გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 207-აპ 12 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
ნ. გაბრიჩიძე (მომხსენებელი),
თ. ლალიაშვილი
განიხილა მარნეულის რაიონული პროკურორის მოადგილის _ ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2005წ. 17 თებერვლის დადგენილება ბ. გ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით ბ. გ-ეს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2004წ. თებერვლიდან ბ. გ-აძე მუშაობდა “---ის” მენეჯერის მძღოლად. 2004წ. 16 სექტემბერს, დაახლოებით 20 საათზე, თავის ნაცნობებთან, თეთრიწყაროს რაიონის სოფ. --- მცხოვრებ დ. და გ. გ-ებთან ერთად სოფ. --- გაემგზავრა ამავე ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული “ტოიოტა-პრადოს” მარკის ა/მანქანით, რომელსაც თავად მართავდა კომპანია “---ის” პროექტის მენეჯერ ვ. ჯ-ის მდივნის _ ნ. ხ-ის ქ. თეთრიწყაროში წასაყვანად. ბ. გ-ის დაჟინებული მოთხოვნით მათ შეიარეს სოფ. --- მცხოვრებ გ-ების ოჯახში, სადაც ვახშმობისას მან დალია ღვინო. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ბ. გ-აძე და ნ. ხ-ლი აღნიშნული ა/მანქანით გაემართნენ თეთრიწყაროს მიმართულებით. მგზავრობისას მთვრალმა ბ. გ-ემ განიზრახა, ძალადობით დაემყარებინა სქესობრივი კავშირი ნ. ხ-თან და დაახლოებით 23 საათზე თეთრიწყაროს შესასვლელთან ცენტრალური გზიდან გადაუხვია “სამების ტყისკენ” და დაადგა ტყის სიღრმეში შემავალ გზას. ბ. გ-ემ გააჩერა ა/მანქანა, გაშალა წინა, მარცხენა სავარძლის საზურგე, სადაც იჯდა ნ. ხ-ლი და, ხანგრძლივი წინააღმდეგობის მიუხედავად, ნ. ხ-თან დაამყარა სქესობრივი კავშირი.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2005წ. 17 თებერვლის დადგენილებით, დაზარალებულთან შერიგების გამო, ბ. გ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა.
აღნიშნული დადგენილება თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 აპრილის განჩინებით დარჩა უცვლელად.
მარნეულის რაიონული პროკურორის მოადგილე ლ. ა-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განჩინების გაუქმებას და საქმის გადაცემას ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის.
პალატის სხდომაზე პროკურორმა პ. მ-ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
ადვოკატმა ა. ჭ-ამ ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ განჩინება მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შესახებ საქმეები აღიძვრება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით, რომელსაც დაზარალებული გადასცემს პროკურორს. ეს საქმე წარმოებს საერთო წესით და ბრალდებულთან შერიგების გამო არ წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმის შემდგომმა გამოძიებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც დაზარალებულს, ისე ბრალდებულს.
საქმის მასალებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებული ნ. ხ-ლი პროცესზე არ გამოცხადდა. მან სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომელშიც უთითებდა, რომ განსასჯელს, ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, აპატია ჩადენილი დანაშაული და ბ. გ-ის მიმართ გამოტანილ განაჩენზე პრეტენზია არ გააჩნია. განცხადებით მიმართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს ნ. ხ-ის დედამაც; იგი ითხოვდა ბ. გ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, ვინაიდან მისი შვილი აპირებდა დაქორწინებას და საქმის განხილვის შემდგომი გაგრძელება ხელს შეუშლიდა მის მომავალს.
საქმის საკასაციო წესით განხილვისას ბ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ჭ-ამ წარმოადგინა ნ. ხ-ის დედის ნოტარიულად დამტკიცებული განცხადება, რომლითაც ის ითხოვს ბ. გ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, ვინაიდან მისი შვილი დაქორწინდა და საქმის განხილვის შემდგომი გაგრძელება ხელს შეუშლის მის მომავალს.
ამდენად, საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად პალატა თვლის, რომ განჩინება მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 აპრილის განჩინება ბ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.