Facebook Twitter

საქმე №ბს-1070(კ-19) 05 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ხ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 01 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ხ-ამ 2018 წლის 27 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოპასუხის 2018 წლის 22 მარტის N870 ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ნოემბრის განჩნებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 22 მარტის N870 ბრძანება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ნ. ხ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 01 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა: უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. ნ. ხ-ამ განაცხადი შეავსო ...ში მდებარე ობიექტზე საცხოვრებელი ფართის მისაღებად. შესაბამისი კრიტერიუმებისა და წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, მის ოჯახს წინასწარი შეფასებით მიენიჭა 4 ქულა, კერძოდ: ქირით ცხოვრების კრიტერიუმში - 1.5 ქულა, სიღარიბის მაჩვენებელში-2.5 ქულა, თუმცა კომისიის მიერ განაცხადის განხილვის შედეგად, ოჯახს დააკლდა ზემოხსენებული ქულები და მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, არასაკმარისი ქულების გამო. კასატორის განმარტებით, მოსარჩელე დევნილთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია დმანისში, ...ის ქ. N3-ში, ხოლო ფაქტობრივად ცხოვრობს დმანისის რაიონის სოფელ ...ში. შესაბამისად, მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი და სოციალურ პროგრამაში რეგისტრაციის მისამართები სხვადასხვაა. კასატორი აღნიშნავს, რომ მინისტრის 320-ე ბრძანების N7 დანართის N2 შენიშვნის თანახმად ოჯახს ქულა ენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ფაქტობრივი და სოციალურ პროგრამაში მითითებული საცხოვრებელი ემთხვევა ერთმანეთს. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელისათვის ქულის ჩამოკლება სამართლიანია და არ ეწინააღმდეგება კანონს.

კასატორი „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ მითითებით აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას სააგენტო ეყრდნობა მის მიერ მოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელისათვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არის მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ შედგენილი ოქმი, რომლის თანახმად, მოსარჩელეს თავის საცხოვრებელთან დაკავშირებით მითითებული აქვს მცდარი ინფორმაცია. საცხოვრებლის სწრაფად ან რამდენიმე საცხოვრებლის მიღების მოტივით დევნილთა ოჯახები მიმართავენ სხვადასხვა ხერხს. ხშირია შემთხვევები, როდესაც დევნილი ოჯახები, რომლებიც ელოდებიან საცხოვრებლით უზრუნველყოფას და რომელთაც დიდი სურვილი აქვთ სწრაფად მიიღონ ბინა, ასხვისებენ ბინებს, ასევე ქირაობენ ბინებს, უთანხმდებიან მესაკუთრეებს, რომ სამინისტროს მონიტორინგის სამსახურს დაუდასტურონ ამა თუ იმ პირის ცხოვრების ფაქტი. ასევე ხშირია შემთხვევები მათივე საკუთრების გასხვისების ან გაჩუქებისა ოჯახის წევრებზე ან ახლობლებზე, რაც ასევე ქულის მომატების მიზეზია. ასევე ხშირია ოჯახის ხელოვნურად გაყოფის მცდელობებიც, დევნილი ავსებს მარტო განაცხადს, თითქოსდა მისი შვილები არ ცხოვრობენ მასთან და გადამოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ განმცხადებელი ცხოვრობს მის შვილებთან ერთად ერთ ოჯახად, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო ცდილობს ინდივიდუალურად გაერკვეს არსებულ მდგომარეობაში და ხელი არ შეუწყოს ოჯახების ხელოვნურ გაზრდას, ამასთან საცხოვრებელი პირველ რიგში მიიღონ რეალურად საჭიროების მქონე ოჯახებმა. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მოსარჩელის საკითხი გამოკვლეულია სრულყოფილად. ადმინისტრაციულმა ორგანომ მოცემულ შემთხვევაში დაიცვა ყველა მოთხოვნა, რაც გათვალისწინებულია საკითხის მომწესრიგებელი აქტებით და მიმდინარე ეტაპზე არ დააკმაყოფილა პირი საცხოვრებლით, რომელიც ცდილობს უფრო ადრე მიიღოს საცხოვრებელი სხვა უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფ და უფრო მაღალქულიან ოჯახებთან შედარებით.

კასატორი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო თვითონვე ეწინააღმდეგება მის მიერ დადგენილ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის თანახმადაც მოსარჩელე დევნილთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია დმანისში, ...ის N3-ში, ხოლო ფაქტობრივად ცხოვრობს დმანისის რაიონის სოფელ ...ში. ამდენად, ნათელია, რომ მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი და სოციალურ პროგრამაში რეგისტრაციის მისამართები სხვადასხვაა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. ხ-ას ოჯახს წინასწარი შეფასებით მიენიჭა 4 ქულა. საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის კრიტერიუმში - 1,5 ქულა, ხოლო სოციალურ კრიტერიუმში - 2,5 ქულა. კომისიის მიერ განმეორებითი შეფასების ფარგლებში, ხელახლა იქნა განხილული ოჯახის მდგომარეობა და ზემოხსენებული ქულები განულდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ და აღნიშნავს, რომ დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის კრიტერიუმში ენიჭება 1,5 ქულა იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი ცხოვრობს სხვის სახლში ქირით ან ქირის გარეშე. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. ხ-ას ოჯახს საკურებაში არ გააჩნია უძრავი ქონება, მოსარჩელე და მისი მეუღლე ცხოვრობენ სხვის სახლში. ამდენად, მითითებულ კრიტერიუმში ქულის ჩამოკლება არ ეფუძნებოდა ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. სოციალურ კრიტერიუმთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ ოჯახს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში ...-... შორის სარეიტინგო ქულით – ენიჭება 2,5 ქულა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ სადავო აქტის მიღების პერიოდისათვის ნ. ხ-ას ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული ჰქონდა 31 190 ქულა. ამდენად, უსაფუძვლო იყო ქულის ჩამოკლება აღნიშნულ კრიტერიუმშიც. მოსარჩელის ფაქტობრივ საცხოვრებელთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებლ მისამართზე მონიტორინგი განხორციელდა მხოლოდ ერთხელ და დროის ამ პერიოდში მოსარჩელის ადგილზე არყოფნის ფაქტი არ გამორიცხავს მისი ფაქტობრივად ამ მისამართზე ცხოვრების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი წესის დარღვევით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ვერ იქნა დამტკიცებული გასაჩივრებული აქტის კანონიერება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 01 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე