ბს-1394 (კ-18) 08 აპრილი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.2018წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. მ-მა 17.07.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.06.2017წ. №... და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 07.07.2017წ. გადაწყვეტილებების, აგრეთვე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.07.2017წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ლ. მ-ის სახელზე ქ. თბილისში, ...ის ჩიხი N10-ში მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) საკუთრების უფლების გამიჯვნის რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.07.2017წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად იქნა ჩაბმული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.12.2017წ. გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.2018წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.06.2017წ. №... და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 07.07.2017წ. გადაწყვეტილებები, აგრეთვე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.07.2017წ. გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალა ლ. მ-ის სახელზე ქ. თბილისში, ...ის ჩიხი N10-ში მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) საკუთრების უფლების გამიჯვნის რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ლ. მ-ის მოთხოვნაზე უარის თქმის კანონიერება არ დასტურდებოდა, ვინაიდან საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად ლ. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თანამესაკუთრე იყო სახელმწიფო და არა გასაჩივრებულ აქტებში მითითებული ფიზიკური პირი. სააპელაციო პალატის მითითებით ქონების გამიჯვნის თაობაზე არსებობდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობა, რაც ქმნიდა ლ. მ-ის განცხადების დაკმაყოფილების საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორი მიუთითებს დავის ფაქტობრივ გარემოებებზე, სააპელაციო პალატის დასკვნებზე და აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში ლ. მ-თან ერთად უძრავი ქონების მესაკუთრედ სახელმწიფოს აღრიცხვა განხორციელდა ტექბიუროში პირის მესაკუთრედ მითითებული პირის საკუთრების უფლების დაცვა. აღნიშნული რეგისტრაციით მითითებულ პირს მიეცემა შესაძლებლობა საკუთრების უფლება დაირეგისტრიროს საჯარო რეესტრში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ირღვევა ტექბიუროში რეგისტრირებული პირის საზიარო უფლების ხელშეუვალობა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილი, თითქოს იგი წარმოადგენდა ქონების გაყოფაზე თანხმობას. აღნიშნული წერილით სააგენტო გამოთქვამს თანხმობას შიდა აზომვითი ნახაზის შესაბამისად ქონების დარეგისტრირებაზე და არა ქონების გამიჯვნაზე, რის გამოც იგი არ უნდა მიჩნეულიყო ქონების გამიჯვნაზე თანხმობად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ არსებითად სწორად იქნა გადაწყვეტილი მოცემული დავა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დასტურდება ლ. მ-ის და სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, რომლის გამიჯვნის თაობაზე ლ. მ-მა მიმართა საჯარო რეესტრს. სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით ლ. მ-ს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციისათვის თავდაპირველად უნდა მომხდარიყო ტექნიკური აღრიცხვის არქივში რეგისტრირებული თანამესაკუთრის - ა. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და შემდგომ, თანამესაკუთრეთა შეთანხმების საფუძველზე, უძრავი ნივთის გამიჯვნის რეგისტრაცია. აღნიშნულის საფუძვლად კასატორი მიუთითებს ა. ა-ის სამომავლო რეგისტრაციის შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების დაცვის მიზანზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ საფუძველს მოკლებულია აღნიშნულ მიზანზე მითითებით განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვინაიდან ლ. მ-ის მიერ განცხადების წარდგენის დროისათვის, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მასთან ერთად უძრავი ნივთის მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო სახელმწიფო, რომლის მიერ, კერძოდ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 18.05.2017წ. გაცემულია თანხმობა უძრავი ქონების ფართების დაზუსტების თაობაზე (ს.ფ.24). ამდენად, საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებული უძრავი ნივთის ყველა რეგისტრირებული მესაკუთრისაგან გამოხატული იყო ნება უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის თაობაზე. საქმის განხილვისას ლ. მ-ი მიუთითებდა, რომ სახელმწიფოსა და მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები მდებარეობს განცალკევებით, ერთმანეთისგან იზლოლირებულად, ცალ-ცალკე შესასვლელებით და კომუნიკაციებით, რაც დასტურდება აგრეთვე საქმეში დაცული საკადასტრო აზომვითი ნახაზით (ს.ფ.33). აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კასატორს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, დასტურდება, რომ არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და შემდგომში შეწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ა. ა-ის საკუთრების უფლების დაცვასთან მიმართებით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ლ. მ-ის განცხადების შინაარსზე, რომელიც შეეხებოდა უძრავი ქონების გამიჯვნას და არ იწვევდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების გაუქმებას. განცხადების დაკმაყოფილებით ძალაში რჩებოდა სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამდენად, შენარჩუნებული იქნებოდა ა. ა-ის საკუთრების უფლების მომავალში დარეგისტრირების შესაძლებლობა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრის კანონიერი მოთხოვნის უარყოფა საჯარო რეესტრში უფლებადაურეგისტრირებელი პირის სამომავლო საკუთრების უფლების დაცვის მიზანზე მითითებით არ არის თანაზომიერი და არ ამართლებს შეზღუდვას. კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის საკუთრების უფლების, შეზღუდვის შეფასების საზომი, თანაზომიერების პრინციპია. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ სახეზე იყოს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე (საკონსტიტუციო სასამართლოს 26.07.2012წ. გადაწყვეტილება საქმეზე დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ §60). ამდენად, არ დასტურდება ლ. მ-ის მიერ უფლების განხორციელებაზე უარის თქმისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონიერების და თანაზომიერების პრინციპების დაცვა. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული გარემოებები მართებულად გახდა სააპელაციო სასამართლოს მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამდენად, დასტურდება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის მართებულობა მითითებულ საკითხზე და კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.2018წ. გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.12.2018წ. N№33088 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი