Facebook Twitter

#ბს-582(კ-19) 10 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 15 ივნისს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის #345/22 გადაწყვეტილების I და II პუნქტების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, იგი წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ იურიდიულ პირს, რომელიც სხვა მომსახურებებთან ერთად ახორციელებს სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფას. იგი საზღვარგარეთ წამოწყებულ საერთაშორისო სატელეფონო ზარებს ტრანზიტით ატარებს საკუთარ ტექნიკურ საშუალებებში და ასრულებს საქართველოში, კერძოდ მ...ის, ჯ...ის, ს...ისა და სხვა ქსელის/აბონენტების მფლობელი ოპერატორების ქსელებში. აღნიშნული მომსახურების გაწევისათვის ...ი ხელშეკრულებას აფორმებს უცხოურ ოპერატორებთან, რომლებიც ონლაინს უხდიან საფასურს საქართველოში ყოველი დასრულებული და შემდგარი სატელეფონო კავშირისათვის. თავის მხრივ, ...ი საერთაშორისო ზარების საქართველოში დასრულებისათვის/ტერმინაციისათის ადგილობრივ ქსელის/აბონენტების მფლობელ ოპერატორებთან აფორმებს სატელეფონო ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებს და უხდის მათ ზარის დასრულების/ურთიერთჩართვის საფასურს. მოსარჩელის მითითებით, კომისიამ გასაჩივრებული 2017 წლის 16 მაისის #345/22 გადაწყვეტილებით დაადგინა ავტორიზებული პირის მიერ საკუთარ ქსელში და სხვა ავტორიზებულ პირის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულებისათვის ერთი ტარიფი. სადავო რეგულაციის ამოქმედების შედეგად დადგინდა ისეთი სატარიფო რეჟიმი, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ ქსელის მფლობელი ოპერატორების ინტერესებს და ტრანზიტორ ოპერატორებს, მათ შორის ...ს, ქსელის მფლობელ ოპერატორებთან შედარებით აყენებს არაკონკურენტულ და არათანაბარ პირობებში. შესაბამისად, არღვევს მის კანონიერ უფლებებს და აყენებს მნიშვნელონ ზიანს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ შპს „ჯ...ი“, შპს „მ...ი“, შპს „მო...ი“, სს „ს...ი“, შპს „ა...ი“, შპს „ახ...ი“, შპს „ი...ი“ და შპს „სა...ა“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის #345/22 გადაწყვეტილებით დადგინდა საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაცია, რომლის თანახმად: 1) პირის მიერ საკუთარ ქსელში და ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფები: ა) მოძრავ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულება: 0.22 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი (გადასახადების ჩათვლით); ბ) ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულება: 0.12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი (გადასახადების ჩათვლით); ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „ჯ...ს“, შპს ,,მ...ს“, შპს ,,მო...ს“, სს „ს...ს“, შპს „ა...ს“, შპს „ახ...ს“, შპს „ი...ს“ და შპს „სა...ას“ დაევალათ 2017 წლის 1 ივნისამდე გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარედგინათ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელსაც უნდა მოეცვა მხოლოდ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მიწოდების არსებით პირობები, მათ შორის: ა) საერთაშორისოზარის დასრულების ტარიფები, განზომილების შესაბამის ერთეულებში - ა.შ.შ. დოლარი/წუთი; ბ) ანგარიშსწორების პირობები. მოპასუხის პოზიციის თანახმად, სადავო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა არაერთმა გარემოებამ. მოპასუხემ მიუთითა საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის სტატისტიკურ მონაცემებზე, რომლის შესაბამისად, საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების მოცულობის პერმანენტულმა შემცირებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ტრაფიკის კლების ასეთი ტენდენცია უარყოფითად აისახა არა მარტო კომპანიების შემოსავლებზე, არამედ ქვეყნის ბიუჯეტში შეტანილ აქციზის გადასახადის მოცულობაზეც, რაც დასტურდებოდა 2015 და 2016 წლების მონაცემების ანალიზის შედეგებით. საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის შემოღებიდან 2015 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში აქციზის სახით შევიდა 37.1 მილიონი ლარი, ხოლო 2016 წელს 24.5 მილიონი ლარი. აღინიშნა, რომ საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის, კერძოდ ურთიერთჩართვის ტარიფისაგან განსხვავებული ტარიფის დადგენის ძირითადი საფუძველია ავტორიზებული პირების უცხოეთის ქვეყნების (განსაკუთრებით რეგიონში არსებული ქვეყნების - რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, უკრაინა, თურქეთი) კომპანიებთან ანგარიშსწორებისას დისბალანსის მაქსიმალური შემცირება. ამავე დროს, საერთაშორისო ზარის დროებით რეგულაციის პირობები, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად ზრდის ავტორიზებული პირების მიერ საზღვარგარეთის კომპანიებისგან მიღებულ შემოსავლებს, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტში აქციზის გადასახადის შენატანებს, ასევე, ზრდის საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინებას (რადგან ამ რეგულაციით დადგენილი ტარიფები განისაზღვრება აშშ დოლარში). ამასთან ერთად, საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაცია გავლენას არ ახდენს ადგილობრივი მომხმარებლებისთვის დაწესებულ სატელეფონომომსახურების ტარიფებზე. ასევე შესწავლილი იქნა საერთაშორისო პრაქტიკა საერთაშორისო ზარების დასრულებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის რიგ ქვეყნებში (ლატვია, ლიტვა, უნგრეთი, მაკედონია, ბელგია, ხორვატია, ნორვეგია. წყარო: http://www.culleninternational.com/product/documents/ FLTEEU20150102) დასაშვებად იქნა ცნობილი საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე არა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის ურთიერთჩართვის ტარიფებისაგან განსხვავებული ტარიფების დაწესება. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით ამ მომსახურებაზე ოპერატორებისთვის ერთი ტარიფი მოქმედებს. საჯარო განხილვისას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირებმა, კერძოდ, შპს ,,ჯ...მა“, შპს ,,მ...მა“ და შპს ,,მო...მა“ გამოთქვეს მზადყოფნა საქართველოში ე.წ. „SIMBOX“-ების საშუალებით შემომავალი საერთაშორისო ზარის პრევენციის მიზნით გაამკაცრონ და კონტროლს დაუქვემდებარონ SIM ბარათების რეალიზაციის პრაქტიკა; უზრუნველყონ საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მომსახურების დროს ეფექტური კონტროლის და მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება; შესაძლო დარღვევების გამოვლენის და პრევენციის მიზნით ეფექტურად ითანამშრომლონ კომისიასთან და შესაბამის სამართალდამცავ სტრუქტურებთან. ამასთან ერთად, მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბების უზრუნველყოფის მიზნით, შპს ,,ჯ...მა“, შპს ,,მ...მა“, შპს ,,მო...მა“, სს „ს...მა“, შპს „ა...მა“ და შპს „ახ...მა“ მზადყოფნა გამოთქვეს მონიტორინგის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით ხელშეკრულება დადონ შესაბამისი გამოცდილების მქონე ერთი და იმავე საერთაშორისო კომპანიასთან, უზრუნველყონ კომისიის მიერ განსაზღვრულ პირთა წრის შეუზღუდავი წვდომა მონიტორინგის მონაცემებთან. საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე ერთიანი ტარიფის მოქმედების პირობებში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ოპერატორებმა ასევე მზადყოფნა გამოთქვეს ავტორიზებული პირების მიერ მათ ქსელში ტრაფიკის მოზიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულების საფუძველზე გადაუხადონ მათ მომსახურების საფასური.

სააპელაციო სასამართლომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით აღნიშნა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კანონისმიერი ვალდებულებაა უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება. შესაბამისად, ამ მიზნით კომუნიკაციიის მარეგულირებელ სფეროში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრვი აქტის გამოცემისას მნიშვნელოვანია მიზნისა და მის მისაღწევად გამოყენებული საშუალებების თანაზომიერების დაცვა. საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენისას კომისია დაეყრდნო სტატისტიკურ მონაცემებს, საერთაშორისო პრაქტიკას და მოუსმინა ამ სფეროში მონაწილე სუბიექტებს (ავტორიზებულ პირები) და მიზანშეწონილად ჩათვალა პირის მიერ საკუთარ ქსელში და ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულებისათვის ერთიანი ტარიფის დადგენა. ამ პროცესში მოძიებული ინფორმაციის შედეგად, სასამართლომ სწორად მიიჩნია მართებულად საქართველოს საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ რეალობასთან მისადაგებისათვის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველა ავტორიზებული პირის, როგორც ქსელის მფლობელი, ასევე ტრანზიტორი ოპერატორების ამ სფეროში თანაბარ კონკურენტულ პირობებში ჩაყენება, ვინაიდან ერთი და იმავე მომსახურებაზე ავტორიზებული პირებისათვის სხვადასხვა ტარიფის დაწესება ვერ უზრუნველყოფდა ბაზარზე მათ საქმიანობის კონკურენტულ პირობებთან თავსებადობას. ამასთან, საქმის განხილვისას მოსარჩელის მხრიდან არ დადასტურდა ამ რეგულაციის დადგენით ბაზრის ამ სეგმენტზე არსებითი გავლენის მოხდენა და კონკურენციის შეზღუდვა.

ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენა წარმოადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც მას მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სასამართლოს არ შეუფასებია რამდენად დიდ ზიანს აყენებდა სადავო რეგულაცია ტრანზიტორ კომპანიებს, მათ შორის, შპს „...ს“. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სასამართლო იურიდიულად დეტალურად არ ასაბუთებს კონკურენციის საკითხს, როგორ უზრუნველყოფს კომისიის მიერ მიღებული სადავო აქტი კონკურენციის დარეგულირებას და შესაბამისად, როგორ პასუხობს იგი კანონის მოთხოვნებს.

კასატორის მითითებით, კომისია სადავო აქტს ასაბუთებს მხოლოდ საერთაშორისო ბაზრის სეგმენტზე მოქმედი მნიშვნელოვანი ძალაუფლებისა და ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ინტერესების დაცვით და უგულებელყოფს ავტორიზებული ტრანზიტორი კომპანიების ინეტერესებს ამ აქტის მიღებით, რაც, კასატორის მოსაზრებით, სადავო აქტის უკანონობაზე მიუთითებს. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას დეტალურად უნდა მოეკვლია მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, პირველ რიგში სადავო აქტი და მიეღო სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის #345/22 გადაწყვეტილების I და II პუნქტების ბათილად ცნობა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კომისია თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/დანებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს. მითითებული ნორმის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში, რომელიც მნიშვნელოვან და არა გარდამავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, ამ მნიშვნელოვანი და არა გარდამავალი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრამდე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილებით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირისთვის სათანადო, ეფექტიანი რეგულაციების დადგენა. მითითებული კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კანონისმიერი ვალდებულებაა უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება. შესაბამისად, ამ მიზნით კომუნიკაციიის მარეგულირებელ სფეროში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრვი აქტის გამოცემისას მნიშვნელოვანია მიზნისა და მის მისაღწევად გამოყენებული საშუალებების თანაზომიერების დაცვა. როგორც სასამართლომ აღნიშნა, საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენისას კომისია დაეყრდნო სტატისტიკურ მონაცემებს, საერთაშორისო პრაქტიკას და მოუსმინა ამ სფეროში მონაწილე სუბიექტებს (ავტორიზებულ პირები) და მიზანშეწონილად ჩათვალა პირის მიერ საკუთარ ქსელში და ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულებისათვის ერთიანი ტარიფის დადგენა. ამ პროცესში მოძიებული ინფორმაციის შედეგად, სასამართლომ სწორად მიიჩნია მართებულად საქართველოს საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ რეალობასთან მისადაგებისათვის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველა ავტორიზებული პირის, როგორც ქსელის მფლობელი, ასევე ტრანზიტორი ოპერატორების ამ სფეროში თანაბარ კონკურენტულ პირობებში ჩაყენება, ვინაიდან ერთი და იმავე მომსახურებაზე ავტორიზებული პირებისათვის სხვადასხვა ტარიფის დაწესება ვერ უზრუნველყოფდა ბაზარზე მათ საქმიანობის კონკურენტულ პირობებთან თავსებადობას. ამასთან, საქმის განხილვისას მოსარჩელის მხრიდან არ დადასტურდა ამ რეგულაციის დადგენით ბაზრის ამ სეგმენტზე არსებითი გავლენის მოხდენა და კონკურენციის შეზღუდვა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...ს“ საკასაციო საჩივარზე 15.04.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინება;

3. შპს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.04.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი