#ბს-632(კ-19) 10 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს „... ბანკის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 13 დეკემბერს სს „... ბანკმა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და თ. ი-ის მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, 2012 წლის 2 ივლისიდან სს „ბანკი კ...ას“ ...ის ფილიალი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე განთავსებული იყო ქ. ...ში, ...ის ქ. #...-ში მდებარე კომერციულ ფართში. სს „... ბანკი“, როგორც სს „ბანკი კ...ას“ უფლებამონაცვლე, დღემდე აგრძელებს აღნიშნულ ფართში საბანკო საქმიანობას. სერვისცენტრის მომიჯნავე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ... კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთი წარმოადგენს თ. ი-ის საკუთრებას. მოსარჩელის განმარტებით, თ. ი-ემ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განათავსა ...ის კონსტრუქციის დროებითი შენობა-ნაგებობა, რაც აზიანებს სს „... ბანკის“ სერვისცენტრის იერსახეს, ვინაიდან თითქმის მთლიანად ფარავს ბანკის ოფისის ერთ-ერთ ცენტრალურ ფანჯარას და სარეკლამო ბანერს, ასევე, აბნელებს ფოიეს, რითაც აუარესებს ბანკის თანამშრომელთა სამუშაო პირობებს და ბანკის კლიენტთათვის ქმნის არაკომფორტულ გარემოს. მოსარჩელისათვის ზესტაფონის მერიიდან გახდა ცნობილი, რომ თ. ი-ემ ...ის კონსტრუქცია მოპასუხის თანხმობით განათავსა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსწავლია, შეესაბამებოდა თუ არა ქალაქმშენებლობით სივრცითი მოწყობის მიზნებს თ. ი-ის მიერ ...ის ...ის განთავსება მოსარჩელის ვიტრინასთან.
ამდენად, მოსარჩელემ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 31 მარტის #43/1906 წერილის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 10 ნოემბრის #43/8652 წერილისა და სს „... ბანკის“ 2017 წლის 17 ნოემბრის #30/102-01 წერილის განხილვაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის უარის ბათილად ცნობა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისათვის სადავო საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და საქმის გარემოებების გაანალიზების საფუძველზე, თ. ი-ისათვის მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. #...) ლითონის კონსტრუქციის (...ი) განსათავსებლად თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა მ. ტ-ე.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სს „... ბანკის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „... ბანკმა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინებით სს „... ბანკის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმის მასალებით დადგენილი იყო და არც მხარეები ხდიდნენ სადავოდ იმ გარემოებას, რომ ქ. ...ში, ...ის ქუჩის #...-ში მდებარე სს „... ბანკის“ სამეზობლო საზღვრის მხარეს, მიჯნის ზონაში თ. ი-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ ... კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ. #...) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანხმობის საფუძველზე განთავსებული იყო პირველი კლასის შენობა-ნაგებობა - ...ის კონსტრუქცია.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #59 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის 26-ე მუხლის 151 პუნქტის დანაწესი ნაკვეთების საზღვრიდან 3.0 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, მეზობლის მხარეს ღიობიანი შენობის განთავსებისათვის სავალდებულოდ მიიჩნევდა მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სანოტარო წესით დამოწმებულ თანხმობას, თუმცა ამავე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებით გათვალისწინებულია გამონაკლისიც. კერძოდ, ამ ნორმის თანახმად, შენობის საანგარიშო ზედაპირის ან მისი ნაწილის განთავსება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში დასაშვებია სამეზობლო საზღვრის მხარეს კარის, ფანჯრის, სამტრედეს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის, ასევე აივნის, ერკერის და ტერასის გარეშე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ასეთივე რეგულაციას ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის #1–1/1254 ბრძანებით დამტკიცებული დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულების 26-ე მუხლი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებითა და მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებებით დადგენილი იყო, რომ თ. ი-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ...ის კონსტრუქცია სს „... ბანკის“ სამეზობლო საზღვრის მხარეს განთავსებული იყო ყრუ კედლით, ანუ ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნათა დაცვით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „... ბანკმა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სადავო აქტის შესაბამისად, თ. ი-ის კუთვნილი ...ის ...ი განთავსებულია მიჯნის ზონაში, რადგან ...ში, ...ის ქუჩის #...-ში მდებარე სს „... ბანკის“ მფლობელობაში არსებულ შენობაზე, ფაქტობრივად, ზედ არის მიდგმული. აქედან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, ცხადია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას უმთავრესია დადგინდეს, რა გახდა იმის საფუძველი, რომ სამეზობლო მიჯნის ზონაში თ. ი-ეს განეთავსებინა ...ის ...ი.
კასატორის მითითებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის #1-1/1254 ბრძანების 26-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში განთავსებულად ითვლება შენობა ან მისი ნაწილი, რომელიც სამეზობლო საზღვრიდან 3.0 მეტრზე ნაკლები მანძილით არის დაშორებული. ამავე მუხლის მე-14 ნაწილი უშვებს შენობის საანგარიშო ზედაპირის ან მისი ნაწილის განთავსებას სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში სამეზობლო საზღვრის მხარეს კარის, ფანჯრის, სამტრედის და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის, ასევე აივნის, ერკერის და ტერასის გარეშე, თუმცა ეს დაშვება არ ეხება შენობის იმ ნაწილებს, რომლებიც განთავსებულია საზოგადოებრივი საზღვრის მხარეს და ამ მუხლის მე-15, მე-16 და მე-19 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებს. ამავე მუხლის 24-ე პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული მიწის ნაკვეთი არ იძლევა ამ თავის მოთხოვნათა დაცვით შენობათა განთავსების შესაძლებლობას, მაშინ მასზე (შენობები) უნდა განთავსდეს „მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების სქემის“ საფუძველზე, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებთან და ასახული მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ ქალაქთმშენებლობით პირობებში. კასატორის განმარტებით, ზემოაღნიშნული ნორმით ცალსახაა კანონმდებლის დათქმა, რომ საზოგადოებრივი საზღვრის მხარეს არ შეიძლება იქნეს განთავსებული შენობის საანგარიშო ზედაპირი, განსახილველ შემთხვევაში კი სწორედ სს „... ბანკის“ ...ის ოფისის შესასვლელთან, ტროტუარის მხრიდან - საზოგადოებრივი საზღვრის მხრიდან განათავსეს თ. ი-ის კუთვნილი ...ის ...ი. თუმცა ეს საკითხი არათუ მოსარჩელესთან არ ყოფილა შეთანხმებული, არამედ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობასაც არ ჰქონია შესწავლილი - ხომ არ ხელყოფდა ...ის განთავსება ბანკის ვიტრინასთან მესამე პირის ინტერესებს. კასატორი აღნიშნავს, რომ გამგეობამ მხოლოდ ფორმალური წინაპირობების არსებობა (დოკუმენტაციის წარდგენა) ჩათვალა საკმარისად მშენებლობისათვის თანხმობის გასაცემად, მაშინ, როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს მიჯნის ზონაში. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ...ის ...ი განთავსებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის #1-1/1254 ბრძანების 26-ე მუხლის მე-14 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით.
ამასთან, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „... ბანკის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „... ბანკის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 31 მარტის #43/1906 წერილის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 10 ნოემბრის #43/8652 წერილისა და სს „... ბანკის“ 2017 წლის 17 ნოემბრის #30/102-01 წერილის განხილვაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის უარის კანონიერება და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისათვის სადავო საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და საქმის გარემოებების გაანალიზების საფუძველზე, თ. ი-ისათვის მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. #...) ლითონის კონსტრუქციის (...ი) განსათავსებლად თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #59 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი - „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“ (შემდგომში - რეგლამენტი) არეგულირებს ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს. რეგლამენტის 26-ე მუხლით მოწესრიგებულია სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსება; კერძოდ, ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, ამ თავის მიზნებისათვის სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვარი (საკადასტრო საზღვარი) არის 2 სახის: სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საზღვარი – როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი ესაზღვრება ქუჩას ან/და სხვა საზოგადოებრივ სივრცეს (გარდა ჩიხისა) და სამშენებლო მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვარი – როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი ესაზღვრება სამშენებლო მიწის ნაკვეთს, ან ისეთ არასამშენებლო მიწის ნაკვეთს, რომელიც არ წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს. ამავე მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით, სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში განთასებულად ითვლება შენობა ან მისი ნაწილი, რომელიც სამეზობლო საზღვრიდან 3.0 მეტრზე ნაკლები მანძილით არის დაშორებული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებით დადგენილია და არც მხარეები ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ქ. ...ში, ...ის ქუჩის #...-ში მდებარე სს „... ბანკის“ სამეზობლო საზღვრის მხარეს, მიჯნის ზონაში თ. ი-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ ... კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ. #...) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანხმობის საფუძველზე განთავსებულია პირველი კლასის შენობა-ნაგებობა - ...ის კონსტრუქცია.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მართალია, რეგლამენტის 26-ე მუხლის 151 პუნქტის დანაწესი ნაკვეთების საზღვრიდან 3.0 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, მეზობლის მხარეს ღიობიანი შენობის განთავსებისათვის სავალდებულოდ მიიჩნევს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სანოტარო წესით დამოწმებულ თანხმობას, თუმცა ამავე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებით გათვალისწინებულია გამონაკლისიც. კერძოდ, ამ ნორმის თანახმად, შენობის საანგარიშო ზედაპირის ან მისი ნაწილის განთავსება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში დასაშვებია სამეზობლო საზღვრის მხარეს კარის, ფანჯრის, სამტრედეს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის, ასევე აივნის, ერკერის და ტერასის გარეშე. ასეთივე რეგულაციას ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის #1–1/1254 ბრძანებით დამტკიცებული დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულების 26-ე მუხლი.
საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებითა და მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ თ. ი-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ...ის კონსტრუქცია სს „... ბანკის“ სამეზობლო საზღვრის მხარეს განთავსებულია ყრუ კედლით, ანუ ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საგულისხმოა აგრეთვე ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ ადგილას ათეულობით წელია არსებობდა ...ის ...ი და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მხოლოდ ძველი ...ის ახალი კონსტრუქციით ჩანაცვლება განხორციელდა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებულ საქმეში სახეზე იყო მოცემული საქმისგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სს „... ბანკს“ საკასაციო საჩივარზე 26.03.2019წ. #5 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სს „... ბანკს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „... ბანკის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინება;
3. სს „... ბანკს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.03.2019წ. #5 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი