საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1381(კს-19) 4 მარტი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარეები - ა. ღ-ი (მოსარჩელე), სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (მოპასუხე)
დავის საგანი - მესამე პირად ჩართვა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
აღწერილობითი ნაწილი:
2019 წლის 25 ივლისს ა. ღ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტის მიმართ და მოითხოვა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2017 წლის 27 ივნისს მიღებული MES 5 17 00747343 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება საქმეში (ტომი I, ს.ფ. 451-452).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლის შუამდგომლობა ამავე უნივერსიტეტის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა კერძო საჩივრით (ტომი II, ს.ფ. 99-101, 126-130).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტომი II, ს.ფ. 156-163). სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო დიპლომი გაცემულია სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, არ წარმოადგენს საქმეში მისი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაბმის სავალდებულო საფუძველს, ვინაიდან დიპლომის ნამდვილობის დადასტურება ან დადასტურებაზე უარის თქმა პირდაპირ და უშუალო გავლენას ვერ მოახდენს უნივერსიტეტის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებზე. ამასთან, სწორედ იმის გამო, რომ სადავო დიპლომი გაცემულია სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, იგი საქმეში ჩაბმულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, ა. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 27 ივნისის MES 5 17 00747343 გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ. მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, კანონით დადგენილ ვადაში, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ა. ღ-ის სახელზე გაცემული TESAU N... დოქტორის დიპლომის (სარეგისტრაციო N8) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.
2019 წლის 10 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მესამე პირის - სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ი. მ-ემ იშუამდგომლა საქმეში სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის ნაცვლად, ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაბმის თაობაზე, რასაც დაეთანხმა აპელანტი მხარე. შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირა ა. ღ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შუამდგომლობა საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირის სტატუსით ჩაბმასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შუამდგომლობის გაჟღერებისას მესამე პირის - სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელს არ მიუთითებია რაიმე ახალ არსებით გარემოებაზე, რომელიც შეცვლიდა მესამე პირად ჩართვის საკითხთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ ერთხელ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას და პალატას მისცემდა შესაძლებლობას, ემსჯელა უნივერსიტეტის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმასთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.
კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა უნივერსიტეტის დასაბუთებული შუამდგომლობა განსახილველ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე პირად ჩაბმის თაობაზე. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოცემული დავის საგნიდან გამომდინარე დადასტურებულია, რომ ის ნამდვილად წარმოადგენს სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეს. კერძოდ, დოქტორის დიპლომი, რომლის ნამდვილობაც არ დაადასტურა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ და რომლის კანონიერების შემოწმებაც უნდა განახორციელოს სასამართლომ, გაცემულია სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. ამდენად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მონაწილეს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს აღნიშნული უნივერსიტეტი.
კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ უნივერსიტეტს უკანონოდ, უხეშად შეუზღუდა საპროცესო უფლებები, შედეგად კი, დაირღვა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, რომელიც უზრუნველყოფს გონივრულ ვადაში, საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლებას, კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირების ჩაბმა ემსახურება მესამე პირთა სამართლებრივი დაცვის, საქმის ყოველმხრივ გამოკვლევის, პროცესის ეკონომიურობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნების განხორციელებას. მესამე პირის სტატუსის განსაზღვრა შესაძლებლობას აძლევს პირს, დაიცვას კერძო, სუბიექტური ინტერესები და მათი რეალიზება განახორციელოს ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. ამასთანავე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ერთმანეთისგან განასხვავებს არასავალდებულო და სავალდებულო მოწვევის მესამე პირებს.
მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოში მესამე პირების ჩვეულებრივი წესით (სასკ-ის 16.1 მუხლი) მოწვევის მიზანია, დაიცვას უშუალოდ იმ პირთა ინტერესები, რომელთაც შეიძლება შეეხოთ სასამართლოს გადაწყვეტილება და რომელთა მონაწილეობასაც შესაძლებელია მნიშვნელობა ჰქონდეს მხარეთა უფლებების ეფექტიანი სამართლებრივი დაცვისათვის. რაც შეეხება აუცილებელი მოწვევის მესამე პირს, პირი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმის განხილვაში ერთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უშულოდ მონაწილეობს სამართალურთიერთობაში და გააჩნია დამოუკიდებელი კანონიერი ინტერესი დავის საგნის მიმართ. ასეთი ინტერესი უნდა იყოს რეალური და კანონით დაცული.
მოცემულ შემთხვევაში, სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სავალდებულო მოწვევის მესამე პირად მიჩნევისთვის, მისი კანონიერი ინტერესისთვის დავის საგნიდან გამომდინარე პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტის დასადგენად, მნიშვნელოვანია, შეფასდეს სასარჩელო მოთხოვნა, მისი საფუძვლები, შედეგები და კერძო საჩივრის ავტორისა და მოსარჩელის ურთიერთმიმართება.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2017 წლის 27 ივნისს მიღებული MES 5 17 00747343 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება. დადგენილია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ა. ღ-ს უარი ეთქვა 2009 წლის 22 დეკემბერს სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მის სახელზე გაცემული TESAU N... (სარეგისტრაციო N8) დოქტორის დიპლომის აღიარებაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №4) საბჭომ მიიღო დადგენილება სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ა. ღ-ის არჩევის შესახებ 4 წლით, 2013 წლის 8 ნოემბრიდან 2017 წლის 8 ნოემბრამდე (ტომი I, ს.ფ. 120-136). ამასთან, ვინაიდან სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2014 წლის 17 ოქტომბრის MES 2 14 00812845 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ა. ღ-ს დოქტორის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი უნდა ფლობდეს დოქტორის აკადემიურ ხარისხს, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2014 წლის 4 დეკემბრის №1.2/4260 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ,,სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის უნივერსიტეტის რექტორად - ა. ღ-ის უფლებამოსილების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2013 წლის 10 დეკემბრის №1.2/4215 ბრძანება, მისი ბათილად ცნობის დღიდან (ტომი I, ს.ფ. 120-136).
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2014 წლის 17 ოქტომბრის MES 2 14 00812845 გადაწყვეტილება ა. ღ-მა გაასაჩივრა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული N3/17-15 გადაწყვეტილებით ა. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2014 წლის 17 ოქტომბრის MES 2 14 00812845 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული ყველა გარემოების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (ტომი I, ს.ფ. 120-136). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შემდეგ, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2017 წლის 27 ივნისს მიღებული MES 5 17 00747343 გადაწყვეტილებით ა. ღ-ს კვლავ უარი ეთქვა დოქტორის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
საკასაციო პალატა, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლზე მითითებით, აღნიშნავს, რომ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად. ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელწიფო დოკუმენტი - დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი).
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს დიპლომის ნამდვილობის აღიარება, რისი უფლებამოსილებაც გააჩნია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ და დავის ფარგლებში უნდა შემოწმდეს დიპლომის აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება. ა. ღ-ის პრეტენზია არ არის მიმართული უნივერსიტეტის წინააღმდეგ. მათ შორის, მოცემულ დავაში მოსარჩელე არ ითხოვს უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე აღდგენას. ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილება გავლენას ვერ იქონიებს სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლება - მოვალეობებზე. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს, მოპასუხე ორგანო დაადასტურებს ა. ღ-ის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობას და ამის საფუძველზე მოსარჩელე მიმართავს უნივერსიტეტს რექტორის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით, ასეთი მოთხოვნა დამოუკიდებელ დავის საგნად შეიძლება იქცეს, თუმცა განსახილველი დავის ფარგლებში ვერ შეფასდება და სადავო აქტების კანონიერების საკითხზე გავლენას ვერ იქონიებს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი არ წარმოადგენს მოცემული სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის კანონიერ უფლებებსა და ინტერესზეც არსებით გავლენას მოახდენს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქმეზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებით არ განისაზღვრება უნივერსიტეტის უფლება - მოვალეობები, საქმის მასალებით არ დასტურდება დამოუკიდებელი ინტერესის არსებობა დავის საგნის მიმართ, გამოირიცხება სასამართლოს გადაწყვეტილებით უნივერსიტეტისთვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების შესაძლებლობა. დამატებით საგულისხმოა, რომ განსახილველ საქმეზე კერძო საჩივრის ავტორი ჩაბმულია მესამე პირად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. ამდენად, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას სასამართლო ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მისი საპროცესო სტატუსი დავის არსიდან გამომდინარე სწორად იქნა დადგენილი და უზრუნველყოფილი კერძო საჩივრის ავტორის საქმის განხილვაში მონაწილეობა.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას მისი ადმინისტრაციული წარმოებაში მონაწილეობის აუცილებლობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცეს კანონით დადგენილი პროცედურული წესების დაცვით. ამ მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლი, ითვალისწინებს დაინტერესებული მხარის უფლებას ჩაერთოს ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში კი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ეს ვალდებულება, განსაკუთრებით, ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს დაინტერესებული მხარის სამართლებრივი მდგომარეობა. აღნიშნულისგან განსხვავებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ადგენს სასამართლო წესით საქმის განხილვისას მესამე პირის მონაწილეობას. აღნიშნული ორი ინსტიტუტის მსგავსების მიუხედავად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირველ შემთხვევაში დაინტერესებული პირის ინსტიტუტის გამოყენების ადრესატია ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო მეორე შემთხვევაში - სასამართლო, რომელიც თვითონ განსაზღვრავს მესამე პირის ჩართვის საკითხის მიზანშეწონილობას, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე პირთა სტატუსის მიუხედავად. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული პირის საპროცესო სტატუსი სასამართლოში საქმის განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგების გათვალისწინებით განისაზღვრება და ადმინისტრაციულ წარმოებაში შესაძლო დაინტერესებული პირის არსებობა ყველა შემთხვევაში, არ გულისხმობს სასამართლოში საქმის განხილვისას ამ პირის სავალდებულო წესით მესამე პირად ჩართვის აუცილებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს, რის გამოც არ არსებობს განჩინების გაუქმებისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად მესამე პირად ჩაბმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-16 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 419-ე 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე