Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

#ბს-83(კ-20) 31 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ქეთევან ცინცაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ქ-ა; ს. ქ-ა; მოპასუხეები - ქალაქ თბილისის მთავრობა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო).

2016 წლის 17 მარტს მ. ქ-ამ და ს. ქ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მთავრობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, საქართველოს მთავრობის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ. მოსარჩელეებმა ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 30 მაისის #13.11.510 დადგენილების, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის #1326 განკარგულების, საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 1 ივლისის 01/07/01 განკარგულების, მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ 2011 წლის 20 ივნისის ხელშეკრულების (ს/კ ...), 2011 წლის 8 ნოემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 თებერვლის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

2016 წლის 12 ივლისს მ. ქ-ამ და ს. ქ-ამ დაზუსტებული სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქალაქ თბილისის მთავრობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და გ. ა-ის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა შემდეგი: ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 30 მაისის #13.11.510 დადგენილებაში ცვლილების შეტანა იმ ფორმით, რომ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ ...; უძრავი ქონება მდებარე ...ა ...ში, 260 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა) გ. ა-ესთან ერთად საკუთრებაში გადაეცეს ს. ქ-ას და მ. ქ-ას; მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ 2011 წლის 20 ივნისის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და სადავო ქონების 1/2 იდეალური წილის 7150 ლარის კომპენსაციის გადახდის საფუძველზე მოსარჩელეებისათვის საკუთრებაში გადაცემა; 2011 წლის 8 ნოემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაცემულ საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში ცვლილების შეტანა და გ. ა-ესთან ერთად მესაკუთრეებად - მ. ქ-ას და ს. ქ-ას მითითება.

2016 წლის 8 ნოემბერს მოსარჩელეებმა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და გ. ა-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე ქალაქი თბილისი, ...ა ...ი, ...ის ქუჩა №18, დაზუსტებული ფართობი: 260.00კვ.მ, ს/კ ... ყადაღის დადება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ნოემბრის განჩინებით მ. ქ-ას და ს. ქ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა. განჩინება გასაჩივრდა მოსარჩელეების მიერ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის განჩინებით მ. ქ-ას და ს. ქ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმე გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით მ. ქ-ას და ს. ქ-ას საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის განჩინებით მოსარჩელეების მ. ქ-ასა და ს. ქ-ას განცხადება დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო გ. ა-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე ქალაქი თბილისი, ...ა ...ი, ...ის ქუჩა №18, დაზუსტებული ფართობი: 260.00კვ.მ, საკადასტრო კოდი: ..., მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ქ-ასა და ს. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ქ-ამ და ს. ქ-ამ. აპელანტებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ქ-ას და ს. ქ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ქ-ას და ს. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შევიდა ცვლილება ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის #13.11.510 დადგენილების #1 დანართში და პირებად, რომლებსაც ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ ..., მდებარე ...ა ...ში 260 კვ.მ მიწა და მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობა) პირდაპირი მიყიდვის წესით თანასაკუთრებაში გადაეცათ, გ. ა-ესთან ერთად მიეთითნენ ს. ქ-ა (პ/ნ ...) და მ. ქ-ა (პ/ნ ...); შევიდა ნაწილობრივი ცვლილება ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის 20.06.2011 წლის ხელშეკრულებაში და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის მყიდველად გ. ა-ესთან ერთად მიეთითა ს. ქ-ა და მ. ქ-ა; შევიდა ცვლილება თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2011 წლის 08 ნოემბერს გაცემულ საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში #პ-1060 და გ. ა-ესთან ერთად თანამესაკუთრედ მიეთითა ს. ქ-ა (პ/ნ ...) და მ. ქ-ა (პ/ნ ...).

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-ემ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკამყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა გასაჩივრების საფუძვლებს (კასაციის მიზეზები) და მასში პროცესუალური დარღვევების თაობაზე არ იყო მითითებული.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ასევე არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა არც ამონაწერი კასატორის ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ და არც იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ კასატორი საარსებო შემწეობის მიმღები პირია (რის თაობაზე კასატორი მიუთითებდა საკასაციო საჩივარში) და არც სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი.

ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით კასატორს – გ. ა-ეს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, იმდენ ასლად, რამდენი მხარეც არის საქმეში და საარსებო შემწეობის მიღების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი ან სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით, საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორის - გ. ა-ის წარმომადგენელს - შ. კ-ეს (მინდობილობა გაცემულია განუსაზღვრელი ვადით) და 2020 წლის 17 თებერვალს ჩაბარდა ადვოკატს - ლ. კ-ეს (პ/ნ ...) შ. კ-ისათვის გადასაცემად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს - გ. ა-ეს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2020 წლის 27 თებერვალს, რომელიც იყო სამუშაო დღე - ხუთშაბათი, ხოლო გ. ა-ის წარმომადგენელმა - შ. კ-ემ 2020 წლის 28 თებერვალს ... ფოსტის მეშვეობით მომართა საკასაციო სასამართლოს და ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარმოადგინა 2020 წლის 14 თებერვალს მომზადებული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი დარჩება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის - გ. ა-ის წარმომადგენელმა - შ. კ-ემ გაუშვა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების ვადა, ვინაიდან, ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადა 2020 წლის 27 თებერვალს (ხუთშაბათი) ამოიწურა, ხოლო განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ ... ფოსტის მეშვებოთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვალს ანუ ვადის დარღვევით წარედგინა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. ა-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-13 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე-61-ე მუხლებით, 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს გ. ა-ის საკასაციო საჩივარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე