საქმე №ბს-56(კ-19) 16 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ქ. თბილისის პროკურატურა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ა-ი (მოსარჩელე)
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ა-მა 2016 წლის 19 აპრილს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციისა და ქ. თბილისის პროკურატურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: მ. ა-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2014 წლის 6 თებერვლის №... ბრძანების ბათილად ცნობა, 2014 წლის 6 თებერვლამდე დაკავებულ პოზიციაზე - საქართველოს შსს საზღვრის დაცვის დეპარტამენტში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო დაცვის დეპარტამენტის №... სამმართველოს (...ი) ...ის თანამდებობაზე აღგენა, თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებით მოცდენილი დორის ხელფასის, წოდებრივი, თანამდებობრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის (2731.25 ლარი) ანაზღაურება და მორალური ზიანის 15 000 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 სექტემბრის საოქმო განჩინებით №3/3046-16 ადმინისტრაციული საქმეზე (მოსარჩელე - მ. ა-ი, მოპასუხეები - საქართველოს საზღვრო პოლიცია და თბილისის პროკურატურა, მესამე პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურება) შეწყდა წარმოება, სარჩელის დაუშვებლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, როგორც არასავალდებულო მესამე პირი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის პროკურატურას დაეკისრა მოსარჩელე მ. ა-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 5 500 (ხუთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; მ. ა-ის სარჩელი თბილისის პროკურატურის მიმართ, მორალური ზიანის დაკისრების შესახებ 9500 (ცხრა ათას ხუთასი) ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურამ. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით ქ. თბილისის პროკურატურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების საფუძველი, რომლის მოთხოვნის უფლება მას წარმოეშვა მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაში გატარებული პერიოდის (2014 წლის 1 თებერვლიდან 2014 წლის 22 ოქტომბრამდე) გამო. პატიმრობაში უკანონოდ ყოფნა დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 ოქტომბრის (საქმე N1/2076-14) განაჩენით, რომლითაც მ. ა-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 25-ე, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა. მ. ა-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში პირის მარეაბილიტირებელ გარემოებას უპირობოდ წარმოადგენს მოსარჩელის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი მსჯავრდებული მ. ა-ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ. შესაბამისად, დადგენილია პირის უდანაშაულობა. აღნიშნული კი წარმოადგენს პირის მარეაბილიტირებელ უპირობო გარემოებას.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ პროკურატურის ბრალეული ქმედების დაუდასტურებლობის პირობებში, დაუშვებელია მისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება, რადგან განსახილველ შემთხვევაში პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, ზიანი ანაზღაურდება ზიანის მიმყენებლის ბრალის მიუხედავად. რაც შესაძლებელს ხდის პირის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას, რამდენადაც იგი შესაძლებელია. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილით იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. რადგან დადგენილია, რომ მოსარჩელის მიმართ უკანონოდ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა და აღნიშნულის შედეგად მოსარჩელე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2014 წლის 1 თებერვლიდან ამავე წლის 22 ოქტომბრამდე. ასევე, ბრალდების წარდგენის მოტივით სამსახურიდან გათავისუფლება დამატებით ამძაფრებდა პატიმრობით გამოწვეულ მორალურ დისკომფორტს. შესაბამისად, დაირღვა მოსარჩელის ღირსებისა და თავისუფლების უფლებები და სახეზეა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ყველა წინაპირობა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს არაქონებრივი ზიანის ოდენობის შეუსაბამობაზე კასატორის მოსაზრებას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით არაქონებრივი ზიანის ოდენობის განსაზღვრისათვის კრიტერიუმს წარმოადგენს „გონივრული და სამართლიანი ანაზღაურება“, რომლის შეფასებასაც სასამართლო ახორციელებს ინდივიდუალურად, ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებების, ასევე დაზარალებულის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე იმ სხვა გარემოებათა მხედველობაში მიღებით, რომლებიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა გადაიტანა დაზარალებულმა. კომპენსაციის მოცულობა კი უნდა განისაზღვროს განცდილი სულიერი ტრავმისა და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც დაზარალებულის მიერ გადატანილ მორალურ ტანჯვას ადასტურებენ. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება აგრეთვე ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის, ბრალის ხარისხისა და სხვა კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში არაქონებრივი ზიანის სახით მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 5500 (ხუთი ათას ხუთასი) ლარის დაკისრება შეესაბამება სამართლიანი ანაზღაურების მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივარში მითითებული პრაქტიკის გაზიარების კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. რამდენადაც, დასტურდება მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანსა და მის მიმართ განხორციელებულ სისხლისსამართლებრივ დევნას შორის. ამასთან, კასატორის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი და აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე