საქმე Nბს-1277(კ-18) 4 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „...ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „...მა“ 2015 წლის 27 აგვისტოს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 27 ივლისის №QN 1319672 გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტის ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 27 ივლისის №QN 1319672 გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტი, ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობის ნაწილში. ბათილად ცნობილ ნაწილში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა განისაზღვრა მისი ბათილად ცნობის დღიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სს „...მა“ 2015 წლის 18 ივნისს ¹№ქნ1319672 ელექტრონული განცხადებით მიმართა სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს და ითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემა. ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას და სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად განიხილავს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხსა და თანხმობის გაცემის შემთხვევაში, იმ პირობების/შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელიც უნდა შეასრულოს განმცხადებელმა. აღნიშნული წესის მე-4 მუხლი ითვალისწინებს ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გაცემის შესაძლებლობას გარკვეული შეზღუდვით ან/და პირობით, კერძოდ „კ“ ქვეპუნქტის თანახმად - ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნას არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გასაცემად უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟთან დაკავშირებით სამუშაოთა თავისებურებებისა და მახასიათებელების მხედველობაში მიღებით, ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტისას, სააგენტომ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელთან ერთად უნდა შეისწავლოს როგორც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, ასევე სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის დათვალიერების შედეგები.
სსიპ - ქონების მართვის სააგეტნოს 2015 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „...ის“ განცხადება და მიეცა თანხმობა ქ. თბილისში, ...ის ქუჩის მიმდებარედ ელ. მომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების განხორციელებაზე №1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, ¹№2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, №3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტის თანახმად - ...ის ქუჩაზე მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოეწყოს ახალი №3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნას არსებული ბორდიულის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №19-75 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თაობაზე თანხმობის გაცემისას სააგენტოს უფლება აქვს განმცხადებელს კანონმდებლობის შესაბამისად დაუწესოს შეზღუდვა ან/და სხვა პირობები. მოცემულ შემთხვევაში კი სსიპ - ქონების მართვის სააგენტომ მიიჩნია ხაზობრივი ნაგებობის განთავსება განხორციელდეს იმგვარად, რომ ტროტუარი აღდგეს არა მხოლოდ თხრილის ფარგლებში, არამედ სრულად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ - ქონების მართვის სააგენტომ კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდეგ, საჯარო და კეძო ინტერესების ურთიერთშეპირიპირების გზით უნდა განსაზღვროს ამა თუ იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობა. კასატორის მოსაზრებით მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია საჯარო ინტერესები, რადგან ქალაქის ქუჩების კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩასატარებლად ყოველწლიურად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტში გამოიყოფა შესაბამისი თანხები. სსიპ - ქონების მართვის სააგენტოში ყოველდღიურად შემოდის სს „...ის“ ათეულობით განცხადება და კომპანიის მიერ ასფალტის საფარის აღდგენა მხოლოდ თხრილის ფარგლებში და ასფალტის საფარის დაზიანება სწორედ რომ ზიანის მომტანია საჯარო ინტერესებისთვის და დედაქალაქის მაცხოვრებელებისთვის. სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდა სწორედ ის გარემოება, რომ დაინტერესებული მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან ერთად ასევე გათვალისწინებული ყოფილიყო საჯარო ინტერესიც. ამასთან, სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს დებულებით განსაზღვრული ფუნქიების განხორციელებისას ასევე ვალდებულია საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურება და აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. შესაბამისად, სააგენტოს, როგორც საჯარო დაწესებულებას გააჩნია ვალდებულება სამუშაოს შემსრულებელს დაუდგინოს განსაკუთრებული პირობები და შეზღუდვები შესაბამისი სამუშაოს შესასრულებლად. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა განსახორციელებელი სამუშაოს ტერიტორიაზე მიუხედავდ თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარის მოწყობასთან დაკავშირებული პირობების სავალდებულოდ დადგენა სს „...ისთვის“, ხოლო აუცილებელი გარემოების არსებობას ადასტურებს სააგენტოს მიერ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურთან ერთად.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ როდესაც სს „...ი“ გაეცნო სააგენტოს №ქნ1319672 გადაწყვეტილებას და შეასრულა სამუშაოები აღნიშნული გადაწყვეტილების თანდართული პირობების შესაბამისად, ამით კომპანია დაეთანხმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია თუ მიიჩნევდა, რომ გადაწყვეტილება ზიანს აყენებდა მის უფლებას და ინტერესს შეეძლო ჯერ კიდევ მის შესრულებამდე სადავოდ გაეხადა სააგენტოს გადაწყვეტილება და თანდართული პირობები. ამგვარად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება სააგენტოს კანონსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად სს „...ის“ კანონიერი უფლების ან ინტერესებისთვის ზიანის მიყენების ფაქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სამეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები კასატორის მოსაზრებით ცხადყოფს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი ფარემოებები და ის სამართლებრივი ნორმა, რომლის საფუძველზე იქნა მიღებული სადავო გადაწყვეტილება. შესაბამისად, სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ ისე დაუწესა განმცხადებელს კანონისაგან განსხვავებული პირობა (მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა), რომ სადავო აქტი არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას, რა ისეთი სახის აუცილებლობა არსებობდა, რამაც გამოიწვია განმცხადებისათვის - სს „...ისთვის“ კანონისაგან გასხვავებული პირობის დაწესება. აღნიშნულის დასაბუთებას კი ამ კონკრტულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა გააჩნდა, რადგან ასეთ შემთხვევში უპირველეს ყოვლისა სახეზეა გარემოება, როდესაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუსაბუთებელია და შესაბამისობაში არ არის ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მოთხოვნებთან, ხოლო მეორე მხრივ კი აღნიშნულის დასაბუთება ასევე არსებითი მნიშვნელობის მქონეა იმ თვალსაზრისით, რათა დადგინდეს, ასეთი სახით სამუშაოს შესრულების განსხვავებული პირობის დაწესება ხომ არ გამოიწვევს განმცხადებლის - სს „...ის“ კანონიერი უფლებების არსებით ხელყოფას, რაც გამოიხატება განმცხადებლისათვის პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენებაში.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების შესახებ კასატორის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია ეფუძნება სუბიექტურ მოსაზრებებს და არ შეიცავს სათანადო მტკიცებულებებით გამყარებულ ობიექტურ მოსაზრებებს, რომლებიც შესაძლოა გამხდარიყო საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართალწარმოების ვერც ერთ ეტაპზე ვერ იქნა წარმოდგენილი დადგენილი გარემოებების გამომრიცხავი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებები. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. ამასთან, კასატორის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი და აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/ნ 205296375) დაუბრუნდეს 14.09.2018წ. №02400 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე