საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-1351(კ-19) 4 მარტი, 2020 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ნ. ბ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოპასუხეები)
მესამე პირები - ლ. ჭ-ე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და დევნილთა სამინისტრო (უფლებამონაცვლე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:ნ. ბ-ემ 2016 წლის 29 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 მაისის N11/05/02 განკარგულებისა და 2012 წლის 24 მაისის ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და დევნილთა სამინისტრო, ხოლო 2017 წლის 19 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ლ. ჭ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელე - ნ. ბ-ემ და მესამე პირმა - ლ. ჭ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით ნ. ბ-ისა და ლ. ჭ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ბ-ემ და ლ. ჭ-ემ.
კასატორ ნ. ბ-ის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნ. ბ-ეს შორის 2012 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია, რადგან ხელშეკრულების მიზანი (1.1 პუნქტი) იყო მხარისათვის სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე, ღირსეული განსახლებისათვის ადეკვატური ფართის შეთავაზება, დევნილთა ნებაყოფლობით და ღირსეულ განსახლებასთან დაკავშირებული ღინისძიებების განხორციელება. ნ. ბ-ის შემთხვევაში მნიშვნელოვნად იქნა დარღვეული ეს მოთხოვნები. კერძოდ, მისთვის გადაცემული ფართი ვერ უზრუნველყოფს ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელ პირობებს, უსაფრთხოებისა და სანიტარული თვალსაზრისით არ არის დამაკმაყოფილებელი პირობები და შეზღუდულია ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა.
კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ გადაცემული ბინის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულებაში დასახელებული მიზანი (1.1 პუნქტი) მხოლოდ ტრაფარეტული ჩანაწერი იყო, რადგან ეკონომიკის სამინისტროსთან დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული არ იყო ბინის მდგომარეობა, სახელმწიფომ კი აღნიშნული ხელშეკრულების დადებით მოიხსნა ყოველგვარი ვალდებულება ნ. ბ-ის წინაშე. კასატორმა მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბინაში ნორმალური საცხოვრებელი პირობები დახვდებოდა, მას კომპენსაციაზე არ ექნებოდა პრეტენზია. საკასაციო საჩივრის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ხელშეკრულების დადებამდე არ ჩაატარეს ადმინისტრაციული წარმოება, არ გამოიკვლიეს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, არ შეაფასეს ოჯახის პირობები და ოჯახის წევრთა ოდენობა, რაც ქმნის სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის განჩინებით ნ. ბ-ისა და ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი ლ. ჭ-ის მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 მაისის N11/05/02 საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ნ. ბ-ეს შორის 2012 წლის 24 მაისს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება (მდებარე: თეთრიწყაროს სოფელ ...ას ჩასახლებაში, N...-ში მდებარე №47 ბინა, ფართით 56.51 კვ.მ), ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთი) ლარად გადაეცა საკუთრებაში მოსარჩელეს. დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2012 წლის 24 მაისის ხელშეკრულება, ამავე დღეს ხელმოწერილია ნ. ბ-ის მიერ, თუმცა პრეზიდენტის განკარგულებისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ხელშეკრულებით გადაცემული ქონება იყო ნივთობრივი ნაკლის მქონე და ვერ აკმაყოფილებდა დევნილთა ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელ პირობებს, შესაბამისად მიიჩნევს, რომ დაირღვა მისი უფლება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უფლების დარღვევის შესახებ უფლებამოსილი პირის ინფორმირებას უკავშირდება ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება, რა დროსაც სხვადასხვა სახის მოთხოვნებისათვის კანონმდებელი ითვალისწინებს ხანდაზმულობის განსხვავებულ ვადებს. „ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეიძლება მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ვადაში იგულისხმება დროის განსაზღვრული პერიოდი, რომელსაც კანონმდებელი უკავშირებს ამა თუ იმ იურიდიული შედეგის დადგომას. თავისი ბუნებით ვადა იურიდიული ფაქტია, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას“. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ბს-658-627(კ-07)).
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დგინდება, რომ ნ. ბ-ის მიმართ განხორციელდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზება, რომლისთვისაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადისგან განსხვავებით, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი შეიცავს სპეციალურ დათქმას პრივატიზებულ უძრავ ქონებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით და ეს ვადა შეადგენს სამ წელს. სამწლიანი ვადის გასვლის შემთხვევაში გამოირიცხება უფლების სასამართლო წესით განხორციელების შესაძლებლობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევისთვის არსებითია მისი ათვლის საკითხი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად უკავშირდება სუბიექტურ ფაქტორს, ანუ იმ მომენტს, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლებების დარღვევის თაობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან სადავო არ არის ის გარემოება, რომ ხელშეკრულება ხელმოწერილია უშუალოდ მოსარჩელის მიერ, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ ხანდაზმულობის ათვლა უნდა დაიწყოს ხელშეკრულების დადების თარიღიდან, კერძოდ, 2012 წლის 24 მაისიდან, რადგან ხელშეკრულების დადების მომენტიდან ნ. ბ-ისათვის ცნობლი გახდა ქონების გადაცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, მიეცა უძრავი ნივთის მდგომარეობის შემოწმების შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში სარჩელის წარდგენის დროისათვის (2016 წლის 29 სექტემბრისათვის) სასარჩელო მოითხოვნა იყო ხანდაზმული. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში პირი, მართალია, არ კარგავს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, მაგრამ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს. ამასთან საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ მხარეთა შორის გადაცემული უძრავი ქონება იყო ნაკლის მქონე, რაც ასევე გამორიცხავს სარჩელის საფუძვლიანობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად ცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე