Facebook Twitter

საქმე №ბს-1116(კ-19) 5 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ხ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მაისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ხ-ამ 2018 წლის 16 ოქტომბერს სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მ. ხ-ას მიმართ კომპენსაციის გაცემის შეჩერების შესახებ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის“ 2018 წლის 4 ივლისის №04-06/7306 გადაწყვეტილებისა და სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ 2018 წლის 11 სექტემბრის №04/48877 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მ. ხ-ასათვის შეჩერების დღიდან 2018 წლის 1 ივლისიდან კომპენსაციის გაცემის აღდგენა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ხ-ას სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის“ 2018 წლის 4 ივლისის №04-06/7306 გადაწყვეტილება მ. ხ-ას მიმართ კომპენსაციის გაცემის შეჩერების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ 2018 წლის 11 სექტემბრის №04/48877 გადაწყვეტილება; სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს“ დაევალა, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი მ. ხ-ას მიმართ შეჩერებული კომპენსაციის აღდგენის შესახებ 2018 წლის 1 ივლისიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოას ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოას ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სააპელაციო საჩივარს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორები აღნიშნავენ, რომ 2016 წლის 15 აპრილს მ. ხ-ამ სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს განცხადებით მიმართა და მოითხოვა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 22 პრიმა 1 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, ოჯახის წევრის გარდაცვალების საფუძვლით. განცხადებასთან ერთად, მ. ხ-ამ შინაგან საქმეთა სამინისტროდან წარმოადგინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-15 მუხლით გათვალისწინებული ცნობა (N905104, 12.04.2016), სადაც მითითებულია, რომ მისი მეუღლე გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. მ. ხ-ამ ასევე წარმოადგინა სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული „მარჩენალდაკარგულის“ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, საიდენტიფიკაციო კოდით - ... და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი მასზედ, რომ გ. ხ-ი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა და არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ. ხ-ასთან. ასევე, მ. ხ-ა და მისი მცირეწლოვანი შვილი, ქ. ხ-ი, იმყოფებოდნენ გ. ხ-ის კმაყოფაზე.

კასატორების განმარტებით „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“-„პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ამ კანონით გათვალისწინებული ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის ოჯახის შემდეგ წევრებს: მშობლებს, მეუღლეს, შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და შრომისუუნარო შვილებს (ასაკის მიუხედავად). აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს, ხოლო ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა3“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევბში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მეუღლისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად აუცილებელია ქორწინების მოწმობის წარმოდგენა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა3“ ქვეპუნქტის თანახმად, პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტები – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებისათვის: გარდაცვალების მოწმობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება პირის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვალების ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტი (სამართლებრივი საფუძვლის მითითებით), საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან დამატებით მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა.

კასატორების მითითებით საქმეში არსებული დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, მ. ხ-ას და მის მცირეწლოვან შვილს 2004 წლის 2 აგვისტოდან დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“. აღნიშნული გასაცემელი დანიშნული იყო მცირეწლოვან შვილზე - ქ. ხ-ზე და მ. ხ-აზე, არასრულწლოვანი შვილის 14 წლის ასაკის შესრულებამდე, მისი მოვლისათვის. მ. ხ-ას ძველ საქმეში (იგულისხმება მარჩენალდაკარგულის საფუძვლით დანიშნული გასაცემელი) ასევე განთავსებულია სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული „მარჩენალდაკარგულის“ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, საიდენტიფიკაციო კოდით - ... . სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 4 ივლისის ნ04-06/7306 წერილით, მ. ხ-ას განემარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობა გარდაცვლილი პირის მეუღლისათვის, ოჯახის წევრის გადაცვალების საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად მოითხოვს ქორწინების მოწმობის წარმოდგენას, რაც სახელმწიფო გასაცემლის საქმეში არ იყო განთავსებული, შესაბამისად, 2018 წლის 1 ივლისიდან ბენეფიციარს შეუჩერდა კომპენსაციის დარიცხვა, თანახმად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა3“ ქვეპუნქტისა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მეუღლეთა უფლება–მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება და არა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, მასზედ, რომ გ. ხ-ი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა მ. ხ-ასთან და იგი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მასთან და რომ მ. ხ-ა და მისი მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ გარდაცვლილის კმაყოფაზე.

კასატორების მოსაზრებით მოცემულ შემთხვევაში, სააგენტო ვერ გასცდება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებს და ოჯახის წევრის გარდაცვალების საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას ვერ მოახდენს კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე, ვინაიდან სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი ერთად ცხოვრებისა და გარდაცვლილის კმაყოფაზე ყოფნის შესახებ. შესაბამისად, აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის სამართლებრივი საფუძველი კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია. რაც შეეხება, მ. ხ-ასათვის და მისი არასრულწლოვანი შვილისათვის 2004 წლის 2 აგვისტოდან მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მართლზომიერების საკითხს, „სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც მ. ხ-ას დანიშნული ჰქონდა კომპენსაცია, გარდაცვლილის შრომისუნარიანი და კანონით განსაზღვრული საპენსიო ასაკის არმქონე მეუღლისათვის, გასაცემლის დანიშვნას ითვალისწინებდა, მხოლოდ არასრულწლოვანი შვილის 14 წლის ასაკის შესრულებამდე, მისი მოვლისათვის, ხოლო ამ ასაკის შესრულების შემდეგ, ბავშვის დედას უწყდებოდა კომპენსაცია და მისი გაცემა გრძელდებოდა, მხოლოდ არასრულწლოვან პირზე (მუხ. 26 ,27). ასეთ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა გარდაცვლილის კმაყოფაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობას და არა ქორწინების მოწმობას. ქორწინების მოწმობის წარმოდგენის აუცილებლობა დგებოდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა ხდებოდა მარტო გარდაცვლილის მეუღლეზე, რა თქმა უნდა თუ იგი დააკმაყოფილებდა კანონით გათვალისწინებულ სხვა პირობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2010 წლის 1 დეკემბრიდან მ. ხ-ას შეუწყდა მარჩენალის გარდაცვალების გამო 2004 წლის 2 აგვისტოდან დანიშნული თავისი წილი კომპენსაციის დარიცხვა, მისი შვილის - ქ. ხ-ის (დაბ. ...წ.) 14 წლის ასაკის შესრულების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა გაგრძელდა გარდაცვლილის არასრულწლოვან შვილზე და დედაზე. ამ შემთხვევაში, მ. ხ-ა დარჩა, მხოლოდ შვილის კომპენსაციის მიმღებად და მას ბენეფიციარის სტატუსი მოეხსნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორების მოსაზრებით მ. ხ-ას მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაცია დანიშნული ჰქონდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, შესაბამისად, ოჯახის წევრის გარდაცვალების საფუძვლით სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის მიზნებისათვის, სააგენტო ვერ დაეყრდნობა სხვა საკანონმდებლო აქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს და მ. ხ-ას ვერ განუახლებს უსაფუძვლოდ დანიშნული სახელმწიფო გასაცემელის დარიცხვას. შესაბამისად, მ. ხ-ას კომპენსაციის შეჩერებაზე, არ არსებობს სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 11 ივნისის N04-08/2950 წერილის გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 11 სექტემბრის N04/48877 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის თ. ვ-ის 2018 წლის 4 ივლისის №04-06/7306 წერილი, რომლითაც მ. ხ-ას ეცნობა 2018 წლის 1 ივლისიდან მის მიმართ დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერების შესახებ. აღნიშნული წერილის, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას ადმინისტრაციულმა ორგანომ საფუძვლად დაუდო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა3“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევეში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მეუღლისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად აუცილებელი იყო ქორწინების მოწმობის წარმოდგენა, რაც მხარეს არ გააჩნდა.

საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე მ. ხ-ას მეუღლე გარდაიცვალა 2004 წლის 4 მარტს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა იურდიული მნიშვნელობის ფაქტი მასზედ, რომ გ. ხ-ი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა და არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ. ხ-ასთან. ასევე, მ. ხ-ა და მისი მცირეწლოვანი შვილი, ქ. ხ-ი, იმყოფებოდნენ გ. ხ-ის კმაყოფაზე. მ. ხ-ა არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ამასთან „მარჩენალდაკარგულის“ სტატუსის მქონე პირი და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით.

კონკრეტულ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების (სუს. გ. საქმე №ბს-486(კ-19) 11.11.2019წ.) არსებობის პირობებში კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე