Facebook Twitter

#ბს-652(კ-19) 14 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 3 აპრილს ო. მ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის მიმართ.

მოსარჩელემ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (მისი ძალაში შესვლის დღიდან) საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს 2018 წლის 16 თებერვლის #... გადაწყვეტილებისა და ო. მ-ას 2018 წლის 26 თებერვლის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ლანჩხუთის რაიონში, ...ის ...ის მიმდებარედ ... კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის ო. მ-ას საკუთრებაში რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, მამამისმა - გ. მ-ამ ოზურგეთის რაიონის სოფ. ...ის კოლმეურნეობის სალიკვიდაციო კომისიის 1993 წლის 26 ნოემბრის #23 სხდომის ოქმის საფუძველზე საბალანსო ღირებულების შესაბამისად, კერძოდ, 156 060 კუპონად, შეიძინა საცხოვრებელი სახლი. ამავე სხდომის ოქმის თანახმად, მასვე გამოეყო ... ჰექტარი მიწის ფართობი, რომელზეც განლაგებული იყო ...ე ...ი, ასევე გ. მ-ას სახლი. გ. მ-ას შვილი ო. მ-ა მამის სიცოცხლეშიც და მისი გარდაცვალების შემდეგაც საქმიანობს აღნიშნულ ტერიტორიაზე, ცხოვრობს იმავე სახლში და ფლობს გამოყოფილ მიწის ნაკვეთს, როგორც საკუთარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 აპრილის განჩინებით ო. მ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის სხდომაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძვეზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს 2018 წლის 16 თებერვლის #... გადაწყვეტილება მისი ძალაში შესვლის დღიდან; ბათილად იქნა ცნობილი ო. მ-ას 2018 წლის 26 თებერვლის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების შესწავლის შემდეგ უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა ოფისმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, ო. მ-ას სადავო გადაწყვეტილებით განემარტა, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა გადაწყვეტილებაში არ არის განვითარებული მსჯელობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ოზურგეთის რაიონის სოფელ ...ის კოლმეურნეობის სალიკვიდაციო კომისიის სხდომის 26.11.1993წ. #23 ოქმთან მიმართებით. პალატის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა შეფასდეს ის გარემოება, მოსარჩელის მამკვიდრებელმა ხომ არ მოიპოვა საკუთრების უფლება საცხოვრებელ სახლსა და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 95-98-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება ო. მ-ას სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლზე და აღნიშნავს, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 თებერვლის #... გადაწყვეტილება ემყარება იმ გარემოებას, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ხოლო განცხადებაზე წარდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია მიმართვით გადაეგზავნა ლანჩხუთის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. აღნიშნული მიმართვის პასუხად კი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2018 წლის 9 თებერვალს წარდგენილ იქნა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წერილი #85, რომლის მიხედვითაც დაინტერსებული პირის - ო. მ-ას #... განცხადება, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ იქნა დაკმაყოფილებული.

კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, ასევე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ო. მ-ას განცხადება, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ იქნა დაკმაყოფილებული.

კასატორის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ადგილი არა აქვს სზაკ-ის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რის გამოც არ არსებობდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს 2018 წლის 16 თებერვლის #... სადავო გადაწყვეტილებით ო. მ-ას განემარტა, რომ მის მიერ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთანავე აღინიშნა, რომ 2018 წლის 9 თებერვალს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის #85 წერილის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ო. მ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, ო. მ-ას სადავო გადაწყვეტილებით განემარტა, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას, რა შეფასება მიეცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ოზურგეთის რაიონის სოფელ ...ის კოლმეურნეობის სალიკვიდაციო კომისიის სხდომის 26.11.1993წ. #23 ოქმს. მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული ოქმის საფუძველზე, მამამისს (მამკვიდრებელ გ. მ-ას) ...ის ...ის მიმდებარედ, ...ის ტერიტორიაზე მიეყიდა ...ის კოლმეურნეობის კუთვნილ მიწაზე ყოფილი ...ე ...ის ...თან არსებული საცხოვრებელი სახლი, რომლის საბალანსო ღირებულება შეადგენდა 156 060 კუპონს. ამასთან, ვინაიდან გ. მ-ა აგრძელებდა ამ ტერიტორიაზე საქმიანობას, მასვე გადაეცა სარგებლობაში ...ის კოლმეურნეობის კუთვნილი ... ჰექტარი მიწის ნაკვეთი.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ო. მ-ას განაცხადზე სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა შეფასდეს საცხოვრებელ სახლსა და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე ხომ არ მოიპოვა საკუთრების უფლება მოსარჩელის მამკვიდრებელმა. აღნიშნული საკითხის გასარკვევად ადმინისტრაციული წარმოების პროცესში უნდა ჩაებას ყველა დაინტერესებული პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ან/და მისი შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) და ადგილობრივი თვითმმართველობები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი