საქმე №ბს-726(კ-19) 5 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - მ. ფ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ფ-ემ 2017 წლის 14 ივლისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ ა. ა-ის საფლავის კეთილმოწყობის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის 2017 წლის 16 ივნისის N04-01171671925 წერილის ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მერიისთვის 2014 წლის მაისის თვეში გარდაცვლილი პ. ხ-ის საფლავის კორექტირების უზრუნველყოფის დავალება მოითხოვა, იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს ა. ა-ის საფლავის კეთილმოწყობა, მის მიერ წარდგენილი ქ. თბილისის მთავრობისმიე მოწონებული პროექტის შესაბამისად. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ქ. თბილისის მთავრობის 2014 წლის 27 ივნისის N17.17.794 დადგენილებისა და მის მიერ წარდგენილი პროექტის შესაბამისად ქ. თბილისის მერიიისათვის ... ა. ა-ის საფლავის კეთილმოწყობის დავალება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 16 ივნისის N04-01171671925 წერილის ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მთავრობის 2014 წლის 27 ივნისის N17.17.794 დადგენილებისა და მ. ფ-ის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით მოპასუხისათვის ა. ა-ის საფლავის კეთილმოწყობის უზრუნველყოფის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ფ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ფ-ემ. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სარჩელს და სააპელაციო საჩივარს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან მერიის ადმინისტრაციის 2016 წლის 15 ივლისის №6/1874141 წერილის, მ. ფ-ის 2016 წლის 1 ივლისის №235045/11 განცხადების, მ. ფ-ის 2014 წლის 7 აგვისტოს №12/14219607-1 განცხადების, ა. ა-ის საფლავის კეთილმოწყობის შესახებ ინფორმაციისა და საფლავის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვა, ასევე, ა. ა-ის საფლავის პროექტის სტანდარტებთან შესაბამისობისა და ა. ა-ის საფლავის მ. ფ-ის მიერ წარდგენილი პროექტის შესაბამისად კეთილმოწყობის შესაძლებლობის შესახებ ექსპერტიზის დანიშვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მაისის განჩინებით მ. ფ-ის შუამდგომლობები ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან მერიის ადმინისტრაციის 2016 წლის 15 ივლისის №6/1874141 წერილის, მ. ფ-ის 2016 წლის 1 ივლისის №235045/11 განცხადების, მ. ფ-ის 2014 წლის 7 აგვისტოს №12/14219607-1 განცხადების, ა. ა-ის საფლავის კეთილმოწყობის შესახებ ინფორმაციისა და საფლავის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვის, ასევე, შუამდგომლობა ა. ა-ის საფლავის პროექტის სტანდარტებთან შესაბამისობისა და ა. ა-ის საფლავის მ. ფ-ის მიერ წარდგენილი პროექტის შესაბამისად კეთილმოწყობის შესაძლებლობის შესახებ ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილი დისპოზიციურობისა და შეჯიბრობითობის პრინციპების გათვალისწინებით წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად მტკიცების ტვირთის განაწილებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების იმავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შეფასების საფუძველზე გამოიტანა გადაწყვეტილება. ამასთან, საგულისხმოა, რომ სამართალწარმოების პროცესში სასამართლო შეზღუდულია საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებით დაეხმაროს მხარეებს სასურველი შედეგის მიღწევაში, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეგროვების უფლებამოსილება რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლით. თუმცა მხოლოდ კონკრეტული მხარის სასარგებლოდ და საპირისპირო მხარის წინააღმდეგ სასამართლოს ინიციატივით მტკიცებულებების მოპოვება არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ სამართლიანი და მიუკერძოებელი საქმის განხილვის უფლებას, რამდენადაც ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის შესაბამისად (სასკ-ის მე-19 მუხლი), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. სწორედ აღნიშნული მიზნის მისაღწევად არის სასამართლოს უფლებამოსილება და არა ვალდებულება დადგენილი, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული ხარვეზები არსებითი შინაარსისა და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებების - გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტის შემთხვევაში უფლების ეფექტური დაცვის უზრუნველსაყოფად საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს მტკიცებულებები. ამასთან, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოს მიერ განხორციელება და ადმინისტრაციული წარმოების სრული ჩანაცვლება, რასაც ფაქტიურად მ. ფ-ე სასამართლოსგან ითხოვს სამართალწარმოების პროცესში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. ფ-ის მეუღლე - ა. ა-ი გარდაიცვალა ... წლის ... ...ს და დაიკრძალა ... პანთეონში. ქ. თბილისის მთავრობის 2014 წლის 27 ივნისის N17.17.794 დადგენილებით მოწონებულ იქნა ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მიერ წარდგენილი საკითხი გამოჩენილი ქართველის ...ისა და საზოგადო მოღვაწის - ა. ა-ის საფლავის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით და ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციას შესაბამისი საფლავის კეთილმოწყობის უზრუნველყოფა 2014 წლის ბიუჯეტით „ქალაქგაფორმებითი ღონისძიებებისათვის“ გათვალისწინებული ასიგნებებიდან დაევალა. ა. ა-ის საფლავის კეთილმოწყობისათვის მ. ფ-ემ ქ. თბილისის მერიას წარუდგინა საფლავის პროექტი, რომელიც შეუსაბამო აღმოჩნდა მოსაწყობ ფართობთან - პანთეონში ა. ა-ის დაკრძალვის ადგილზე არსებული სივრცე არ იყო საკმარისი პროექტის განხორციელებისათვის, პროექტის კორექტირებაზე კი მ. ფ-ემ უარი განაცხადა. აღნიშნულ საფუძველზე მითითებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის 2017 წლის 16 ივნისის N04-01171671925 წერილით მ. ფ-ეს განემარტა, რომ ა. ა-ის საფლავის კეთილმოწყობა მხოლოდ კორექტირებული პროექტის შეთანხმების პირობებში განხორციელდებოდა.
მ. ფ-ემ სარჩელით მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის 2017 წლის 16 ივნისის N04-01171671925 წერილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა განცხადება ა. ა-ის საფლავის კეთილმოწყობის თაობაზე; დაევალოს ქ. თბილისის მერიას უზრუნველყოს 2014 წლის მაისის თვეში გარდაცვლილი პ. ხ-ის საფლავის კორექტირება, იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს ა. ა-ის საფლავის კეთილმოწყობა, მის მიერ წარდგენილი ქ. თბილისის მთავრობის მოწონებული პროექტის შესაბამისად; დაევალოს ქ. თბილისის მერიას განახორციელოს ... ა. ა-ის საფლავის კეთილმოწყობა ქ. თბილისის მთავრობის 2014 წლის 27 ივნისის N17.17.794 დადგენილებისა და მის მიერ წარდგენილი პროექტის შესაბამისად. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის რეალიზაციის საფუძველს ქმნის აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ქალაქ თბილისის მთავრობის 2014 წლის 27 ივნისის №17.17.794 დადგენილება, რომლის შესრულება ვერ განხორციელდა სხვა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 6 მაისის №18.29.527 განკარგულების ფაქტობრივი შესრულების გამო. განსახილველ შემთხვევაში არსებობს კონკურენცია აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებებს შორის, რომელთაგან ერთი უფლების რეალიზაცია განხორციელებულია, ხოლო მ. ფ-ე ითხოვს რეალიზებული უფლების - 2014 წლის მაისის თვეში გარდაცვლილი პ. ხ-ის საფლავის კორექტირებას. საგულისხმოა, რომ საფლავის კორექტირება, მისი ერთიანი კონსტრუქციიდან გამომდინარე შესაძლოა მოითხოვდეს საფლავის ხელახლა მოწყობის სამუშაოების განხორციელებას. მნიშვნელოვანია, რომ უკვე აღსრულებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, რეალიზებული უფლების უკანონოდ ცნობის შესაძლებლობა შეზღუდულია საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ფორმით პროექტის დამტკიცება ასევე შეუძლებელია, მ. ფ-ის მიერ წარდგენილი პროექტის განხორციელების შესახებ საკითხის განხილვისას - 2017 წლის 16 ივნისს „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-103 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ რეგულაციებთან პროექტის შეუსაბამობის გამოც. თუმცა, პროექტის ნორმატიულ აქტით გათვალისწინებულ წესთან შესაბამისობაში მოყვანის შემთხვევაში, არსებობს ქალაქ თბილისის მთავრობის 2014 წლის 27 ივნისის №17.17.794 დადგენილებით გათვალისწინებული უფლების შესრულების ვალდებულება.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. კასატორის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი და აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე