საქმე №ბს-1036(კ-19) 05 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ჯ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ჯ-ემ 2018 წლის 19 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 04 ივლისის N1651 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალება და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2018 წლის 01 ივნისიდან მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებამდე ზიანის სახით საცხოვრებელი ბინის ქირისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების დავალება.
2018 წლის 20 დეკემბრის სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ მიუთითა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 04 ივლისის N1651 ბრძანება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მ. ჯ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მ. ჯ-ის სასარგებლოდ, ზიანის სახლით საცხოვრებელი ბინის ქირისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2018 წლის 01 ივნისიდან მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 04 ივლისის N1651 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი აქტის გამოცემა, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. სააგენტოს მიერ ჩატარდა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებები ზედმიწევნით იქნა შესწავლილი სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს, საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც სადავო აქტის კანონიერებას და დასაბუთებულობას ადასტურებს. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს შეუზღუდავად მიუწვდება ხელი თავისსავე გასხვისებულ უძრავ ქონებაზე. აღნიშნული ქონების სხვა პირზე ფორმალური გასხვისება ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - მოსარჩელე წარმოეჩინა საცხოვრებლის არმქონედ. მოსარჩელემ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე სამინისტროს მიმართა 2015 წლის 28 მარტს. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ. ჯ-ემ ბინა 2015 წლის 19 მარტს - სამინისტროში განაცხადის შეტანამდე რამდენიმე დღით ადრე გაასხვისა თავისსავე ნათესავზე, რაც ადასტურებს გარიგების ფიქტიურობას.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე რეალურად უზრუნველყოფილია საცხოვრებელი ფართით, რომელიც მართალია ფორმალურად მის საკუთრებას აღარ წარმოადგენს, მაგრამ ეს ფორმალური გარემოება არის ხელოვნურად შექმნილი. აღნიშნულის გამო, მისი საცხოვრებლით დაკმაყოფილება უნდა მოხდეს არა გადაუდებლად და დაუყოვნებლივ არამედ ნორმატივებით გათვალისწინებულ შემდეგ ეტაპებზე, მას შემდეგ რაც დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომლებსაც ნამდვილად არ აქვთ თავშესაფარი. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ფაქტის არარეალურობას საქმეში არსებული სხვა გარემოებებიც ადასტურებს. კერძოდ, მოსარჩელე განმარტავს, რომ ბინის გასხვისების შემდეგ იგივე საცხოვრებელი იქირავა ახალი მესაკუთრისაგან, თუმცა ბინის ქირავნობის ხელშეკრულება უძრავი ქონების გასხვისებამდე ერთი კვირით ადრე გაფორმდა. ამასთანავე, განსხვავებული ვერსიებია მოწოდებული ბინის გასხვისების საჭიროებასთან დაკავშირებით, რაც ამ ფაქტის არარეალურობას ადასტურებს.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოქმედი ნორმატივების თანახმად, საცხოვრებელი ფართებით, პირველ რიგში, უნდა დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომლებიც მოწყვლად კატეგორიას წარმოადგენენ, მაგალითად, მარტოხელა მშობლები. 2018 წლის 2 მაისს ჩატარებული მონიტორინგის მასალების თანახმად, მოსარჩელემ სამინისტროს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისი შვილის ბიოლოგიური მამა არის არადევნილი, ცხოვრობს თბილისში, არ აკითხავს შვილს და არ აქვს მათთან ურთიერთობა, თუმცა იმავე წლის 1 ივნისს მ. ჯ-ის სახლში განხორციელბული დამატებით მონიტორინგის დროს გამოირკვა, რომ ბინაში იმყოფებოდა განმცხადებლის შვილის მამა, რომელიც მოსარჩელის განმარტებით, მათთან იმყოფებოდა ბოლო 3 დღის განმავლობაში. ამდენად, მოსარჩელე ცდილობდა სამინისტროს შეცდომაში შეყვანას და მისი ეკონომიური და ყოფითი მდგომარეობის ხელოვნურად დამძიმებას.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად, კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 აგვისტოს განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო აქტის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ მ. ჯ-ე რეალურად ცხოვრობს თავისსავე გასხვისებულ სახლში და მოცემულ ეტაპზე არ საჭიროებს გრძელვადიანი საცხოვრებილით უზრუნველყოფას.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით უტყუარად არ დასტურდება, რეალურად აქვს თუ არა მ. ჯ-ეს საცხოვრებელი ფართი. დადგენილია, რომ მოსარჩელემ გაასხვისა ბინა, თუმცა საქმეში დაცულია ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მ. ჯ-ე გარკვეული ქირის სანაცვლოდ ცხოვრობს თავისსავე გასხვისებულ ბინაში. მითითებული ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული განცხადებების შესაბამისად, მ. ჯ-ე სახლის გასხვისების შემდგომ პერიოდულად ცხოვრობდა სხვადასახვა მისამართებზე, ამდენად, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უტყუარად უნდა დაადგინოს ატარებდა თუ არა მოსარჩელის მიერ ბინის გასხვისება ფიქტიურ ხასიათს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი წესის დარღვევით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ვერ იქნა დამტკიცებული გასაჩივრებული აქტის კანონიერება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე