Facebook Twitter

#ბს-641(კ-19) 10 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 31 მარტს ლ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, მისი ოჯახი წლების განმავლობაში ფლობდა გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებას - 859 კვ.მ მიწის ნაკვეთს მასზე არსებული სახლით. 2017 წლის 25 იანვარს მოსარჩელემ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს #... განცხადებით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში აღნიშნულ უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 10 მარტის #7/198/2017 განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვარს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულება არის უკანონო.

ამდენად, მოსარჩელემ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 10 მარტის #7/198/2017 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 859 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ლ. ა-ის სახელზე მესაკუთრედ აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 10 მარტის #7/198/2017 განკარგულება და ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკადასტრო ინფორმაციის განყოფილების უფროსის 2016 წლის 15 ნოემბრის სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, გარდაბნის რაიონის ...ის ექსპერიმენტული მეურნეობის 1981 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, სადავო ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, თუმცაღა იმავდროულად საქმეში წარმოდგენილი იყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის 2017 წლის 16 იანვრის #04/472 მიმართვა, რომლის თანახმად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სოფლის დასახლებულ ტერიტორიას და არ იყო საძოვარი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებულ უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული იყო კერძო პირთა საკუთრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი შეიცავს იმ ქონების ჩამონათვალს, რომლის განკარგვაც (პრივატიზება) შეზღუდულია, კერძოდ, პრივატიზებას არ ექვემდებარება საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთი. კასატორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან დადგენილია საძოვრის კატეგორიის განსაკუთრებული სტატუსი, კერძოდ, ცალსახაა, რომ ასეთი კატეგორიის მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში მოქცევა წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან და არსებითად არღვევს საზოგადოებრივ ინტერესს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 10 მარტის #7/198/2017 განკარგულების კანონიერება და მოპასუხისათვის გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 859 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ლ. ა-ის სახელზე მესაკუთრედ აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში 859 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს, რასაც, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მითითებით, გამორიცხავს ის ფაქტი, რომ სადავო მიწის ნაკვეთი საძოვარს წარმოადგენს. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პრივატიზებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი სახის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა: საძოვარი, გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ გაცემული აქტით დამაგრებულია მათზე მდებარე, ფიზიკური ან/და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში უნდა შეფასდეს სადავო მიწის ნაკვეთის კატეგორია, რამდენად წარმოადგენს ის საძოვარს და მხოლოდ ეს ფაქტობრივი გარემოება გამორიცხავს თუ არა სარჩელის დაკმაყოფილებას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მართალია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკადასტრო ინფორმაციის განყოფილების უფროსის 2016 წლის 15 ნოემბრის სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, გარდაბნის რაიონის ...ის ექსპერიმენტული მეურნეობის 1981 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, სადავო ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, თუმცა იმავდროულად საქმეში წარმოდგენილია გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის 2017 წლის 16 იანვრის #04/472 მიმართვა, რომლის თანახმად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სოფლის დასახლებულ ტერიტორიას და არ არის საძოვარი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებულ უძრავ ნივთებზე რეგისტრირებულია კერძო პირთა საკუთრება. შესაბამისად, მითითება სადავო მიწის ნაკვეთის კატეგორიის გამო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შეუძლებლობის შესახებ, ატარებს ფორმალურ ხასიათს და გათვალისწინებული არ არის საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი