Facebook Twitter

#ბს-544(კ-19) 10 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს „...ას“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2016 წლის 29 აგვისტოს სს „...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 11 აგვისტოს დააკმაყოფილა მოქალაქე მ. ჯ-ის განცხადება და უსაფუძვლოდ მიიჩნია ენერგოკომპანიის მიერ 2016 წლის 10 მაისს განხორციელებული დარიცხვა. ამასთან, კომპანიას დაევალა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება და შესაბამისი ცვლილების აბონენტის ბარათზე ასახვა. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნა მიქცეული. მოსარჩელე არ ეთანხმება ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ იგი მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, მიღებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა იგნორირებით, რაც მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 აგვისტოს #54/6 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა მ. ჯ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით სს „...ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის განჩინებით სს „...ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე–11 მუხლის მე–13 პუნქტზე, აგრეთვე, საქმეზე წარმოდგენილ აბონენტის ბარათის მონაცემებზე, რომლითაც დგინდებოდა, რომ #... აბონენტის მრიცხველი ელექტროენერგიის ხარჯს აღრიცხავდა 2015 წლის 1 თებერვლიდან 2015 წლის 23 აპრილის ჩათვლით - 58კვტ.სთ-ს და ხდებოდა მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქმეში წარმოდგენილ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 აგვისტოს #55 სხდომის ომში მითითებული გარემოება, რომ კომპანიის მიერ მრიცხველის დაზიანება არ გამოკვლეულა დადგენილი წესით, კერძოდ, არ განხორციელებულა სადავო მრიცხველის საექსპერტო შემოწმება, რაც გახდებოდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე–11 მუხლის მე–13 პუნქტით გათვალისწინებული დარიცხვის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებს ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც იგი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ მ. ჯ-ის მრიცხველი სრულად არ აღრიცხავდა რეალურად მოხმარებულ ელექტროენერგიას. აღნიშნულის თაობაზე არსებობს მომხმარებლის მიერ ხელმოწერილი აქტი, 2016 წლის 16 ივნისის განცხადება, სადაც იგი სემეკს სთხოვს, შეამოწმოს დარიცხვის საფუძვლიანობა (და არა დარიცხული თანხის სრულად გაუქმება). კასატორის განმარტებით, იგი თავადვე ადასტურებდა, რომ მისი მრიცხველი დაზიანებული იყო, რომელიც შემდგომ ენერგოკომპანიამ შეუცვალა.

კასატორის მითითებით, გაუმართავი მრიცხველის არსებობა დარიცხვის სრულიად საკმარისი სამართლებრივი საფუძველია და ეს გარემობა არ აძლევს მ. ჯ-ეს იმის უფლებას, რომ მან უფასოდ მოიხმაროს ელექტროენერგია. კასატორი მიუთითებს, რომ ვერც სემეკმა და ვერც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ენერგოკომპანიის მიერ განხორციელებულ დარიცხვაში სამართლებრივი კუთხით ვერანაირი შესწორება ვერ შეიტანეს, ვერ შეცვალეს გამოყენებული მუხლი. მოცემული დავის ამგვარი გადაწყვეტით სადავო პერიოდში - 2016 წლის მაისის თვეში ენერგოკომპანიას ფაქტობრივად დაეკისრა მ. ჯ-ისათვის ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდების ვალდებულება, რაც, კასატორის მითითებით, ცხადია, სწორი და კანონიერი დაშვება ვერ იქნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „...ას“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 აგვისტოს #54/6 გადაწყვეტილების კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 23 აპრილს სს „...ამ“ შეამოწმა მ. ჯ-ის აღრიცხვის კვანძი და შეადგინა აღრიცხვის კვანძის შემოწმება–მიღების აქტი #..., რომლის მიხედვით მრიცხველი მოხმარებულ ელექტროენერგიას აღრიცხავდა პერიოდულად. 2016 წლის 10 მაისს სს „...ამ“ შეადგინა დარიცხვის აქტი #..., რომლითაც #... აბონენტს დაარიცხა აღურიცხავი ელექტროენერგიის საფასური საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე–11 მუხლის მე–13 პუნქტის თანახმად – 2015 წლის 1 თებერვლიდან 2015 წლის 23 აპრილამდე დარღვევის პერიოდზე, რამაც შეადგინა 183,02 ლარი. დადგენილია, რომ მ. ჯ-ე არ დაეთანხმა აღნიშნულს და განცხადებით (საჩივრით) მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რომლითაც აღურიცხავად მოხმარებული ელექტროენერგიის მოხმარებისთვის დარიცხული თანხის – 183,02 ლარის გაუქმება მოითხოვა. საჩივრის ავტორის განმარტებით, 2015 წლის ოქტომბრამდე მითითებულ მისამართზე მუდმივად არავინ ცხოვრობდა, ხოლო 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის მაისამდე ცხოვრობდა მისი ნათესავი, რომელიც სახლში იმყოფებოდა ყოველ მესამე დღეს, ვინაიდან გადიოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებზე“, რომლის მე–11 მუხლის მე–13 პუნქტის თანახმად, თუ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა (ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა შეუძლებელია (ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), მომხმარებელს ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდში, მის მიერ სამი კალედნარული თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე წარმოდგენილი აბონენტის ბარათის მონაცემებზე, რომლითაც დგინდება, რომ #... აბონენტის მრიცხველი ელექტროენერგიის ხარჯს აღრიცხავდა 2015 წლის 1 თებერვლიდან 2015 წლის 23 აპრილის ჩათვლით - 58 კვტ.სთ-ს და ხდებოდა მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა. საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში წარმოდგენილ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 აგვისტოს #55 სხდომის ომში მითითებული გარემოების გაზიარებას, რომ კომპანიის მიერ მრიცხველის დაზიანება არ გამოკვლეულა დადგენილი წესით, კერძოდ, არ განხორციელებულა სადავო მრიცხველის საექსპერტო შემოწმება, რაც გახდებოდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე–11 მუხლის მე–13 პუნქტით გათვალისწინებული დარიცხვის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სს „...ას“ საკასაციო საჩივარზე 19.02.2019წ. #68617001 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სს „...ას“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „...ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის განჩინება;

3. სს „...ას“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.02.2019წ. #68617001 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი