გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 425-აპ 8 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),
ნ. გაბრიჩიძე (მომხსენებელი),
დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ ლ. შ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. რ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 სექტემბრის განაჩენი ლ. შ-ას მიმართ დარჩა უცვლელად.
აღწერილობითი ნაწილი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 სექტემბრის განაჩენით ლ. შ-ას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
განაჩენით ლ. შ-ას მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2004წ. 14 ივნისს ლ. შ-ამ გამოსაცდელი ვადის პერიოდში. კვლავ განიზრახა ახალი დანაშაულის ჩადენა და ნებისმიერი მოქალაქის პირადი ქონების ფარული დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი იმავე დღეს, ზუსტი დრო დაუდგენელია, ზუგდიდის რაიონის სოფ. ---, სამარშრუტო ტაქსის ერთ-ერთ გაჩერებაზე, მივიდა ე. კ-სთან, რომელსაც სამარშრუტო ტაქსში ასვლისას ფარულად გასტაცა 15 ლარად ღირებული ხელჩანთა, რომელშიც იდო 7 ლარი, ე. კ-სა და მისი მეუღლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, 15 ლარად ღირებული მობილური ტელეფონის დამტენი აპარატი და პარფიუმერია, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ იგი დააკავეს იმავე დღეს ქ. ზუგდიდში, --- ქუჩაზე, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში განთავსებულ სასადილოში. პოლიციის მუშაკების მიერ ჩატარებული პირადი ჩხრეკისას მისგან ამოიღეს გატაცებული ხელჩანთა და სხვა ნივთები, რაც დაუბრუნდა დაზარალებულ ე. კ-ას.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. რ-ვა საკასაციო საჩივრით ითხოვს, რომ ლ. შ-ს ეპატიოს ჩადენილი დანაშაული.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა რ. რ-ამ ითხოვა ლ. შ-ას მიმართ საქმის შეწყვეტა მცირე მნიშვნელობის გამო.
პალატის სხდომაზე დაზარალებულმა ე. კ-მ განაცხადა, რომ მსჯავრდებულ ლ. შ-ას მისთვის არ მიუყენებია მნიშვნელოვანი ზარალი და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ლ. შ-მ აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა საქმის შეწყვეტა.
პროკურორმა ლ. ს-მ მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და სისხლის სამართლის საქმე ლ. შ-ას მიმართ შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის თანახმად: “დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას”.
მსჯავრდებული ლ. შ-ია აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას. პალატის სხდომაზე მან განმარტა, რომ ე. კ-ას ხელჩანთა მოჰპარა არა ჭითაწყარში, არამედ ზუგდიდის სასადილოში, სადაც ის სკამზე უპატრონოდ იდო. მისი განმარტებით, იგი აცნობიერებდა, რომ, თუ ჩანთაში დიდი თანხა იქნებოდა, მესაკუთრე არ დატოვებდა მას სკამზე. ამ განზრახვით მან ჩაიდინა შეცდომა და მცირე თანხის ქურდობის მიზნით მოიპარა ხელჩანთა, რომელიც მოთხოვნისთანავე წარუდგინა სასადილოში მისულ პოლიციის მუშაკებს. იგი ითხოვს პატიებას და საქმის შეწყვეტას მცირე მნიშვნელობის გამო.
პალატის სხდომაზე დაზარალებულმა ე. კ-ამ განაცხადა, რომ მას დაუბრუნდა გატაცებული ნივთები, 7 ლარი მისთვის არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ზარალს, იგი შეურიგდა ლ. შ-ას და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. ე. კ-ამ ითხოვა, რომ ლ. შ-ას ეპატიოს ჩადენილი ქმედება.
ამასთანავე, ე. კ-ამ დააზუსტა, რომ ქურდობა მოხდა არა ჭითაწყარში, არამედ ზუგდიდის სასადილოში, მაგრამ, ვინაიდან მას ჰყავს პატიმარი მეუღლე, მოერიდა ეთქვა, რომ ის ბავშვთან ერთად იმყოფებოდა ამ სასადილოში.
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, პალატა თვლის, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს და ლ. შ-ს მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე მცირე მნიშვნელობის გამო, ვინაიდან არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის მეორე ნაწილით, სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ნოემბრის განაჩენი და შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე ლ. შ-ს მიმართ მცირე მნიშვნელობის გამო, ვინაიდან არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.