საქმე ბს-104(3კ-19) 25 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განიხილა ი. კ-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლომ გამოარკვია:
2018 წლის 23 მარტს ქ. ი-ემ, ნ. წ-ემ და მ. კ-მა, 2018 წლის 27 მარტს გ. გ-ემ, 2018 წლის 28 მარტს გი. გ-ემ, მ. ქ-ემ და ა. ძ-ემ, 2018 წლის 3 აპრილს ტ. კ-ემ და მ. ფ-ემ, 2018 წლის 5 აპრილს ნ. კ-ემ და ი. კ-ემ, 2018 წლის 11 აპრილს ლ. კ-ემ, 2018 წლის 13 აპრილს ნ. ც-ემ, 2018 წლის 13 აპრილს ნ. ბ-მა და გი. გა-ემ სამოქალაქო სარჩელი აღძრეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს ბათილად ყოფილიყო ცნობილი: 1. ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N... ბრძანება მოსარჩელეთა ნაწილში; 2. ხელშეკრულების ვადის განსაზღვრის შესახებ მოსარჩელეებსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას შორის 2017 წლის 29 ივნისს დადებული ხელშეკრულების 4.1. პუნქტი; 3. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფაქტობრივი გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მოტივით მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; 4. ასევე მოითხოვეს სამსახურში აღდგენა გათავისუფლებამდე მათ მიერ დაკავებულ (ან ტოლფას) სამუშაოზე და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლებიდან - 2018 წლის 1 იანვრიდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდში მათი ყოველთვიური ხელფასის შესაბამისად; მოსარჩელეებმა ამავე სარჩელით მოითხოვეს სამუშაოზე აღდგენისა და სამი თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის, 23 აპრილის და 24 მაისის განჩინებებით აღნიშნულ სარჩელებთან დაკავშირებით შეიცვალა განსჯადობა და დადგინდა მათი განხილვა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის და 4 ივნისის საოქმო განჩინებებით აღნიშნულ სარჩელებთან დაკავშირებით სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად. საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას მოსარჩელეების წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა: 1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N... ბრძანების ადმინისტრაციულ ერთეულებში ადმინისტრაციული სამსახურის მე-... რანგის ...ი ...ის ...ი სპეციალისტების შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციებად განსაზღვრის ნაწილში ძალადაკარგულად ცნობა; 2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფაქტობრივი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მოტივით მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე; 3. მოსარჩელეების აღდგენა გათავისუფლებამდე მათ მიერ დაკავებულ პოზიციებზე, ასევე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიური ხელფასის - ... ლარის (დარიცხული) გათვალისწინებით, 2018 წლის 1 იანვრიდან სამუშაოზე აღდგენამდე. ამასთან, მოსარჩელეებმა იშუამდგომლეს სამუშაოზე აღდგენისა და სამი თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის გადაწვეტილებით მოსარჩელეების - ქ. ი-ის, ნ. წ-ის, ნ. შ-ის, ე. ნ-ის, ნ. ც-ის, მ. ქ-ის, ი. კ-ის, მ. ფ-ის, ნ. ბ-ის, ი. მ-ის, გ. გ-ის, მ. კ-ის, პ. კ-ის, გი. გ-ის, ტ. კ-ის, ნ. კ-ის, ლ. კ-ის, გი. გ-ისა და ა. ძ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ძალადაკარგულად იქნა აღიარებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N... ბრძანება ადმინისტრაციულ ერთეულებში ადმინისტრაციული სამსახურის მე-... რანგის ...ი ...ის ...ი სპეციალისტების შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციებად განსაზღვრის ნაწილში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფაქტობრივი გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მოტივით მოსარჩელეთა - ქ. ი-ის, ნ. წ-ის, ნ. შ-ის, ე. ნ-ის, ნ. ც-ის, მ. ქ-ის, ი. კ-ის, მ. ფ-ის, ნ. ბ-ის, ი. მ-ის, გ. გ-ის, მ. კ-ის, პ. კ-ის, გი. გ-ის, ტ. კ-ის, ნ. კ-ის, ლ. კ-ის, გი. გ-ის, ა. ძ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოსარჩელეთა მიმართ მობილობის პროცედურების განხორციელება; დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გი. გა-ის, ქ. ი-ის, გ. გ-ის, გი. გ-ის, მ. ქ-ის, ა. ძ-ის, ი. მ-ის, მ. კ-ის, ე. ნ-ისა და ი. კ-ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გი. გა-ის, ქ. ი-ის, გ. გ-ის, გი. გ-ის, მ. ქ-ის, ა. ძ-ის, ი. მ-ის, მ. კ-ის, ე. ნ-ისა და ი. კ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ი-ის, გ. გ-ის, გი. გ-ის, მ. ქ-ის, ა. ძ-ის, ი. მ-ის, მ. კ-ის, ე. ნ-ის, ი. კ-ისა და გი. გა-ის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით ქ. ი-ის, გ. გ-ის, გი. გ-ის, მ. ქ-ის, ა. ძ-ის, ი. მ-ის, მ. კ-ის, ე. ნ-ისა და გი. გა-ის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული.
ი. კ-ემ 2019 წლის 3 იანვარს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო) საქმის წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. კ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და მის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა - ი. კ-ემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 3 იანვარს წარდგენილი განცხადებით უარი თქვა საკასაციო საჩივარზე, რითაც მოახდინა სსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, აღნიშნული კი სსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის საკასაციო საჩივარზე მიმდინარე წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ი. კ-ის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 378-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. კ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. ი. კ-ის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო;
3. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმეზე საკასაციო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე