#ბს-746(3კ-19) 14 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, თ. ი-ისა და ხ. ს-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 20 აპრილს ი. ქ-ამ და მ. ქ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელეებმა თ. ი-ისათვის ქ.თბილისში, ...ის ქუჩა 27/25-...ის ქ. #8-ის მიმდებარედ 218 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 2 თებერვლის #572 საოქმო გადაწყვეტილების 26-ე პუნქტის ბათილად ცნობა მოითხოვეს.
სარჩელის მიხედვით, სადავო გადაწყვეტილების მიღებისას თ. ი-მა შეცდომაში შეიყვანა საკუთრების უფლების აღიარების კომისია. სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს ...ის ქუჩა #12-ის გვერდით და აღნიშნული მიწის ნაკვეთის გაგრძელებაა. მოსარჩელის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი თ. ი-ი კომისიაში წარდგენილ განცხადებაში მიუთითებდა სადავო მიწის ნაკვეთის რეალურ მისამართს - ...ის ქუჩა #12-ის მიმდებარეს, და არა ...ის ქუჩა #8-ის მიმდებარეს (რომელიც რეალურად სადავო ქონების მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს), საჭირო გახდებოდა მისი თანხმობა.
მოსარჩელე ი. ქ-ას განმარტებით, იგი 1994 წლიდან უწყვეტად ფლობს სადავო მიწის ნაკვეთს, რომელიც წარმოადგენს ...ის ქუჩა #12-ში მდებარე მიწის ნაკვეთის გაგრძელებას და მასთან ერთად ერთ მთიან მიწის ნაკვეთად არის შემოღობილი. ...ის ქუჩა #12-ში მდებარე მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია მ. ქ-ას საკუთრებაში, ხოლო სადავო უძრავი ქონებით თავად სარგებლობს ოჯახთან ერთად. მოსარჩელის განმარტებით, მიწის ნაკვეთზე მის მიერ დარგულია მრავალწლიანი ნარგავები და მასზე მესამე პირის მფლობელობა გამორიცხულია. მოსარჩელის მითითებით, თ. ი-ი ცხოვრობს აღნიშნული ქონების მოშორებით, სხვა ქუჩაზე და მას არანაირი შემხებლობა მიწის ნაკვეთთან არ აქვს. კომისია გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო სამი ყალბი მოწმის ჩვენებას.
მოსარჩელის განმარტებით, თ. ი-მა უძრავი ქონება საკუთარ რძალზე გადააფორმა თვალთმაქცური ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ხდება მყიდველის მიერ თანხის გადახდა და გამყიდველის მიერ ნივთის გადაცემა. მოცემულ შემთვევაში კი, აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან უძრავ ნივთზე მფლობელობას უწყვეტად მოსარჩელე ახორციელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აპრილის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ თ. ი-ი და ხ. ს-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ი. ქ-ას და მ. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. ქ-ამ და მ. ქ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ი. ქ-ას და მ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ქ-ას და მ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 2 თებერვლის #572 საოქმო გადაწყვეტილების 26-ე პუნქტი, თ. ი-ისათვის ქ. თბილისში, ...ის ქუჩა 27/25-...ის ქ. #8-ის მიმდებარედ 218 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში.
სააპელაციო სასამართლოში გამოკითხული მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, პალატამ აღნიშნა, რომ ცალსახად დასტურდება კომისიის მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრული გამოკვლევის გარეშე სადავო აქტის გამოცემა. სასამართლოს მითითებით, ერთადერთ დოკუმენტს, გარდა კომისიაში წარდგენილი ფორმალური მტკიცებულებებისა, წარმოადგენს სამი მოწმის (ლ. ბ-ი, ნ. გ-ე, ლ. ს-ი) ჩვენება. მათგან ორი მოწმე დაიკითხა თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, რომლებმაც ცალსახად ვერ დაადასტურეს თ. ი-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის სარგებლობისა და ფლობის ფაქტი. რაც შეეხება აპელანტების ი. და მ. ქ-ების შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულ მოწმეებს (სადავო მიწის ნაკვეთის სიახლოვეს მცხოვრებ მეზობლებს), მათ ცალსახად მიუთითეს, რომ თ. ი-ი არ ფლობდა და არ სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთით. მოწმეთა უმრავლესობა პირადად არ იცნობს თ. ი-ს, რომლის არსებობაც მათთვის ცნობილი გახდა აღნიშნულ ტერიტორიაზე თ. ი-ის მიერ პრეტენზიის წარდგენის შემდეგ. მოწმეები ადასტურებენ ი. და მ. ქ-ების მიერ ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში სადავო მიწის ნაკვეთით და მასზე არსებული შენობით სარგებლობის ფაქტს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, თ. ი-მა და ხ. ს-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია არ იზიარებს სასამართლოს დასაბუთებას და დასკვნებს, ვინაიდან ისინი ემყარება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს, რის გამოც დარღვეულია საქართველოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.2 მუხლი. კასატორის მითითებით, იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდებოდა მოწმეთა ჩვენებაში მოცემული ინფორმაციის საწინააღმდეგო გარემოებები, სასამართლოს მოწმეთა ჩვენებები არ უნდა მიეჩნია სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ერთადერთ და უპირობო საფუძვლად.
კასატორის - თ. ი-ის განმარტებით, კომისიის სადავო გადაწყვეტილება კანონის მიხედვით არის გამოცემული. კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას იმ გარემოებაზე, რომ კომისიამ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, რომელიც გამოიხატა იმაში, რომ არ ყოფილა ადგილზე გასული და თავად არ შეუმოწმებია იგი. კასატორის მითითებით, კომისიამ კანონიერად აღიარა თ. ი-ის სახელზე მიწის ნაკვეთი, ვინაიდან მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია იყო საკმარისი და არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქის საფუძველი.
კასატორის მითითებით, ერთი მხრივ, სასამართლო აღნიშნავს, რომ კომისია დაეყრდნო მხოლოდ თ. ი-ის განაცხადს, არ გავიდა ადგილზე და არ გამოიკვლია, ხოლო მეორე მხრივ, სასამართლო ეყრდნობა მოწმეთა ჩვენებას და მხარის განმარტებას, არ გასულა ადგილზე დასათვალიერებლად, რათა დაედგინა, რამდენად ახლოს ცხოვრობენ დაკითხული მოწმეები სადავო ქონებასთან.
კასატორის მითითებით, მას განხორციელებული აქვს იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედება, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, განკარგა სადავო ქონება, რომელიც დღეის მდგომარეობით ხ. ს-ის საკუთრებაშია. შესაბამისად, ფაქტორივად შეუძლებელია, მას დაევალოს სადავო ნივთის უკან დაბრუნება, ვინაიდან ის აღარ წარმოადგენს მესაკუთრეს. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან უკანონო მოქმედებას ადგილი არ ჰქონია, რომელიც გააქარწყლებდა მისი დაცვის ღირს ინტერესსა და კანონიერ ნდობას.
ამასთან, კასატორი სადავოდ ხდის მოწმეთა დაშვებისა და დაკითხვის თაობაზე აპელანტების შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა პალატის განჩინებებს.
კასატორი - ხ. ს-ე აღნიშნავს, რომ იგი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს და სასამართლოს გადაწყვეტილებამ ზიანი არ უნდა მიაყენოს მის უფლებებსა და ინტერესებს.
კასატორის მითითებით, აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ მოსარჩელეები შეიჭრნენ მის კუთვნილ ქონებაში და განახორციელეს უკანონო მიშენებები. რის შედეგადაც, კასატორმა გამოიძახა პოლიცია. პოლიციის მისვლის შემდეგ მოსარჩელეებმა განახორციელეს უკანონო მიშენების დემონტაჟი და გამოვიდნენ მისი საკუთრებიდან. კასატორი აღნიშნავს, რომ მას პოლიციიდან გამოთხოვილი აქვს ზემოაღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებსაც მიღების შემდეგ წარმოადგენს სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის და 9 სექტემბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, თ. ი-ისა და ხ. ს-ის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, თ. ი-ისა და ხ. ს-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს თ. ი-ისათვის ქ. თბილისში, ...ის ქუჩა 27/25-...ის ქ. #8-ის მიმდებარედ 218 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 2 თებერვლის #572 საოქმო გადაწყვეტილების 26-ე პუნქტის კანონიერება.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს, ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია სადავო მიწის ნაკვეთით თ. ი-ის ფლობისა და სარგებლობის ფაქტის დადგენა, ვინაიდან მოსარჩელეები სადავოდ ხდიან საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ თ. ი-ი არასდროს ფლობდა და სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაიცო სასამართლოს მითითებას სააპელაციო სასამართლოში გამოკითხულ მოწმეთა ჩვენებებთან მიმართებით, რომლითაც დასტურდება, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სადავო აქტი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრული გამოკვლევის გარეშე. აღსანიშნავია, რომ იმ მოწმეებმა, რომელთა ჩვენებაც წარდგენილი იყო კომისიაში, ცალსახად ვერ დაადასტურეს თ. ი-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის სარგებლობისა და ფლობის ფაქტი; ხოლო აპელანტების შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულმა მოწმეებმა ცალსახად მიუთითეს, რომ თ. ი-ი არ ფლობდა და არ სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთით. ამასთან, უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწმეთა დაკითხვის თაობაზე; სააპელაციო სასამართლოს მინიჭებული აქვს აღნიშნული საპროცესო კომპეტენცია, მოწმეთა დაკითხვამ კი სასამართლოს მისცა შესაძლებლობა დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთით ფლობისა და სარგებლობის ფაქტი.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სადავო გადაწყვეტილება კანონის დარღვევით იქნა მიღებული. ამასთან, გასაჩივრებული აქტით ილახება სხვა პირთა - ი. და მ. ქ-ების ინტერესები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თ. ი-ის საკასაციო საჩივარზე ე. ჯ-ას 31.07.2019წ. საგადასახადო დავალებით, ხოლო ხ. ს-ის საკასაციო საჩივარზე ც. კ-ს 31.07.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი - 300-300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თ. ი-ს (პ/ნ ...) და ხ. ს-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210-210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, თ. ი-ისა და ხ. ს-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება;
3. თ. ი-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ე. ჯ-ას მიერ 31.07.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. ხ. ს-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ც. კ-ის მიერ 31.07.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი