილებას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამართალდარღვევის შინაარსი, გამოწვეული ზიანი, სამართალდამრღვევი სუბიექტის პიროვნება და საგადასახადო ორგანომ უნდა იმოქმედოს საჯარო და კერძო ინტერესთა შორის პროპორციულობის პრინციპის დაცვით. „ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Nბს-1332-1317(კ-11)).

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სანქციის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გამოყენება სხვა სახის სახდელთან ერთად, რომელიც თავის მხრივ, ასევე საკუთრების უფლების ჩამორთმევას გულისხმობს, დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დარღვევების შემთხვევაში და მის გასამართლებლად არ არის საკმარისი კასატორების არგუმენტი მასშტაბურად გავრცელებული სამართალდარღვევის აღკვეთის მიზანთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და ითხოვა სანქციის შემსუბუქება. სანქციის შეფარდებისას ადმინისტრაციულ ორგანოს მხედველობაში უნდა მიეღო აღნიშნული გარემოება. ასევე საგულისხმოა, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას ყველაზე მკაცრი სანქციის გამოყენების აუცილებლობის თაობაზე. გასაჩივრებული აქტის გამოცემისას არ იქნა გათვალისწინებული საქონლის ოდენობა, მისი შემდგომი რეალიზაციით გამოწვეული სავარაუდო ზიანის მოცულობა, დამრღვევის პიროვნება, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესაძლო გავლენა მის ქონებრივ მდგომარეობაზე, ამდენად, საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდებისას დაირღვა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რაც მართებულად დაედო საფუძვლად სარჩელის დაკმაყოფილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე