ბს-1367(2კ-18) 12 მარტი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.07.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. გ-მა-ი-ემ 21.12.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 13.03.2017წ. ბრძანებისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 10.11.2017წ. ბრძანების ბათილად ცნობის, აგრეთვე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურისათვის კიბის უჯრედის ლეგალიზაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ გ. ც-ე (სასკ-ის 16.2 მუხ.) და ლ. გ-ე (სასკ-ის 16.1 მუხ.).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 10.11.2017წ. ბრძანება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 13.03.2017წ. ბრძანება და არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ...ის ქ. N8-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ მოწყობილი კიბის უჯრედის ლეგალიზაციის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.07.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ სადავო აქტების გამოცემისას სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ იქნა სათანადოდ დასაბუთებული მესამე პირის თანხმობის წარდგენის საჭიროება, მით უფრო, რომ აღნიშნული თანხმობის წარდგენის მიზნით განცხადებაზე ხარვეზი არ დადგენილა და არც წარმოების მიმდინარეობის პერიოდში მომხდარა განმცხადებლისათვის მე-3 პირის თანხმობის წარდგენის მოთხოვნა. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს განმარტება სადავო კიბის მესამე პირის საკუთრებაში რიცხული ფართის ფასადზე მოწყობის შესახებ. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დაადგინა სალეგალიზაციოდ წარდგენილი კიბის რეალური მდებარეობა და კიბის მოწყობის გავლენა მესამე პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.07.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ.
კასატორმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნა, რომ დადგენილია სალეგალიზაციო კიბის მოწყობა 2007 წლამდე, ლეგალიზაციის დამაბრკოლებელი ერთადერთი გარემოებაა კიბის მოწყობა მესამე პირის საკუთრებაში არსებული ფართის ფასადზე. სასამართლომ აღნიშნული გარემოება უარყო მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტების საფუძველზე. საქმეში დაცული ფოტომასალითა და გ. ც-ის ახსნა-განმარტებით დგინდება კიბის მის ფასადზე მოწყობა, შესაბამისად, მესაკუთრის თანხმობა არის კიბის ლეგალიზების აუცილებელი წინაპირობა.
კასატორმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურმა აღნიშნა, რომ კიბე მოწყობილია მეზობლის ფასადზე, რაც მეზობლის თანხმობის გარეშე კიბის ლეგალიზაციის შესაძლებლობას გამორიცხავს. 07.03.2017წ. გ. ც-ემ განცხადებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა არ მომხდარიყო კიბის ლეგალიზება, რადგან ამით შეილახებოდა მისი საკუთრების უფლება, ხელი შეეშლებოდა ფართით სათანადო სარგებლობაში. ამდენად, რადგან ორგანოსათვის ცნობილი იყო გ. ც-ის მოსაზრება კიბის ლეგალიზების საკითხთან დაკავშირებით, რ. გ--ი-ეს აღარ ეთხოვა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა. ამასთან, უკეთუ კიბის გარეშე მოსარჩელე ვერ სარგებლობს საერთო ეზოთი, აღნიშნულის შესახებ მას შეუძლია აწარმოოს სამოქალაქო დავა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტების შინაარსიდან გამომდინარე, კიბის ლეგალიზებასთან დაკავშირებით რ. გ-ი-ი-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელ ერთადერთ გარემოებას ქმნის მესამე პირის, მეზობელი მესაკუთრის თანხმობის არარსებობა. გასათვალისწინებელია, რომ მხარის ახსნა-განმარტება, რომელიც არ არის გამყარებული სხვა რაიმე მტკიცებულებით და სადავოდ არის გამხდარი მეორე მხარის მიერ, ვერ იქნება სარწმუნო მტკიცებულებად მიჩნეული. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე უთითებს, რომ სადავო კიბე მოწყობილი არ არის მეზობლის ფასადზე და არ ხელყოფს მის უფლებებს, ხოლო მესამე პირი უთითებს, რომ კიბე სწორედ მის ფასადზეა განთავსებული, რითაც ზიანი ადგება მის კანონიერ ინტერესსა და უფლებებს. ორივე მხარე თავისი მოსაზრების სისწორის დასადასტურებლად უთითებს საქმეში დაცულ ფოტოსურათებზე. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გაიზიარეს მესამე პირის მოსაზრებები მისი საკუთრებით სათანადო სარგებლობისათის ზიანის მიყენების შესახებ ისე, რომ არ გამოუკვლევიათ რაიმე ფაქტობრივი გარემოებები, არ მოუხდენიათ ვითარების ადგილზე შესწავლა. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის პირველ რიგში უტყუარად დადგენას საჭიროებს სალეგალიზაციო კიბის მდებარეობა. აღნიშნული ფაქტის გამოკვლევის შემდეგ, უნდა შეფასდეს მესამე პირისა და მოსარჩელის ინტერესები. მესამე პირის მითითებით, კიბის ლეგალიზაციით ხელი შეეშლება თავისი საკუთრებით სათანადოდ სარგებლობაში, ხოლო მოსარჩელის მითითებით, კიბის არარსებობის შემთხვევაში მისთვის შეუძლებელი გახდება საერთო სარგებლობის ეზოს გამოყენება. ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუდგენია კიბის მოწყობის გავლენა მესამე პირისა და მოსარჩელის ინტერესებზე, არ განუსაზღვრავს მესამე პირის უფლებების შელახვის კონკრეტული საფრთხე. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის 5.4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მრავალბინიანი სახლის მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები (საძირკვლები, კარკასი, კედლები და ა. შ.) წარმოადგენს ამხანაგობის საერთო საკუთრებას და არა ბინის მესაკუთრის ინდივიდუალური საკუთრების საგანს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.07.2018წ. განჩინება;
3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სასმახურს (ს.კ. 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.10.2018წ. N01925 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი