Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-85(გ-20) 4 მარტი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა საქართველოს სპს „...ის“ სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სპს „...ამ“ 2019 წლის 12 დეკემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის - 4900 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება; 2015 წლის მარტის თვიდან 2019 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით - 8400 ლარის, ხოლო 2019 წლის ნოემბრის თვიდან წინამდებარე საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 150 ლარის მატერიალური ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით; ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის - 1700 ლარის ოდენობით ანაზღაურება; მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადასახდელი თანხის ანაზღაურება სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული თანხის 10%-ის ოდენობით, საშემოსავლო გადასახადის გარეშე; მოსარჩელის მიერ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის ჩატარებისთვის გადახდილი თანხის - 150 ლარის, შპს „...ი“ ექსპერტიზის ჩატარებისთვის გადახდილი თანხის - 480 ლარისა და მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის საკომისიოს - 0.9 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2011 წლის 24 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე ყადაღა დაედო სპს „...ის“ ქონებას. მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნდა ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით ..., რომელიც 2013 წლის 12 სექტემბერს საპატრულო პოლიციამ გადაიყვანა საჯარიმო სადგომზე, ზესტაფონში. ქვემო ქართლის აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2013 წლის 28 ოქტომბერს მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა 2013 წლის 24 სექტემბრის დაყადაღების აქტში ჩამოთვლილი ქონების რეალიზაცია. აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამასთანავე, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შემოსავლების სამსახურს დაევალა ადმინისტრაციული წარმოების დაწყება გადასახადის გადამხდელის მიმართ დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით. მოსარჩელემ 2015 წლის 13 იანვარს განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 თებერვლის №4083 ბრძანებით სპს „...ის“ პირადი აღრიცხვის ბარათზე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განხორციელდა 2014 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული, 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანებისა და მასზე დარიცხული საურავის ჩამოწერა.

მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის აპრილის დასაწყისში კომპანიის დირექტორისათვის - გ. ც-ისათვის ცნობილი გახდა, რომ მიუხედავად შემოსავლების სამსახურის მიერ დავალიანების ჩამოწერისა, რის თაობაზეც ინფორმირებული იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო, იძულებითი აღსრულება საზოგადოების ქონების მიმართ მაინც განხორციელდა და ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 04 მარტის №A15000202-010/001 განკარგულებით მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთი - ... სატვირთო ფურგონი ნატურით გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში.

მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მართალია, მისი სარჩელის საფუძველზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2015 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად არის ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 4 მარტის №A15000202-010/001 განკარგულება და მოპასუხის მიერ განხორციელდა შესაბამისი მიმართვა მოძრავი ნივთის მესაკუთრისათვის დაბრუნების მოთხოვნით, მაგრამ მან ვერ მოახერხა ავტომობილის დაბრუნება. ზესტაფონის საჯარიმო სადგომის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის დაბრუნებაზე მომსახურების საფასურის (20 972 ლარი) გადაუხდელობის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხის უკანონო გადაწყვეტილებით მიადგა მატერიალური ზიანი და ითხოვს მის ანაზღაურებას.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ განიხილა რა ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნები და მათი სამართლებრივი საფუძველი, 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინებით სპს „...ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგი მოტივაციით: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს, შესაბამისად, ტერიტორიული ორგანოს მიერ შესრულებული ქმედებებიდან გამომდინარე შესაძლო ვალდებულებების წარმოშობასთან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს არა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანო, არამედ თავად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, რომლის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებით სპს „...ის“ სარჩელი, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, საქმის მასალებთან ერთად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია დავის ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ისეთი კრიტერიუმების შეფასება, როგორიცაა მოპასუხე სუბიექტი, ვის მიმართაც წარდგენილია სასარჩელო მოთხოვნა და მისი ადგილმდებარეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ აღსასრულებელ გადაწყვეტილებებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით უშუალოდ აღასრულებენ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე – აგრეთვე აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირები და აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორები. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო არ არის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეული, არამედ იგი არის ტერიტორიული ორგანო, რომელიც ახორციელებს სააღსრულებო წარმოებას. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ საქმეზე მოპასუხე სუბიექტი არის არა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, არამედ - ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო, რომლის ადგილსამყოფელია ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზ. N29, რის გამოც საქმეზე განსჯად სასამართლოდ დაასახელა რუსთავის საქალაქო სასამართლო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით სპს „...ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება რუსთავის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად დადგენილია სარჩელის წარდგენის ვალდებულება განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. აღნიშნული დანაწესის შესრულება უზრუნველყოფს არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის თავიდან არიდებას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძვლების გამორიცხვას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის წესების მიხედვით დავების განაწილება უზრუნველყოფს როგორც პროცესის ეკონომიურობისა და ოპერატიულობის პრინციპთა რეალიზაციას, ასევე სასამართლოების თანაბარ დატვირთვას, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს განსახილველი დავის თავისებურებები. მათ შორის, ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადაწყვეტის ზოგადი წესი მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, რომლის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.

მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე მოპასუხედ დასახელებულია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო, რომელიც წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს. ერთი ადმინისტრაციული ორგანოს შემადგენლობაში არსებული ტერიტორიული სამსახურის მიერ განხორციელებული ქმედების ან/და ადმინისტრაციული აქტის კანონიერების თაობაზე წარდგენილ სარჩელზე ტერიტორიული განსჯადობის საკითხის განხილვისას კი, ყურადღება უნდა მიექცეს საჯარო მმართველობის განხორციელების ფორმასა და პრინციპებს, ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიული დაყოფის მიზნებს და ამ ორგანოს შემადგენლობაში არსებული ტერიტორიული სამსახურისათვის მისივე დებულებით დაკისრებულ უფლებამოსილებებს, რაც კონკრეტული დავის თავისებურებების გათვალისწინებით, წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას განსჯადი სასამართლოს განსაზღვრისათვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის პირველი წინადადების თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით. ანალოგიურ დათქმას შეიცავს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ტერიტორიული ორგანოების - სააღსრულებო ბიუროების სისტემას, დებულებებს და საშტატო ნუსხას განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით. აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს დებულების მე-9 მუხლის თანახმად, ბიუროს ძირითადი მიზანია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მითითებული აღსასრულებელი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა და მოქმედი კანონმდებლობით ან ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ისეთი დამატებითი საქმიანობის განხორციელება, რომელიც თავსებადია მის ძირითად ფუნქციასთან, მიმართულია პირთა უფლებების დადასტურებისა და დაცვის უზრუნველყოფისაკენ და მიზნად ისახავს მართლმსაჯულების განტვირთვას, ხოლო ამავე დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს ადგილსამყოფელია ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზ. 29.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ნორმები სასამართლოს აძლევს საფუძველს დასკვნისათვის, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შემადგენლობაში არსებული ტერიტორიული ორგანოები სრულად არიან აღჭურვილი სააღსრულებო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებით. ტერიტორიული ორგანოების ამგვარი ფუნქციური დატვირთვა, ერთი მხრივ, განპირობებულია სწორედ პირთა უფლებების დადასტურებისა და დაცვის აუცილებლობით, რათა შესაძლებელი იყოს აღსასრულებელი აქტების დროული და ეფექტური აღსრულება. მეორე მხრივ კი, ემსახურება იმ მიზანს, რომ მხოლოდ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში (თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კმ.) არ მოხდეს დავების თავმოყრა, არ შეფერხდეს მართლმსაჯულების განხორციელება როგორც უშუალოდ სააღსრულებო საქმიანობის განხორციელების პროცესში, ასევე - სასამართლოში, იმ სარჩელებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია ტერიტორიული ორგანოს მიმართ და დავის საგანია მისი უკანონო ქმედებიდან გამომდინარე წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონიდან გამომდინარე დავების განსჯადობის განსაზღვრისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინონ თუ რას ხდის სადავოდ მოსარჩელე - აღმასრულებლის ქმედებას, თუ უშუალოდ იძულებით აუქციონს ან/და განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ, რაც არსებითად ცვლის სასამართლოს განსჯადობას, რამეთუ პირველ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს წარმოადგენს აღმასრულებელი, რომლის ადგილსამყოფელი ემთხვევა ტერიტორიული ორგანოს ადგილსამყოფელს და მასზე ვრცელდება იმ სასამართლოს იურისდიქცია, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანო. მე-2 შემთხვევაში მოპასუხეა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო, რომლის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, რაც განაპირობებს აღნიშნული კატეგორიის დავების თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის დაქვემდებარების“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განჩინება საქმეზე Nბს-2(გ-20)).

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი სარჩელით სპს „...ა“ ითხოვს მისთვის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. როგორც საქმიდან მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელის ინტერესს წამოადგენს საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის - ავტოსატრანსპორტო საშუალების მისი მფლობელობიდან უსაფუძვლოდ გასვლით მიყენებული ზიანის ანაზღაურება ნივთის ღირებულებისა და მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრებით. სპს „...ა“ ზიანის მიყენების ფაქტს უკავშირებს იმ გარემოებას, რომ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებით მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთი ამ დრომდე იმყოფება საჯარიმო სადგომზე და ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურომ ვერ უზრუნველყო მისი დაბრუნება, ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომზე დგომის ხარჯის გადაუხდელობის გამო.

ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს მიერ შესრულებული საქმიანობიდან გამომდინარე, შესაძლო ვალდებულების წარმოშობის ადრესატს კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო. საკასაციო პალატა ითვალისწინებს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულმა ორგანომ - ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურომ, მისი დებულების შესაბამისად, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების შედეგად განახორციელა სააღსრულებო წარმოება და მოსარჩელე სწორედ ტერიტორიული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების უკანონობაზე მითითებით ითხოვს ზიანის ანაზღაურებას. შესაბამისად, საქმეზე დასახელებული მოპასუხის, მოსარჩელის ინტერესის, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო (იურიდიული მისამართია: რუსთავი, მეგობრობის გამზ. №29), რომელსაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს რუსთავის საქალაქო სასამართლო.

საკასაციო პალატა ასევე მართებულად მიიჩნევს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის №ბს-301-297(გ-14) განჩინებაზე მითითებით გაკეთებულ შეფასებას, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ განჩინებაში განვითარებული მსჯელობა გამოიწვევს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ნებისმიერი ტერიტორიული სააღსრულებო ორგანოს მიმართ დაწყებული დავების თბილისის საქალაქო სასამართლოსადმი დაქვემდებარებას, რაც გულისხმობს დედაქალაქში დავების კონცენტრირებას, აღნიშნული კი, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ხელს შეუშლის ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას დავის რუსთავის საქალაქო სასამართლოსადმი კუთვნილების შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სპს „...ის“ სასარჩელო მოთხოვნები ზიანის ანაზღაურების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სპს „...ის“ სარჩელი, მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე