საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1374 (2კ-კს-19) 4 მარტი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შ. ე-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინება
დავის საგანი - დამატებითი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. ე-ემ 2017 წლის 9 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგებლის 2017 წლის 23 თებერვლის №... ბრძანების ბათილად ცნობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობისათვის შ. ე-ის ამავე გამგეობის ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და შ. ე-ის სასარგებლოდ 2014 წლის 15 სექტემბრიდან სამსახურში აღდგენამდე განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით შ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგებლის 2017 წლის 23 თებერვლის №... ბრძანება და მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სარჩელი სხვა მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც შ. ე-ემ, ასევე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მაისის განჩინებით შ. ე-ისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.
შ. ე-ის წარმომადგენელმა მ. კ-ამ 2019 წლის 4 ივნისს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა განაცდური ხელფასისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით შ. ე-ის წარმომადგენლის - მ. კ-ას შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ არ არსებობდა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, ვინაიდან აპელანტის წარმომადგენელმა მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც უკვე ნამსჯელი და გადაწყვეტილი ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ. ე-ემ.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას განაცდური ხელფასისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურების შესახებ. აღნიშნულ საკითხზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით 2019 წლის 4 ივნისს შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით უსაფუძვლოდ უთხრა უარი დამატებითი გადაწყვეტილების მიღებაზე, იმ დასაბუთებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებში ნამსჯელი იყო განაცდური ხელფასისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე. შ. ე-ე კერძო საჩივრით ითხოვს, საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემადგენლობას 2019 წლის 4 ივნისის შუამდგომლობის ხელახლა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებისა და კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად ასკვნის, რომ შ. ე-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. ამავე კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილება წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების ხარვეზის შევსების ერთ-ერთ საშუალებას. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია რომელიმე მოთხოვნის, უფლების ან სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი, მას აქვს შესაძლებლობა, თავისი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, დამატებითი გადაწყვეტილების მიღების გზით, აღმოფხვრას არსებითი გადაწყვეტილების ხარვეზი.
განსახილველ შემთხვევაში შ. ე-ე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატის მიერ არ არის გადაწყვეტილი განაცდური ხელფასისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურების საკითხი. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ამ მოსაზრებას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი შეიცავს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებასა და დავის გადაწყვეტის კონკრეტული შედეგის მართლზომიერების დასაბუთებას. სამართლებრივი შედეგი კი, რომელიც ექვემდებარება აღსრულებას, აისახება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, რომლის დებულებები გაგებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამოტივაციო ნაწილში მითითებული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით.
განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განჩინების 5.1 პუნქტი შეიცავს მსჯელობას განაცდური ხელფასის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, შ. ე-ეს განემარტა, რომ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია სამსახურში აღდგენასთან. ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სადავო აქტი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი და არ მომხდარა შ. ე-ის სამსახურში აღდგენა, არ არსებობდა განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება სასამართლო ხარჯების განაწილებასთან დაკავშირებულ საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი კონკრეტულად ვერ ასაბუთებს, აღნიშნული მუხლის შესაბამისად, რომელი ხარჯის ანაზღაურებას ითხოვს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების 6.1 პუნქტით (სასამართლო ხარჯები) დადგენილია, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, აპელანტები - ადმინისტრაციული ორგანო და შ. ე-ე განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხზე მსჯელობისა და გადაწყვეტის წინაპირობას კი წარმოადგენს გაწეული ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე შუამდგომლობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განჩინება, რომელთან დაკავშირებითაც შ. ე-ე ითხოვს დამატებითი გადაწყვეტილების მიღებას, შეიცავს მსჯელობას როგორც განაცდურის ანაზღაურების შესახებ, ასევე ორივე ინსტანციის სასამართლოში გაწეულ საპროცესო ხარჯებთან დაკავშირებით. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტები სწორედ ამ მსჯელობის შედეგად დამდგარ სამართლებრივ შედეგს ასახავს. შესაბამისად, დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განჩინება დამატებითი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შ. ე-ის კერძო საჩივარი მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. ე-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე