#ბს-453(კ-19) 10 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. ხ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 21 ივნისს გ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, უძრავი ქონება, მდებარე ქ. დმანისში, ...ას ქუჩა #... (ყოფილი ...ის ქუჩა #...) წარმოადგენს მის საკუთრებას. აღნიშნული ქონება 1998 წლის 21 აპრილიდან ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში ირიცხებოდა მოსარჩელის - გ. ხ-ის სახელზე. მოსარჩელის სახელზე გაცემულია ტექნიკური პასპორტი.
მოსარჩელის მითითებით, ვინაიდან იგი წავიდა რუსეთში საცხოვრებლად, სახლი დროებით დაუტოვა მესამე პირებს. 2017 წლის 1 ივნისს გ. ხ-მა მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მისი კუთვნილი ქონების, მდებარე - ქ. დმანისი, ...ას ქუჩა #..., დასარეგისტირებლად, რაზეც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უთხრა უარი იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ქონება რეგისტრირებული იყო მესამე პირების საკუთრებაში. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, 2001 წლის 2 ნოემბრის პირველადი რეგისტრაცია არის უკანონო, რადგან რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია მიწის მიღება-ჩაბარების აქტი #124, რომელიც არ არსებობს, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 თებერვლის მესამე პირების სახელზე დაზუსტებული რეგისტრაციის საფუძვლად ასევე მითითებულია საარქივო ცნობა #... . აღნიშნულ ცნობაში სადავო ქონების მესამე პირების კუთვნილების შესახებ არ არის მითითებული. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს მის საკუთრებას და მესამე პირების სახელზე განხორციელებული რეგისტრაციები არის უკანონო, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, რის გამოც მოითხოვს მათი რეგისტრაციის ბათილად ცნობას.
ამდენად, მოსარჩელემ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. #...) პირველადი რეგისტრაციის, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის 2017 წლის 14 თებერვლის #... გადაწყვეტილების, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე #00005 დათვალიერების ოქმის, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 27 იანვრის #07/275 წერილის ბათილად ცნობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქ. დმანისში მდებარე სადავო უძრავი ქონების მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექისი 29-ე და 30-ე მუხლების თანახმად, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, კერძოდ, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის #... გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით მოსარჩელის - გ. ხ-ის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; შეჩერდა რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის #... გადაწყვეტილების მოქმედება, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ა. ო-ი, დ. ო-ი, ე. ო-ი, მ. ო-ი და მა. ო-ი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება მოსარჩელე გ. ხ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
2017 წლის 28 დეკემბერს გ. ხ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ 2017 წლის 28 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, გ. ხ-ის დამ - ე. ხ-ამ მიიღო სამკვიდრო მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით. ამდენად, იგი წარმოადგენდა გ. ხ-ის მემკვიდრეს - უფლებამონაცვლეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 იანვრის განჩინებით განახლდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება მოსარჩელე გ. ხ-ის კანონიერი მემკვიდრე (და) - ე. ხ-ას სარჩელისა გამო მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის და მესამე პირების - ა. ო-ის, დ. ო-ის, ე. ო-ის, მ. ო-ისა და მა. ო-ის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ. ხ-ის უფლებამონაცვლის - ე. ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინება, რომლითაც სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის #... გადაწყვეტილების მოქმედება.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ხ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ე. ხ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 1992 წლის 18 იანვრის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის #48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის #128 დადგენილებით დაწესდა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრული ნორმები და განისაზღვრა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გადაცემა განხორციელდეს 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით, ხოლო 1992 წლის 1 იანვრის შემდეგ გაყრის შედეგად წარმოქმნილი ახალი კომლები დაკმაყოფილდნენ ამ მიზნით სარეზერვო ფონდის შექმნის შემდეგ.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები გადაეცემოდათ 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხულ კომლებს. იმის გათვალისწინებით, რომ კომლი, რომლის წევრებსაც მა. ო-ე და მისი ოჯახი წარმოადგენდა რეგისტრირებული იყო 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მა. ო-ე უნდა ჩათვლილიყო იმ სუბიექტად, რომელსაც შეეძლო რეფორმის ფარგლებში მიეღო საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ხ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორი წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში, აგრეთვე, შუამდგომლობს დმანისის პოლიციის სამმართველოდან და იუსტიციის სახლიდან მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე.
კასატორის მითითებით, მესამე პირებმა თავად აღიარეს, რომ სადავო ქონება ეკუთვნოდა ე. ხ-ას წინაპრებს და ელენ და გ. ხ-ების მამის - ვ. ხ-ის თანხმობით, ისინი შევიდნენ სადავო ბინაში. მესამე პირები სასამართლოს სხდომებზე მიუთითებდნენ სარჩელის ხანდაზმულობაზე და აცხადებდნენ, რომ სახელმწიფომ შეუსყიდა ეს ქონება, სასამართლო კი აცხადებს, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო ქონება ეკუთვნოდა მათ წინაპრებს. კასატორის მითითებით, მათ წარდგენილი აქვთ საბინაო წიგნი, ნოტარიატის არქივიდან მთელი რიგი დოკუმენტები და საარქივო ცნობა, რომ ი. ხ-ს დმანისში ერიცხება მიწის ნაკვეთი და სახლი, რითიც დასტურდება, რომ სადავო ბინა მოსარჩელეს ეკუთვნის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ხ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ხ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. #...) პირველადი რეგისტრაციის, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის 2017 წლის 14 თებერვლის #... გადაწყვეტილების, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე #00005 დათვალიერების ოქმის, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 27 იანვრის #07/275 წერილის კანონიერება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქ. დმანისში მდებარე სადავო უძრავი ქონების მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლოს აღნიშვნით, მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხო ბარათიდან ირკვევა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ #...) პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2001 წლის 2 ნოემბერს მიწის მიღება-ჩაბარების აქტის #248 საფუძველზე. მითითებულ პერიოდში მიწის პირველადი რეგისტრაცია რეგულირდებოდა „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონით, რომლის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწისა და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდებოდა სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა სხვა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრებოდა ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირველადი რეგისტრაცია შეიძლება მომხდარიყო ორ საფუძველზე: მიწის და სხვა უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენისა და ამ ქონებაზე უფლებების გადასვლის საფუძველზე.
დადგენილია, რომ მა. ო-ის (ოჯახი) საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნეულია მიწის მიღება-ჩაბარების აქტი #124, ასევე დადგენილია, რომ საარქივო ცნობის მიხედვით, მა. ს. ო-ე ცალკე კომლად არ ფიქსირდება. იგი ირიცხება კომლში, რომლის უფროსად ჩაწერილია ა. დ. ო-ი. კომლის შემადგენლობაში ასევე ირიცხებიან შვილი - მ. ა. ო-ი; შვილი - ე. ა. ო-ი; შვილი - დ. ა. ო-ი; საარქივო ცნობა კომლზე რიცხული ქონებრივი მდგომარეობის შესახებ რაიმე ინფორმაციას არ შეიცავს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების ნორმების გადიდებისა და მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემის წესი დადგინდა 1992 წლის 18 იანვრის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის #48 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ. აღნიშნული დადგენილების მეორე ნაწილით განიმარტა, რომ მიწა კერძო საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცემოდათ მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს. უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს მიწა გადაეცემოდათ დროებით სარგებლობაში. იმავე დადგენილების მე-5 ნაწილით დადგინდა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოთ გადადის მათ კერძო საკუთრებაში.
ამდენად, მითითებული დადგენილებით მიწა კერძო საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცემოდათ მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს. 1992 წლის 18 იანვრის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის #48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის #128 დადგენილებით დაწესდა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრული ნორმები და განისაზღვრა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გადაცემა განხორციელდეს 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით, ხოლო 1992 წლის 1 იანვრის შემდეგ გაყრის შედეგად წარმოქმნილი ახალი კომლები დაკმაყოფილდნენ ამ მიზნით სარეზერვო ფონდის შექმნის შემდეგ. შესაბამისად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთები გადაეცემოდათ 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხულ კომლებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ იმის გათვალისწინებით, რომ კომლი, რომლის წევრებსაც მა. ო-ე და მისი ოჯახი წარმოადგენდა რეგისტრირებული იყო 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მართებულად იქნა მიჩნეული, რომ მა. ო-ე უნდა ჩათვლილიყო იმ სუბიექტად, რომელსაც შეეძლო რეფორმის ფარგლებში მიეღო საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მა. ო-ის (ოჯახი) სახელზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია შეესაბამება რეგისტრაციის პერიოდში „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონს და მოქმედ ნორმატიულ აქტებს, 1992 წლის 18 იანვრის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის #48 დადგენილებას და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის #128 დადგენილებას.
ამასთან, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში და საჯარო რეესტრში გ. ხ-ის სახელზე სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის. ასევე დადგენილია, რომ ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცული დმანისის რაიონის ქალაქ დმანისის 1986-1990, 2001-2009 წლების საკომლო წიგნებში არ აღმოჩნდა ჩანაწერი გ. ვ. ხ-ის ზოგადად კომლის, მისი კომლის შემადგენლობისა და კომლზე რიცხული ქონების შესახებ.
საკასაციო საჩივარში მტკიცებულებათა გამოთხოვასთან დაკავშირებით წარმოდგენილ შუამდგომლობებთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადასინჯოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერება სამართლებრივი თვალსაზრისით, შეამოწმოს მისი შესაბამისობა მოქმედ საპროცესო და მატერიალურ ნორმებთან, ხოლო საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და ახალი მტკიცებულებების მოპოვების პროცესუალური კომპეტენცია საკასაციო სასამართლოს არა აქვს მინიჭებული. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს, სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, იგი არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობები საკასაციო პალატის მიერ მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ე. ხ-ას საკასაციო საჩივარზე დ. ნ-ს 22.04.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დ. ნ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ე. ხ-ას საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ხ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ე. ხ-ას შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინება;
4. დ. ნ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ე. ხ-ას საკასაციო საჩივარზე მის მიერ 22.04.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი