Facebook Twitter

საქმე №ბს-1250(2კ-19) 5 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. საქართველოს პრეზიდენტი; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ლ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ლ-მა 2015 წლის 1 ივლისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. მოსარჩელემ სარჩელის არაერთგზის დაზუსტების შემდეგ მოპასუხეებად დაასახელა საქართველოს პრეზიდენტი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა და მოითხოვა ,,ქ.თბილისის მთავრობის 2001 წლის 24 იანვრის №01.45.42, 2001 წლის 11 ოქტომბრის №17.07.377, 2000 წლის 30 ნოემბრის №19.07.290, 2003 წლის 10 ივლისის №09.43.227 დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ დ. ლ-ის ნაწილში ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №24.10.1107 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №93 განკარგულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ დ. ლ-ის ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 ოქტომბრის №1001 განკარგულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 2001 წლის 24 იანვრის №01.45.42, 2001 წლის 11 ოქტომბრის №17.07.377, 2000 წლის 30 ნოემბრის №19.07.290, 2003 წლის 10 ივლისის №09.43.227 დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №24.10.1107 დადგენილება დ. ლ-ის ნაწილში და „თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №93 განკარგულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 ოქტომბრის №1001 განკარგულება დ. ლ-ის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ. კასატორებმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდნენ სააპელაციო საჩივრებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, საქართველოს პრეზიდენტისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამდენად, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს. ამგვარად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილი დისპოზიციურობისა და შეჯიბრობითობის პრინციპების გათვალისწინებით წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად მტკიცების ტვირთის განაწილებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების იმავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შეფასების საფუძველზე გამოიტანა განჩინება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი წესის დარღვევით, რადგან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლების გაუქმების შემზღუდველი ნორმები. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ვერ იქნა დამტკიცებული გასაჩივრებული აქტების კანონიერება. ამგვარად, კონკრეტულ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების (სუს. გ. საქმე №ბს-839(2კ-19) 16.07.2019წ.) არსებობის პირობებში კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პრეზიდენტისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე