#ბს-296(კ-19) 14 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 13 მარტს ნ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის ნ. ა-ის დაჯარიმების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 20 თებერვლის #314 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. მარნეულში, ...ის ქუჩა #3-ში მას საკუთრებაში არავითარი უძრავი ქონება არ გააჩნია და არც მშენებლობა უწარმოებია. აღნიშნულ ტერიტორიაზე დედამისს, რ. ა-ას საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, სადაც განთავსებულია ...ა, პროექტის საფუძველზე აივანი შემოღობილია მეტალოპლასტმასით, რომელიც არავის არ უშლის ხელს, პირიქით როგორც სხვების მიმდებარე ტერიტორიაზე, ამშვენებს ფასადს. მოსარჩელე განმარტავს, რომ მისი მხრიდან სამშენებლო პირობების დარღვევას ადგილი არ აქვს, შესაბამისად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 მაისი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ნ. ა-მა განახორციელა უნებართვო მშენებლობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მას უძრავ ქონებასთან არანაირი შემხებლობა არ აქვს, უძრავი ქონება მას არ ეკუთვნის. სასამართლოებს არ უმსჯელიათ აღნიშნული ობიექტი ვის მიერ არის აშენებული. კასატორის მოსაზრებით, სადავო მითითება არა მის მიმართ, არამედ უძრავი ქონების მესაკუთრის მიმართ უნდა გაეცათ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 20 თებერვლის #314 ბრძანების კანონიერება, რომლითაც ქ. მარნეულში, ...ის ქ. #3-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე ვიტრაჟის უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის ნ. ა-ი დაჯარიმდა 2 000 ლარით.
დადგენილია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2018 წლის 25 იანვარს ნ. ა-ის მიმართ შედგა #19 მითითება, რომლითაც დარღვევის გამოსწორების მიზნით მასვე დაევალა საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენა, ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ობიექტის დემონტაჟის განხორციელება. მოსარჩელეს დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 5 კალენდარული დღე. ამასთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2018 წლის 5 თებერვლის #30 შემოწმების აქტით დგინდება, რომ ნ. ა-ის მიერ არ იქნა შესრულებული მითითებით გათვალისწინებული პირობები.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. #57 დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით დადგენილი წესით მშენებლობის ნებართვის მიღება. ნებართვის გარეშე მშენებლობის წარმოება უნებართვო მშენებლობად განიხილება. ამასთან, ამავე დადგენილების 66-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
განსახილველ შემთხვევაში, დასტურდება, რომ მოსარჩელემ სამშენებლო სამუშაოები კანონის მოთხოვნათა დარღვევით განახორციელა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს მოსარჩელე ნ. ა-ს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ქ. მარნეულში, ...ის ქუჩა #3-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განახორციელა ვიტრაჟის უნებართვო მშენებლობა, უფრო მეტიც, მან ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ აღნიშნული ვიტრაჟი ამშვენებს ფასადს (I კლასის მშენებლობა). ამასთან, მოსარჩელემ ვერც მითითებით განსაზღვრულ ვადაში წარადგინა მშენებლობის განხორციელების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, რაც უპირობოდ წარმოადგენს მითითებული ობიექტის მის მიერ უნებართვოდ განთავსების ფაქტს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ. ა-ის საკასაციო საჩივარზე დ. ნ-ს 10.05.2019წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ. ა-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ. ნ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინება;
3. ნ. ა-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ. ნ-ის მიერ 10.05.2019წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი