გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 304-აპ 20 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე (მომხსენებელი),
ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. ხ-ლი თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომელსაც ბრალი დაედო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჩადენაში. სასამართლომ მას სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 3 დღის ვადით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რაც, წინასწარ პატიმრობაში გატარებული ვადის შესაბამისად, ჩაეთვალა მოხდილად და გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.
განაჩენის მიხედვით რ. ხ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2001წ. 24 აგვისტოს, დაახლოებით 22 საათსა და 30 წუთზე, რ. ხ-ლი, მთვრალ მდგომარეობაში იმყოფებოდა რა რკინიგზის სადგურ ზესტაფონის ვაგზლის ტერიტორიაზე, შეხვდა მისთვის უცნობ ი. ხ-ეს, რომელსაც გამოესაუბრა და მათ შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს მსჯავრდებულმა რ. ხ-მა მოულოდნელად დაარტყა მას მჩხვლეტავი, მჭრელი საგანი მუცლის არეში, რის შემდეგაც იგი გაიქცა და შემთხვევის ადგილზე მიატოვა დაზარალებული ი. ხ-ძე. ამ ქმედებით რ. ხ-მა დაზარალებულ ი. ხ-ლს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
აღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულმა რ. ხ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით ქუთაისის საოლქო სასამართლოში. საჩივრით იგი ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, ხოლო მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, ეყრდნობა რა არასარწმუნო მტკიცებულებებს, რეალურად არ ასახავს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ განიხილა მსჯავრდებულ რ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი და, არ გაიზიარა რა საჩივრის მოტივები, უსაფუძვლოდ მიიჩნია იგი, რის გამოც 2004წ. 12 ივლისის განაჩენით თერჯოლის რაიონული სასამართლოს მიერ 2004წ. 19 აპრილს გამოტანილი განაჩენი დატოვა უცვლელად.
მსჯავრდებულმა რ. ხ-მა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც იგი ითხოვს ამ განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას გამამართლებელი საფუძვლით, ამასთან, საამისოდ იგი მიუთითებს იმავე მოტივებზე, რაც აღნიშნული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში.
პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულმა რ. ხ-მა და მისმა დამცველმა, ადვოკატმა რ. ლ-ემ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
დაზარალებულმა ი. ხ-ემ და მისმა დამცველმა, ადვოკატმა მ. მ-ემ მხარი არ დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს, რომ კასატორს უარი ეთქვას მისი საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელად.
პროცესში მონაწილე პროკურორმა გ. ჩ-ემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ რ. ხ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად, ხოლო კასატორს უარი ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების გამოკვლევისა და მხარეთა მოსმენის შემდეგ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა იმის უდავოდ დადასტურება, რომ ნამდვილად მსჯავრდებულმა რ. ხ-მა მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება დაზარალებულ ი. ხ-ეს. რაიონული და სააპელაციო სასამართლოები თავიანთ გადაწყვეტილებებში ძირითადად ეყრდნობიან დაზარალებულ ი. ხ-ის ჩვენებას, აგრეთვე ზესტაფონის რკინიგზის სადგურზე მყოფი მორიგე პოლიციელების ჩვენებებს, რომლებიც მიუთითებენ რ. ხუციშვილზე, როგორც ზემოაღნიშნული ქმედების ჩამდენზე, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. მომხდარ შემთხვევამდე რ. ხ-ლი და ი. ხ-ძე ერთმანეთს არ იცნობდნენ, ხოლო როდესაც პოლიციის მუშაკებმა რ. ხ-ლი დააკავეს როგორც ეჭვმიტანილი პირი, არ ჩაატარეს დაზარალებულის მიერ მისი ამოცნობა საპროცესო კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ასევე არ ჩატარდა მისი ამოცნობა პოლიციის იმ თანამშრომლების მიერ, რომელთა თქმით, მათ შენიშნეს რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი და ერთმანეთთან მოკამათე დაზარალებული და მსჯავრდებული. მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად ვერ დგინდება, მსჯავრდებული ხ-ლი ნამდვილად იმ დროს იმყოფებოდა თუ არა რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე, როდესაც დაზარალებული ი. ხ-ლი დაჭრეს.
რაც შეეხება იმას, რომ ხ-ლი ხელს აწერს მისი დაკავებისას პოლიციის ორგანოში მისი სახელით შედგენილ ახსნა-განმარტებას, რომელშიც ამხელს თავის თავს დანაშაულის ჩადენაში, უნდა აღინიშნოს, რომ შემდგომში იგი მთლიანად უარყო მან ეჭვმიტანილად ცნობის დროს პირველი დაკითხვისას, ხოლო მისი საპროცესო უფლებები უხეშად იქნა დარღვეული როგორც მისი დაკავებისას, ისე ბრალდებულად ცნობის დროს. თვით დაზარალებულ ი. ხ-ის მიერ თავის ჩვენებებში დასახელებული მოტივი, რის გამოც მას თითქოსდა კონფლიქტი მოუხდა რ. ხ-თან, პალატის აზრით, ერთობ არადამაჯერებელია. შემთხვევითი არ არის ის გარემოებაც, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება რ. ხ-ის მიმართ ძალზე გაჭიანურდა, რომელიც არაერთხელ იყო დაბრუნებული დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად და ხელახალი სასამართლო განხილვისათვის. აღსანიშნავია, რომ რ. ხ-ის მიმართ განაჩენის დამდგენმა სასამართლომ გამოიტანა კერძო დადგენილება, სადაც მითითებულია წინასწარი გამოძიების ეტაპზე დაშვებული უამრავი და უხეში საპროცესო დარღვევების შესახებ.
ასეთ პირობებში პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ რ. ხ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება მის მიერ დაზარალებულ ი. ხ-ისათვის სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების თაობაზე რჩება ისეთ ვარაუდად, რომელიც მოკლებულია უტყუარ და საკმარისი მტკიცებულებებით დადასტურებულ საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას ჯეროვანი სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ რ. ხ-ს ბრალდების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არასათანადო მტკიცებულებებზე იყო დამყარებული, რის გამოც დაუდასტურებელი ეჭვი უნდა გადაეწყვიტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნას წარმოადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ რ. ხ-ის მიმართ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2004წ. 12 ივლისს გამოტანილი განაჩენი არის უსაფუძვლო, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე რ. ხუციშვილის მიმართ შეწყდეს საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ივლისის განაჩენი რ. ხ-ის მსჯავრდების თაობაზე გაუქმდეს, ხოლო მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდეს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.