გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 133-აპ 8 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე (მომხსენებელი),
მ. გოგელია
განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 9 მარტის განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ხ-ძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე 1996წ. 13 ივნისს მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება. მ. ხ-ეს ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960წ. 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 961 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, კერძოდ, საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცება. მ. ხ-ეს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება 1996წ. 4 დეკემბერს შეეცვალა პირადი თავდებობით, ხოლო აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო, შეწყდა 1997წ. 11 ივლისს.
2001წ. 11 ივლისს მ. ხ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საფუძვლებიდან გამომდინარე, მოითხოვა რეაბილიტირებულად ცნობა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 21 აგვისტოს დადგენილებით მ. ხ-ძე ცნობილ იქნა რეაბილიტირებულად.
2001წ. 29 აგვისტოს მ. ხ-მ იმავე სასამართლოს მიმართა განცხადებით და სახელმწიფოსაგან ითხოვა სამართალდამცავი ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის _ 1504000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მორალური ზიანის _ 500000 აშშ დოლარის ოდენობით ანაზღაურება.
სასამართლომ, განიხილა რა რეაბილიტირებულ მ. ხ-ს მოთხოვნა, 2004წ. 8 ივლისის დადგენილებით არ დააკმაყოფილა იგი მატერიალური ზიანის ნაწილში, ხოლო მორალური ზიანის ნაწილში დააკმაყოფილა ნაწილობრივ, სახელდობრ, აღნიშნული ზიანის კომპენსაციის სახით განუსაზღვრა 5000 ლარი, რომლის გადახდა დააკისრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
აღნიშნული სასამართლო დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რეაბილიტირებულმა მ. ხ-მ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. კერძო სააპელაციო საჩივრებით ისინი ითხოვდნენ ამ დადგენილების გაუქმებას, მ. ხ-ძე იმ მოტივით, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე, მორალური ზიანის კომპენსაციის ოდენობა კი უსამართლოდ შეუმცირა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იმ მოტივით, რომ სასამართლოს მიერ მორალური ზიანის საკომპენსაციოდ განსაზღვრული თანხა აღემატება სახელმწიფოს ფინანსურ შესაძლებლობებს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა კერძო სააპელაციო საჩივრები და 2005წ. 9 მარტის განჩინებით უცვლელად დატოვა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 ივლისის დადგენილება რეაბილიტირებულ მ. ხ-ს მიმართ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების თაობაზე ფინანსთა სამინისტრომ კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს აღნიშნული განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ სასამართლომ რეაბილიტირებულ მ. ხ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხის (5000 ლარი) განსაზღვრის დროს არ გაითვალისწინა სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური შესაძლებლობები.
საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. გ-ემ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
რეაბილიტირებულმა მ. ხ-ემ და მისმა დამცველმა, ადვოკატმა ლ. ს-ემ მხარი არ დაუჭირეს კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვეს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დარჩეს უცვლელად.
პროცესში მონაწილე პროკურორმა ს. ა-ემ მხარი არ დაუჭირა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 9 მარტის განჩინება რეაბილიტირებულ მ. ხ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა რეაბილიტირებულ მ. ხ-ის განცხადებასთან დაკავშირებული სასამართლო წარმოების მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ სავსებით საფუძვლიანად და დასაბუთებულად განსაზღვრეს რეაბილიტირებულ მ. ხ-სათვის მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხა 5000 ლარის ოდენობით, რაც არის გონივრული ზემოხსენებული ზიანის ხასიათისა და შედეგების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ მოცემული თანხის ოდენობა გონივრულად მიიჩნია საკასაციო პალატის სხდომაზე საჩივრის განხილვაში მონაწილე პროკურორმაც, როდესაც მხარი დაუჭირა სასამართლოს გადაწყვეტილებას.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2005წ. 9 მარტს გამოტანილი განჩინება რეაბილიტირებულ მ. ხ-ისათვის მიყენებული მორალური ზიანის 5000 ლარის ოდენობით განსაზღვრის თაობაზე არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 9 მარტის განჩინება რეაბილიტირებულ მ. ხ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.