#ბს-628(კ-19) 10 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 15 ივლისს დ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 22 ივნისის #... ბრძანების ბათილად ცნობა, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ...ოს პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განაცდური თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს, ასევე მისი თანამდებობაზე არყოფნის მთელი პერიოდისათვის დანამატის (წელთა ნამსახურების) თანამდებობაზე აღდგენამდე სრულად ანაზღაურებისა და შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ოდენობით 2016-2017 წლების გამოუყენებელი ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებული გარემოება, თითქოს ადგილი ჰქონდა სამსახურებრივ გადაცდომას და სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, არ შეესაბამება სიმართლეს. მის მიმართ არ არსებობს არც ერთი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ გარემოებას დაადასტურებს. მოსარჩელის მითითებიით, იგი 1997 წლიდან მუშაობდა ძალოვან სტრუქტურაში და კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განჩინებით დ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე არც მის მიერ სხვა თანამდებობაზე მივლენამდე და არც მივლინების შემდგომ დაკავებულ თანამდებობაზე ცხადდებოდა და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მივლინების შესახებ ბრძანების ოფიციალურად გაცნობის ვალდებულების დარღვევა არ ათავისუფლებდა აპელანტს მასზედ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისგან. პალატამ აღნიშნა, რომ იმ პირობებშიც, თუკი აპელანტისთვის უცნობი იყო მივლინების შესახებ, მას უნდა გაეგრძელებინა ...ის მოვალეობა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ყოველგვარი სათანადო საფუძვლის გარეშე 2016 წლის 15 თებერვლიდან დ. ბ-ი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა არც ერთ თანამდებობაზე. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა დ. ბ-ის მხრიდან სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მოკლებულია ლოგიკურ მსჯელობას, ვინაიდან მისთვის ცნობილი არ ყოფილა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ს...ის ქვეგანყოფილებაში მისი მივლენის შესახებ და იგი ამ სამსახურში არა თუ 15 აპრილიდან, არამედ არც 15 თებერვლიდან გამოცხადებულა. კასატორის მითითებით, იგი 2017 წლის 2 აგვისტომდე არ გაცნობია მივლინების შესახებ ბრძანებას. მოცემული ბრძანების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა გენერალურ ინსპექციაში ახსნა-განმარტების მიცემის დროს (2016 წლის 25 მაისი).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია დ. ბ-ის მიმართ გამოცემული „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 22 ივნისის #... ბრძანება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 08.06.2016წ. სამსახურებრივი შემოწმების დასკვნის თანახმად, დ. ბ-მა ჩაიდინა (სადავო პერიოდში მოქმედი) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის „ა“ პუნქტით (სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა 2016 წლის 15 აპრილიდან სამსახურის თვითნებურ მიტოვებაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) ვერ წარმოადგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 18 თებერვლის #... ბრძანებით, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ...ოს პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის მაიორი - დ. ბ-ი მივლენილ იქნა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ს...ის ქვეგანყოფილებაში 2016 წლის 15 თებერვლიდან 2016 წლის 15 აგვისტომდე.
შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ს...ის განყოფილებაში დასაქმებული დ. ბ-ის სამსახურის ტერიტორიაზე 2016 წლის 15 თებერვლიდან 2016 წლის 15 აგვისტომდე პერიოდში ქ. თბილისში, ...ის ქუჩა #...-ში (ადმინისტრაციული შენობა) შესვლა-გამოსვლის შესახებ მონაცემებით დგინდება, რომ მხოლოდ 2016 წლის 13 მაისს ფიქსირდება დ. ბ-ის შესვლა-გასვლა მითითებული ადმინისტრაციული შენობიდან. ამასთან, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ს...ის ქვეგანყოფილების უფროსის 19.05.2016წ. სამსახურებრივი პატაკის მიხედვით, დ. ბ-ი, რომელიც 2016 წლის 15 თებერვლიდან მივლინებული იყო შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ს...ის ქვეგანყოფილებაში, დანიშვნის დღიდან სისტემატურად არ ცხადდებოდა სამსახურში. იგი 01.04.2016 წლიდან 15.04.2016 წლამდე იმყოფებოდა შვებულებაში.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ დ. ბ-ი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით არც ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ...ში ცხადდებოდა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და თავად დ. ბ-ის განმარტებებიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მისთვის ცნობილი იყო სხვა სტრუქტურულ ერთეულში მივლენის შესახებ. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მასზედ, რომ მისთვის უცნობი იყო მისი მივლინების თაობაზე ინფორმაცია, ვინაიდან იგი თავად აღნიშნავს, რომ იმყოფებოდა საფინანსო-სამეურნეო სამმართველოში, სადაც გააცნეს სამუშაო სპეციფიკა, თუმცა იგი არ იყო თანახმა საფინანსო-სამეურნეო სამმართველოში გადაყვანაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია აღნიშნული ბრძანება.
იმის გათვალისწინებით, რომ დ. ბ-ი არ ცხადდებოდა არც მივლინებამდე და არც მივლინების შემდგომ დაკავებულ თანამდებობაზე, სახეზეა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა. ამასთან, დ. ბ-ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი 2016 წლის 15 თებერვლიდან სამსახურის საპატიოდ გაცდენის დამადასტურებელი რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, ასევე საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა ამ პერიოდში მის მიერ სახაზო-საპატრულო ინსპექტორის მოვალეობის შესასრულებლად საპატრულო დეპარტამენტში გამოცხადების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი