#ბს-383(კ-19) 10 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 10 თებერვალს თ. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ ქ. თბილისში, ...ო დასახლებაში, ...ის ქ. #21-ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში შესწორების შეტანაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 თებერვლის #... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 მარტის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის სააღრიცხვო ბარათში ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც უძრავ ნივთზე - ქ. თბილისი, ...ო დასახლება, ...ის ქ. #21 (საკადასტრო კოდი #...), განხორციელდება თ. ლ-ის საკუთრების უფლების ½ წილის რეგისტრაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ზ. ჯ-ა, მ. ბ-ი და ე. ნ-ა-კ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით თ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არქივის სახით გადაეცა ტექნიკური აღრიცხვის არქივის მასალები. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილი იყო ის გარემოება, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტსა და რეგისტრირებულ მონაცემებს შორის არ არსებობდა უზუსტობა, რაც მარეგისტრირებელ ორგანოს მისცემდა ტექნიკური ხარვეზის გასწორების შესაძლებლობას, ხოლო საჯარო რეესტრში რეგისტრირებული თ. ლ-ის საკუთრების უფლება წილობრივი მონაცემებით შესაბამისობაში იყო ტექნიკური აღრიცხვის არქივში არსებულ მონაცემებთან, რომელიც თავის მხრივ, შესაბამისობაში იყო 2001 წლის 4 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებასთან. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ვინაიდან სადავო უძრავ ქონებაზე რეალური ფართების განსაზღვრა იდეალურ წილებად ჯერ კიდევ მათ განკარგვამდე იყო განხორციელებული, შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების - სამკვიდრო მოწმობისა და შემდგომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოკლებული იყო როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა თ. ლ-ის მოთხოვნა - შესწორება შეეტანა სააღრიცხვო ბარათის მონაცემებში და ქ. თბილისში, ...ოს დასახლება, ...ის ქ. #21-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი #...) განეხორციელებინა თ. ლ-ის საკუთრების უფლების ½ წილის რეგისტრაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ პირვანდელი აღრიცხვის თანახმად, უძრავი ქონება თანაბარწილებად იყო აღრიცხული გ. ხ-ისა და ი. კ-ის სახელზე. საარქივო მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ გ. ხ-ს არ გაუსხვისებია მის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, ხოლო მესაკუთრეთა სიაში შემდგომში მომხდარი ცვლილებები განხორციელდა ი. კ-ის ნაწილზე. მიუხედავად აღნიშნულისა, გ. ხ-ის წილი ნაცვლად ½-სა, შემდგომში დაფიქსირდა - ¼ წილად. კასატორის განმარტებით, ფაქტობრივად, ნ. კ-მა, რომელიც არის ხ-ის მემკვიდრე, მიიღო უძრავი ქონების ½ წილი, ფაქტობრივად, მოსარჩელის მიერ იყო შეძენილი უძრავი ქონების ½ ნაწილი, რომელსაც ფლობდა ჯერ გ. ხ-ი, ხოლო შემდგომში - ნ. კ-ი. ამასთან, კასატორის აღნიშვნით, ის გარემოება, რომ თ. ლ-ის მფლობელობაში და კანონიერ სარგებლობაშია ¼ ნაწილზე მეტი ფართი, დასტურდება საქმეში არსებული თბილისის საქალაქო საასმართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითა და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისში, ...ო დასახლებაში, ...ის ქ. #21-ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში შესწორების შეტანაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 თებერვლის #... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 მარტის #... გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის სააღრიცხვო ბარათში ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც უძრავ ნივთზე - ქ. თბილისი, ...ო დასახლება, ...ის ქ. #21 (საკადასტრო კოდი #...), განხორციელდება თ. ლ-ის საკუთრების უფლების ½ წილის რეგისტრაცია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს ქ. თბილისში, ...ოს დასახლებაში, ...ის ქ. #21-ში მდებარე უძრავი ნივთის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ჩანაწერებში შესწორების შეტანა იმგვარად, რომ მისი წინამორბედი მესაკუთრის კუთვნილ წილად ¼-ის ნაცვლად, დაფიქსირდეს ½ წილი და შესწორებული მონაცემების საფუძველზე, მის სახელზე დარეგისტრირდეს მითითებულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონების შესაბამისი ½ წილი. მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო გადაწყვეტილება მოტივირებულია იმ გარემოებით, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ დოკუმენტაციაში ჩასწორებისა თუ სხვაგვარი ცვლილებების განხორციელების უფლებამოსილება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე თ. ლ-მა და ლ. ლ-მა 2001 წლის 4 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით ნ. კ-ისაგან იყიდეს ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის ¼ ნაწილი, შესაბამისად, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, ტექნიკური აღრიცხვის ბარათის შესაბამის გრაფაში, მესაკუთრეები მითითებულნი არიან იდეალური წილის მიხედვით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამჟამად მოქმედი რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით, თბილისში, ...ოს დასახლებაში, ...ის ქ. #21-ში მდებარე 520.00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობებზე, საერთო ფართით: 107.61 კვ.მ (საკადასტრო კოდი: #...), რეგისტრირებულია შემდეგი პირების საერთო საკუთრების უფლება: ზ. ჯ-ა - ¼ ნაწილი, თ. ლ-ი - ¼ ნაწილი და მ. ბ-ი - ¼ ნაწილი.
საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არქივის სახით გადაეცა ტექნიკური აღრიცხვის არქივის მასალები. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია ის გარემოება, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტსა და რეგისტრირებულ მონაცემებს შორის არ არსებობდა უზუსტობა, რაც მარეგისტრირებელ ორგანოს მისცემდა ტექნიკური ხარვეზის გასწორების შესაძლებლობას, ხოლო საჯარო რეესტრში რეგისტრირებული თ. ლ-ის საკუთრების უფლება წილობრივი მონაცემებით შესაბამისობაში იყო ტექნიკური აღრიცხვის არქივში არსებულ მონაცემებთან, რომელიც, თავის მხრივ, შესაბამისობაში იყო 2001 წლის 4 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებასთან. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ვინაიდან სადავო უძრავ ქონებაზე რეალური ფართების განსაზღვრა იდეალურ წილებად ჯერ კიდევ მათ განკარგვამდე იყო განხორციელებული, შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების - სამკვიდრო მოწმობისა და შემდგომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოკლებული იყო როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა თ. ლ-ის მოთხოვნა - შესწორება შეეტანა სააღრიცხვო ბარათის მონაცემებში და ქ. თბილისში, ...ოს დასახლება, ...ის ქ. #21-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი #...) განეხორციელებინა თ. ლ-ის საკუთრების უფლების ½ წილის რეგისტრაცია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი