გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 19I 31 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ისაევი (თავმჯდომარე),
მ. გოგელია (მომხსენებელი),
ი. ბიბილაშვილი
განიხილა მარნეულის რაიონული პროკურორის თანაშემწის _ ს. ფ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 13 იანვრის განჩინებაზე, რომლითაც ი. ა-ის ბრალდების საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა მარნეულის რაიონულ პროკურატურას.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით ი. ა-ვს ბრალად ედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ი. ა-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება “---”, რომელსაც შემდგომ ინახავდა უკანონოდ, როგორც პირადად, ასევე, თავის საცხოვრებელ სახლში.
2004წ. 25 მარტს იგი ქ. მარნეულში დააკავეს მარნეულის შს განყოფილების თანამშრომლებმა და ჩატარებული პირადი ჩხრეკისას მისი მარცხენა ფეხის წინდიდან ამოღებულ იქნა 0,7 გრამი ნარკოტიკული საშუალება “---”. შემდეგ ჩატარდა ი. ა-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ასევე ამოღებულ იქნა 0,87 გრამი ნარკოტიკული საშუალება “---”, რომელსაც იგი უკანონოდ ინახავდა. საერთო ჯამში ი. ა-ის პირადი და ბინის ჩხრეკის დროს ამოღებულ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “---”, წონით 1,57 გრამი.
პროკურორი ს. ფ-ძე თავის კერძო საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ სასამართლო კოლეგიის განჩინება უსაფუძვლოა, ემყარება მხოლოდ ი. ა-ის ჩვენებებს და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. პროკურორი თვლის, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეზე შეკრებული მტკიცებულებები და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების თაობაზე.
ადვოკატები _ ქ. გ-ძე და ი. ხ-ნი ითხოვენ სასამართლო კოლეგიის განჩინების უცვლელად დატოვებას.
პროკურორმა დ. მ-მა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს, მოითხოვა განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განჩინება სწორია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
ი. ა-მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ ბრალდება მის წინააღმდეგ მოიგონეს პოლიციის მუშაკებმა. მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია.
ი. ა-ის ჩვენების კრიტიკული შეფასების შედეგად საოლქო სასამართლოს კოლეგიამ სწორად მიუთითა, რომ გამოძიებას არ დაუდგენია მისი დაკავების ადგილი და დრო, სახელდობრ, გასარკვევია, როდის დააკავეს იგი _ 2004წ. 25 მარტის 12 საათზე, 14 საათზე, თუ 18 საათსა და 30 წთ-ზე, როგორც ეჭვმიტანილის დაკავების ოქმშია მითითებული.
პალატა თვლის, რომ ამ საკითხის გადასაწყვეტად დამატებით გამოძიებაში უნდა დაიკითხონ კ-ვი, ნ-ი და დადგინდეს, რა დროსა და რა ვითარებაში მოხდა ი. ა-ის დაკავება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ მიმართებით დამატებითმა გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, თუ რატომ არის ი. ალექპეროვის პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული დროის მონაკვეთი 14-14.30 წთ.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საფუძვლიანია საოლქო სასამართლოს კოლეგიის მითითება, რომ გასარკვევია, არის თუ არა ბ. ნ-ძე, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა, დაინტერესებული პირი. ამ მიმართებით დეტალურად უნდა იქნეს გამოკვლეული, შემთხვევითია თუU არა, რომ ბ. ნ-ძე ასევე დამსწრის სახით მონაწილეობდა გარიმოვის პირად ჩხრეკაში, რომელსაც ატარებდნენ ის პოლიციელები, ვინც ჩაატარეს ი. ა-ის პირადი ჩხრეკა.
სწორია განჩინების მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია დაიკითხონ გამოძიების მიერ ჩხრეკაში მონაწილე დამსწრეები _ ს-ძე და ღ-ძე, რათა გაირკვეს, რა ვითარებაში მოხდა ნარკოტიკული საშუალების ამოღება ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
საკასაციო პალატა ეთანხმება განჩინების მოტივებს და თვლის, რომ მხოლოდ ყველა ზემოთ მითითებული გარემოების გამოკვლევის შედეგად შეიძლება საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მიღება.
საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და პალატა მას არ იზიარებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 13 იანვრის განჩინება ი. ა-ის ბრალდების საქმეზე დარჩეს უცვლელად.
პროკურორის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
პალატის განჩინება სააბოლოა და არ საჩივრდება.