#ბს-421(კ-19) 14 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 2 სექტემბერს გ. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 28 აპრილის #... გადაწყვეტილებისა და 2016 წლის 29 აპრილის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ქ. თბილისში, ...ის #3, მე-2 მ/რ, კორპუსი #35, ბინა #12-ში მდებარე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების აკრძალვა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე გ. ს-ის განცხადება დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სადავო უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, საკადასტრო კოდი .../.../..., სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება აეკრძალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ დ. ყ-ი, კ. ს-ა, ნ. შ-ა, ნ. ს-ა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელი წარადგინა მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს მთავრობის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, ...ი 3, მე-2 მ/რ, კორპ. #35, მე-3 სადარბაზო, მე-3 სართული, ბინა #12 (ს/კ ...), სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 28 აპრილის #... გადაწყვეტილებისა და ამავე უძრავ ქონებაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 28 აპრილის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 26 აპრილის #1/1-1370 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის #1127 განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ასევე სადავო უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, ...ი - 3, მე-2 მ/რ, კორპ. #35, მე-3 სადარბაზო, მე-3 სართულზე ბინა #12, ფიზიკური პირების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასვლის თაობაზე 2016 წლის 26 ივლისის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 31 აგვისტოს #43/227278 წერილობითი უარის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაბმული ნ. შ-ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა დ. ყ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ადმინისტრაციულ საქმეზე 05.09.2016წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზურუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა სადავო უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, საკადასტრო კოდი #.../.../..., სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა, ერთი მხრივ, გ. ს-ის კანონიერი უფლება - მოითხოვოს მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია და მეორე მხრივ, სადავო ობიექტზე არსებობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლის მიმართ მესაკუთრეებად აღრიცხულ პირებს გააჩნიათ კანონიერი ნდობა. სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება მოსარჩელის „კანონიერი უფლება“ და მესამე პირთა „კანონიერი ნდობის უფლება“ სადავო აქტის მიმართ. სააპელაციო პალატის მიერ დავა გადაწყვეტილია სადავო აქტის მიმართ კანონიერი ნდობის სასარგებლოდ. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მესაპე პირები კეთილსინდისიერ შემძენებად მიიჩნია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მისთვის შეუძლებელია საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაც ფაქტობრივად ართმევს მართლზომიერად და კეთილსინდისიერად მოპოვებული უფლებს რეალიზაციის შესაძლებლობას. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტში იგი არ ყოფილა ჩართული ადმინისტრაციულ წარმოებაში.
კასატორი მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლება, მიუხედავად მისი რეგისტრაციისა, არის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება. კასატორი იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას კანონიერი ნდობისა და კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტის ზოგადი როლისა და მნიშვნელობის თაობაზე, თუმცა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა გადაწყვეტილებაში ასახული იურიდიული მსჯელობის განვითარების საფუძველს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ს-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, საკუთრების უფლების წარმოშობის დოკუმენტების, კერძოდ, ქ. თბილისის 26 კომისარის სახელობის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 18 იანვრის #02.90.210 გადაწყვეტილებისა და სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად, გ. ს-ს უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ი 3, მე-3 მ/რ, კორპ. #35, მე-3 სადარბაზო, მარცხენა მხარეს მშენებარე კორპუსში, ოთახიანი #3, 42,21 კვ.მ ფართზე, წარმოეშვა უფლება მოეთხოვა სამომავლო საკუთრების უფლების აღრიცხვა უფლებათა რეესტრში, თუმცა მან მოცემული უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში აღრიცხვის მიზნით უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ 2016 წლის 19 აგვისტოს მიმართა, რა დროსაც განემარტა, რომ მოთხოვნილი ფართი და დ. ყ-ის, კ. ს-ას, ნ. შ-ასა და ნ. ს-ას თანასაკუთრებაში არსებული ბინა #12 (ს/კ #...) წარმოადგენდა ერთსა და იმავე უძრავ ქონებას.
იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოზე უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელ ორგანოში სარიბეგოვის უფლება სადავო ქონებაზე არ ფიქსირდებოდა არანაირი ფორმით, არ დასტურდებოდა რაიმე სახის უფლებრივი შეზღუდვა, ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოში სახელმწიფოს მიერ წარდგენილი იყო მოთხოვნა ობიექტის სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხვის მოთხოვნით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ იყო უფლებამოსილი უარი ეთქვა ამგვარი უფლების აღრიცხვაზე. შესაბამისად, სახელმწიფოზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 28 აპრილის #... გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა შესაბამისად არის მიღებული. ამასთან, საქმეზე არსებული მასალებით დასტურდება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 26 აპრილის #1/1-1370 ბრძანების კანონიერებაც.
რაც შეეხება მესამე პირთა მხრიდან საკუთრების უფლების წარმოშობასა და მის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას, აღნიშნული ემყარება სახელმწიფოსთან გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას. განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც მოცემული უფლების შეძენასთან დაკავშირებით ეჭვქვეშ დააყენებდა მესამე პირთა კეთილსინდისიერების საკითხს, რაც მათი საკუთრების უფლების დაცვის საფუძველს ქმნის. დაუშვებელია კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრების უფლების შესახებ რეგისტრაციის გაუქმება და ამ გზით კონსტიტუციით გარანტირებული უფლების ხელყოფა. ამასთან აღსანიშნავია, რომ სადავო ობიექტზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმართ მესაკუთრეებად აღრიცხულ პირებს გააჩნიათ კანონიერი ნდობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გ. ს-ის საკასაციო საჩივარზე გ. ნ-ს 13.05.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ. ნ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს გ. ს-ის საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #20...2900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება;
3. გ. ნ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს გ. ს-ის საკასაციო საჩივარზე 13.05.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #20...2900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი