Facebook Twitter

#ბს-736(კ-19) 14 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 11 დეკემბერს მ. თ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, გურიის რეგიონული ოფისის, ვ. ბ-ისა და ე. ნ-ის მიმართ.

მოსარჩელემ რეგისტრაციაზე უარის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის 2017 წლის 20 სექტემბრის #... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 ნოემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მ. თ-ის სახელზე მიწის ნაკვეთის, მდებარე ოზურგეთის რაიონი, სოფელი ...ი (ს/კ ...), რეგისტრაციის განხორციელებისა და თავდაპირველი მონაცემების მიხედვით ვ. ბ-ის უფლებათა რეესტრში (ს/კ ...), ასევე ე. ნ-ის უფლებათა რეესტრში (ს/კ ...) რეგისტრაციის ცვლილების განხორციელების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით მ. თ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს.

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილს განცხადებით მიმართა მ. თ-ის წარმომადგენელმა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე იშუამდგომლა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის განჩინებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით ..., მესაკუთრე - ვ. ბ-ე (პ/ნ ...); ყადაღა დაედო - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში (სანერგე) მდებარე უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით ..., მესაკუთრე - ე. ნ-ი (პ/ნ ...).

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის 2017 წლის 20 სექტემბრის #... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 ნოემბრის #... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ვ. ბ-ეზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (მიწის საკადასტრო კოდი ...) მოსარჩელე მ. თ-ესთან გადაფარვის ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების შესწავლის შემდეგ მხარეების (მოსარჩელე და მოპასუხე ვ. ბ-ე) მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნაწილში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა ოფისმა და ვ. ბ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 თებერვლის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისისა და ვ. ბ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 01.10.2007წ. მარტივი ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულება, 1999 წლის 17 ოქტომბრის სააღრიცხვო ბარათი და საჯარო რეესტრის მონაცემი შეიცავდა მ. თ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს, რის გამოც დაუსაბუთებელია სსიპ საჯარო რეესტრის დასკვნა იმის შესახებ, რომ ვერ ხერხდებოდა ნაკვეთის იდენტიფიცირება. პალატის განმარტებით, მოსარჩელეს ფაქტობრივად წაერთვა საკუთრების უფლება სადავო ნაკვეთზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სარეგისტრაციო სამსახური ვერ უთითებს მ. თ-ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ნაკვეთის რაიმე სხვა ადგილმდებარეობას. სასამართლოს მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისი ვალდებული იყო გამოერკვია მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სხვა პირის უფლების რეგისტრაციის არსებობა. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა ჩაატაროს სრულყოფილად. ამასთან პალატამ განმარტა, რომ კანონმდებლობა არ გამორიცხავს დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობას, შესაბამისად, რეგისტრაციის არსებობის გადამოწმება მხოლოდ ელექტრონული ნახაზის მეშვეობით არ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას, აღნიშნული ყოველგვარ აზრს უკარგავს დაუზუსტებელ რეგისტრაციას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმ გარემოებაზე, რომ ვ. ბ-ეს საკუთრებაში აქვს რეგისტრირებული ის ნაკვეთი, რომელიც მ. თ-ემ შეიძინა 2007 წელს. კასატორის მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.06.2018წ. #... ცნობით დასტურდება, რომ ბ-ეს ზუსტად აქვს რეგისტრირებული ნაკვეთი და ამ ნაკვეთის საკადასტრო კოდი დღეისათვის არის ... . კასატორი აღნიშნავს, რომ ამავე ნახაზზე არის მ. თ-ის ნაკვეთი (ს/კ ...), რომელიც მდებარეობს მოცემული ნაკვეთის სამხრეთით. კასატორის მითითებით, აღნიშნული ცნობით დასტურდება, რომ თ-ის ნაკვეთი რეგისტრირებული აქვს ნ-ეს და არა ბ-ეს.

ამასთან, კასატორის მითითებით, მისი ნაკვეთი რეესტრში რეგისტრირებული იყო 17.10.1999 წლიდან (რეგისტრაციის #...), ასევე დასტურდება, რომ მისი დაზუსტებული (#..., 04.02.2011წ.) რეგისტრაცია ზუსტად ემთხვევა თავდაპირველს. კასატორი აღნიშნავს, რომ იგი არ ცხოვრობს იმ ადგილზე, სადაც ნაკვეთები მდებარეობს. რაც შეეხება მშენებლობას, ის მთლიანობაში შემოიფარგლება რამდენიმე ბეტონის ბლოკის დაწყობით სადავო მიწის ნაკვეთზე, რომლის მესაკუთრის დადგენა ვერ მოხერხდა, რადგანაც მ. თ-ეს დღემდე არ აქვს დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი.

კასატორისთვის გაურკვეველია, რა უნდა გამოიკვლიოს საჯარო რეესტრმა იმაზე მეტი, ვიდრე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ნაკვეთების დღევანდელი რეგისტრაციის შედარებაა ე.წ. სისტემური რეგისტრაციის მონაცემებთან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

მოცემული დავის ფარგლებში მ. თ-ის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს ნაკვეთის არასწორი მდებარეობის მითითების გამო იმ რეგისტრაციის ცვლილება, რამაც გამოიწვია სადავო მიწის ნაკვეთის ზედდება ვ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან. ამდენად, სადავოა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) ვერ წარმოადგინა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2007 წლის 1 ოქტომბრის უძრავი ქონების განკარგვის შესახებ ხელშეკრულებით რ. ტ-ემ მ. თ-ეს 2500 ლარად მიჰყიდა მის პირად საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ოზურგეთის რაიონი - ..., სექტორი #..., კვარტალი #..., ნაკვეთის #016, ფართით - 0.05 ჰა. საქმეში წარმოდგენილი სააღრიცხვო ბარათის თანახმად (რომელიც დათარიღებულია 17.10.1999 წლით), 0.050 ჰა მიწის ნაკვეთი მდებარე ოზურგეთის სოფელ ...ში, ს/კ ..., რეგისტრირებულია ტ-ე რ. ოჯახის საკუთრებად, უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიღება-ჩაბარების #1587/1587 აქტი, ზემოაღნიშნული ჩანაწერები გადახაზულია და მიწერილია მესაკუთრედ მ. თ-ე. რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია 01.10.07წ. გარიგება მარტივი ფორმით, ნასყიდობის შესახებ.

საქმეში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ამონაწერით (დათარიღებული - 02.10.2007წ) ირკვევა, რომ #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მდებარე ოზურგეთი, სოფელი ...ი, ფართით 0.05 ჰა, მესაკუთრეა მ. თ-ე. უფლების დამდგენ დოკუმენტად კი მითითებულია მარტივი ფორმის ნასყიდობის შესახებ გარიგება, დამოწმებული 01.10.2007წ.

საქმეში დაცული საკადასტრო რუკით მ. თ-ის მიწის ნაკვეთი მოქცეულია პირველ ზოლში და მეზობელი მიწის ნაკვეთის ნომრებია ჩრდილოეთით - 017 და სამხრეთით - 015.

04.02.2011წ. და 18.04.2018წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით ირკვევა, რომ ოზურგეთში, სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...), დაზუსტებული ფართობი - 500 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი - ..., მესაკუთრეა ვ. ბ-ე. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია: 1) #... საარქივო ცნობა, დამოწმების თარიღი - 21.06.2010წ, დამოწმებული ოზურგეთის არქივის მიერ; 2) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის #41 მიღება-ჩაბარების აქტი. სააღრიცხვო ბარათის (დათარიღებული 17.10.1999წ.) თანახმად, 0.050 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე ოზურგეთის რაიონი, სოფელი ...ი (ს/კ ...), რეგისტრირებულია ბ-ე მ. ოჯახის საკუთრებად, უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის #41/41 მიღება-ჩაბარების აქტი.

სააღრიცხვო ბარათზე დართული საკადასტრო რუკის თანახმად, ბ-ე მ. ოჯახის მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია პირველ ზოლში და მეზობელი მიწის ნაკვეთის ნომრებია ჩრდილოეთით - 018 და სამხრეთით - 016.

საქმის მასალების, კერძოდ, 02.08.2002წ. სააღრიცხვო ბარათის თანახმად, 0.050 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე ოზურგეთის რაიონი, სოფელი ...ი (ს/კ ...), რეგისტრირებულია ნ-ი გ. ოჯახის საკუთრებად. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიღება-ჩაბარების აქტი #397. აღნიშნული მიწის ნაკვეთი #... სამკვიდრო მოწმობის თანახმად (დამოწმების თარიღი - 04.04.2013წ.) 2013 წლის 11 მარტს აღირიცხა ი. ნ-ის სახელზე. ხოლო შემდგომ, იგივე მიწის ნაკვეთი უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების (დამოწმების თარიღი - 28.07.2015წ, დამოწმებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ) საფუძველზე 2015 წლის 31 ივლისს აღირიცხა ე. ნ-ის სახელზე.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტით ასევე ირკვევა, რომ #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო მ. თ-ისა და ვ. ბ-ის მიწის ნაკვეთების საპირისპირო მეორე ზოლში. საქმეში არსებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო ინფორმაციით კი ირკვევა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მოქცეულია იმ ზოლში, სადაც მდებარეობს მ. თ-ისა და ვ. ბ-ის მიწის ნაკვეთები.

აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ვ. ბ-ის მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) სამხრეთით რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით #..., რომლის მესაკუთრეა ო. ნ-ე და რომლის ნაკვეთის წინა ნომერი იყო #... .

შესაბამისად, იმ ადგილზეც, სადაც მარეგისტრირებელი ორგანოსა და ვ. ბ-ის განმარტებით, უნდა იყოს დარეგისტრირებული მოსარჩელე მ. თ-ის მიწის ნაკვეთი, რეგისტრირებულია სხვა პირის საკუთრება. აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით მოსარჩელე მ. თ-ეს ფაქტობრივად წაერთვა საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, მით უფრო, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სარეგისტრაციო სამსახური ვერ უთითებს მ. თ-ის სახელზე (დაუზუსტებელი სახით) უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის რაიმე სხვა ადგილმდებარეობას. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ მ. თ-ეს სადავო მიწის ნაკვეთზე განხორციელებული აქვს სამშენებლო სამუშაოები.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ სარეგისტრაციო სამსახურს ნაკვეთის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია საკადასტრო მონაცემებთან, სააღრიცხვო ბარათებსა და ამონაწერებთან; დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდების არსებობა. საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა ჩაატაროს სრულყოფილად, უნდა დაადგინოს, რამ გამოიწვია ე. ნ-ის მიწის ნაკვეთის მეორე ზოლიდან პირველ ზოლში გადაადგილება და აღნიშნულმა ხომ არ გამოიწვია მ. თ-ისა და ვ. ბ-ისა მიწის ნაკვეთების ზედდება. ამასთან, მარეგისტრირებელმა ორგანომ უნდა შეადაროს რეგისტრაციის ნაკვეთების წინა ნომრები და მათი ადგილმდებარეობა, შეაფასოს ფაქტობრივი მდგომარეობა, შეაფასოს, თუ რატომ არის რეგისტრირებული მ. თ-ის წინა ნომერზე სხვა პირის მფლობელობა და მთლიანი სიტუაციური გეგმის მიხედვით, რომელი პირების ნაკვეთები მდებარეობდა ერთმანეთის მეზობლად. ასევე, უნდა შეფასდეს, რის საფუძველზე მოხდა სამეზობლო ნაკვეთების მფლობელების ცვლილება. აღნიშნული გარემოების დასადგენად, გარდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მასალებისა, გამოყენებულ უნდა იქნეს ნაკვეთების სიტუაციური გეგმები, წინა რეგისტრაციის მონაცემები და მოხდეს მათი ურთიერთშედარება. ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენის შემდეგ უნდა განხორციელდეს მათი სამართლებრივი შეფასება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლს, რომლის საფუძველზეც სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების შესწავლის შემდეგ მხარეების (მოსარჩელე და მოპასუხე ვ. ბ-ე) მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნაწილში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა, რაც წარმოადგენს სარეგისტრაციო სამსახურისთვის საკითხის გამოკვლევის შედეგად სათანადო გადაწყვეტილების მიღების და არა კონკრეტული შინაარსის აქტის გამოცემის დავალებას. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხო ვ. ბ-ეზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას (მიწის საკადასტრო კოდი ...) მხოლოდ მოსარჩელე მ. თ-ესთან გადაფარვის ნაწილში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე კ. ჩ-ს 10.05.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ვ. ბ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 თებერვლის განჩინება;

3. ვ. ბ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე კ. ჩ-ის მიერ 10.05.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი