Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-26(2კ-20) 26 თებერვალი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე; ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 13 სექტემბერს ი. ქ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, 2015 წლის 20 იანვრამდე მუშაობდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. …ის განყოფილების …ის …ის თანამდებობაზე (წოდება ვიცე-პოლკოვნიკი).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №... ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 იანვრის №... ბრძანებით დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული ბრძანებები გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, ვინაიდან, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოცემულ სამართალურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს, სპეციალური კანონი ,,პოლიციის შესახებ“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ ნორმები, ასევე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. კონკრეტულ შემთხვევაში სადავოა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოში დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისა და კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება, იმ საფუძვლით, რომ იგი გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ. კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ-ის თანამშრომლის გათავისუფლება არ შედის უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრის კომპეტენციაში, მიუხედავად იმისა, რომ სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.

2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესით“ დადგენილია სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) სამსახურის გავლის წესი და პირობები. ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანხმად, სამსახურში გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის, წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს. ამგვარად, მოსარჩელის მითითებით, ცალსახაა, რომ ზემოთ მითითებული წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სამსახურის გავლის წესს და სამსახურის გავლა თავისთავად გულისხმობს თანამდებობაზე დანიშვნას და თანამდებობიდან გათავისუფლებას. 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მე-2 მუხლი ახდენს დიფერენცირებას და განასხვავებს ერთმანეთისგან ,,სამინისტროს მოსამსახურეს“ და ,,სსიპ-ის მოსამსახურეს“. კერძოდ, ამ მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე არის პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე, ხოლო ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურე არის პოლიციელი, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე; ამავე მუხლში ასევე განმარტებულია ტერმინი ,,პოლიციელი“, ეს არის სსიპ-ში დასაქმებული წოდების მქონე პირი, რომელიც ინიშნება შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, გარდა დამხმარე მოსამსახურისა.

მიუხედავად იმ გარემოების, რომ სამინისტროს მოსამსახურის ჩამონათვალ პირებში მითითებულია ტერმინი ,,პოლიციელი“, სწორედ მე-2 მუხლში მოცემულ ტერმინთა განმარტებები არ იძლევა ნორმის ინტერპრეტაციის საშუალებას იმდაგვარად, რომ სამინისტროს მმართველობაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებული პოლიციელი მიჩნეულ იქნეს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამინისტროს მოსამსახურედ. ცალსახაა, რომ ასეთი პირი შედის ამ მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ,,სსიპ-ის მოსამსახურის“ ჩამონათვალში და როდესაც საკითხი დგება ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებაზე, ბუნებრივია, იგი უნდა გადაწყდეს იმ ნორმის შესაბამისად, რომელიც ეხება ,,სსიპ-ის მოსამსახურის“ დანიშვნა-გათავისუფლებას.

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში ან სსიპ-ში, მინიჭებული აქვს შესაბამისი სპეციალური წოდება და დადებული აქვს პოლიციელის ფიცი, ხოლო თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრულია სამინისტროს მოსამსახურეთა და ,,სსიპ-ის მოსამსახურის“ კატეგორიები.

მოსარჩელის განმარტებით, იგი დანიშნული იყო სსიპ-ის მომსახურების სააგენტოს დირექტორის მიერ და წარმოადგენდა სსიპ-ის მოსამსახურეს. შესაბამისად, იგი ამავდროულად ვერ წარმოადგენდა ,,სამინისტროს მოსამსახურეს“. შესაბამისად, ასეთი პირის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების საკითხი უნდა გადაწყდეს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 74-ე მუხლისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ანუ სააგენტოს დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს.

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის მე-4 პუნქტი და 71-ე მუხლის მე-7 პუნქტი არეგულირებს სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების წესსა და პირობებს, ასევე განსაზღვრულია გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი, სადავო შემთხვევაში კი განხორციელდა სსიპ-ის მოსამსახურე ი. ქ-ის თანამდებობიდან გათავისუფლება.

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს. აღნიშნული ნორმა ადგენს, რომ პოლიციელის (სსიპ-ის მოსამსახურე) თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში გადაყვანა შეუძლია უფლებამოსილ პირს, ხოლო ასეთ უფლებამოსილ პირს, სადავო შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, წარმოადგენს მომსახურების სააგენტოს დირექტორი.

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანხმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კი დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

მოსარჩელის განმარტებით, სადავო შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც გამოცემულია არაუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირის მიერ და ამგვარ აქტს არ შეუძლია გააჩნდეს იურიდიული ძალა მმართველობითი ორგანოების სამართლებრივ წესრიგს დაქვემდებარებული ფუნქციონირების საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე.

მოსარჩელემ ასევე მიუთითა, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლზე (მოქმედი ნორმა), რომლის შესაბამისად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო.

საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, იწვევს ზიანის სრული ანაზღაურების ვალდებულებას. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ №... ბრძანებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 იანვრის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ №... ბრძანების არარა აქტად აღიარება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოსათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ი. ქ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) ყოფილი აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. …ის განყოფილების …ის …ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ - გამოცემის დავალება და ასევე მოპასუხისათვის იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდურის) გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე, ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; არარა აქტად იქნა ცნობილი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №... ბრძანება. არარა აქტად იქნა ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 იანვრის №... ბრძანება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს დაევალა გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ი. ქ-ი აღდგება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. …ის განყოფილების …ის …ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს დაეკისრა იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური) ანაზღაურება მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე პერიოდში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიაჩნია, რომ ი. ქ-ი სადავოდ ხდის სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ...ის განყოფილების …ის …ის დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების, კადრების განკარგულებაში აყვანისა და შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებებს იმ საფუძვლით, რომ იგი გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ. კერძოდ, მხარე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ-ის თანამშრომლის გათავისუფლება არ შედის უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრის კომპეტენციაში, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.

სააპელაციო პალატა მიუთითებს, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაზე, რომლითაც დადგენილია სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) სამსახურის გავლის წესი და პირობები. მითითებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის, წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხებს და მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს.

აღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლი ახდენს დიფერენცირებას და განასხვავებს ერთმანეთისაგან „სამინისტროს მოსამსახურეს“ და „სსიპ-ის მოსამსახურეს“. კერძოდ, ამ მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე არის პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე, ხოლო ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურე არის სსიპ–ის პოლიციელი, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე; ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტში ასევე განმარტებულია ტერმინი „პოლიციელი“, ეს არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში ან სსიპ-ში, მინიჭებული აქვს შესაბამისი სპეციალური წოდება და დადებული აქვს პოლიციელის ფიცი. ამდენად, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სამინისტროს მოსამსახურის ჩამონათვალ პირებში მითითებულია ტერმინი ,,პოლიციელი“, სწორედ მე-2 მუხლში მოცემული ტერმინთა განმარტებები არ იძლევა ნორმის ინტერპრეტაციის საშუალებას იმდაგვარად, რომ სამინისტროს მმართველობაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებული წოდების მქონე პირი (პოლიციელი) მიჩნეულ იქნეს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამინისტროს მოსამსახურედ; ცალსახაა, რომ ასეთი პირი შედის ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ „სსიპ-ის მოსამსახურის“ ჩამონათვალში და როდესაც საკითხი დგება ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებაზე, იგი უნდა გადაწყდეს იმ ნორმების შესაბამისად, რომელიც ეხება „სსიპ-ის მოსამსახურის“ დანიშვნა-გათავისუფლებას.

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 74.1 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურეთა (გარდა სსიპ-ის უფროსის მოადგილისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება, თავისი ასიგნებების ფარგლებში შტატგარეშე მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლება (ხელშეკრულების გაფორმება-შეწყვეტა) ხდება სსიპ-ის ხელმძღვანელის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ; ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სსიპ-ის სპეციალური წოდების მქონე პირს (გარდა ვადიანი სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურეებისა) უმცროს და პირველად საშუალო სპეციალურ წოდებას ანიჭებს სსიპ-ის ხელმძღვანელი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი (გარდა დაცვის პოლიციისა) (სპეციალური ნორმები სსიპ-თან დაკავშირებით).

სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 მარტიდან) დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულება, რომელიც აწესრიგებს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტატუსს, დანიშნულებას, სტრუქტურას, კომპეტენციას, უფლებამოვალეობებს და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.

როგორც საქმის მასალებით დგინდება, ი. ნ. ქ-ი დანიშნული იყო სსიპ მომსახურების სააგენტოს დირექტორის მიერ და წარმოადგენდა სსიპ-ის მოსამსახურეს. შესაბამისად, ასეთი პირის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების საკითხი უნდა გადაწყდეს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” 74-ე მუხლისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად (სააგენტოს დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს).

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების პოზიცია, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების’’ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმებით (მინისტრი - აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, იგი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს), საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი იყო გაეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელე, ვინაიდან იგი წარმოადგენდა სამინისტროს მმართველობაში შემავალ სსიპ-ის მოსამსახურეს.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მითითებას, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” 74-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურეთა (გარდა სსიპ-ის უფროსის მოადგილისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება სსიპ-ის ხელმძღვანელის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ. სადავო შემთხვევაში განხორციელდა სწორედ სსიპ-ის მოსამსახურე ი. ქ-ის თანამდებობიდან გათავისუფლება. შესაბამისად, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ი. ქ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანებების არარად აღიარების თაობაზე და მიიჩნია, რომ ისინი გამოცემულია არაუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ.

სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ ი. ქ-ის თანამდებობაზე აღდგენა უნდა დაევალოს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, ვინაიდან, სწორედ სააგენტოს ხელმძღვანელის უფლებამოსილებას წარმოადგენს სააგენტოს მოსამსახურის დანიშვნის საკითხი. ამასთან, პალატას დასაბუთებულად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილშიც და განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

კასატორის - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული აქტები არარად შეფასებულია არასწორად, ხოლო არარა ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის სამართლებრივი შედეგები, სასამართლოს მიერ განმარტებულია არასწორად. სასამართლოში გასაჩივრდა პირის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის ბრძანება და არა შსს მომსახურების სააგენტოდან დათხოვნის ბრძანება.

პირის შს კადრებში აყვანა ემსახურება ადამიანური რესურსის რაციონალურ გამოყენებასა და შს სისტემაში პირთა შრომითი მოწყობის საკითხის ეფექტიან გადაწყვეტას. მომსახურების სააგენტო, როგორც შს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არ იყო უფლებამოსილი გადაეწყვიტა 2014 წელს პირის შს ორგანოებიდან დათხოვნის საკითხი, სწორედ ამიტომ მომსახურების სააგენტოს დირექტორმა მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს მოტივირებული პატაკით, რომ მოეხდინა პირის კადრების განკარგულებაში აყვანა საიდანაც ხორციელდებოდა საკადრო რესურსის ადმინისტრირება შს ორგანოების მასშტაბით. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი იყო გამოეცა ბრძანება შინაგან საქმეთა სამინისტროდან პირის დათხოვნის შესახებ, ხოლო შსს მომსახურების სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილების განხორციელება გამოიხატა პატაკით, რომლითაც მან მინისტრის მიმართა.

,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი”. აღნიშნული წესის 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში პოლიციელს, სამხედრო მოსამსახურეს, საჯარო მოხელესა და სამოქალაქო პირს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ფულადი სარგო (მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ კადრების განკარგულებაში აყვანა არ გულისხმობს პირის შს ორგანოებიდან დათხოვას (გათავისუფლებას) და იგი შეიძლება გულისხმობდეს მხოლოდ ფუნქცია-მოვალეობების დროებით შეჩერებას. რეალურად სამსახურიდან დათხოვნა ხდება კადრების განკარგულებაში აყვანის 4 - თვიანი ვადის გასვლის შემდგომ, თუ პირის სამსახურში მოწყობის საკითხი ვერ გადაწყდა დადებითად.

რაც შეეხება სამსახურიდან დათხოვნის ბრძანებას, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილების მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს. ამდენად, კასატორის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებები არის დაუსაბუთებელი და ვერ დგინდება რა ლოგიკური კავშირია განსახილველ შემთხვევასა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №995 ბრძანების 74-ე მუხლს შორის, მაშინ როდესაც სახეზეა პირის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანება.

კასატორის მოსაზრებით, ასევე დაუსაბუთებელია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარა აქტებად მიჩნევის დასაბუთებაც. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60-601 მულის დეფინიციიდან გამომდინარე, არარა და ბათილი აქტების გამიჯვნის მთავარი კრიტერიუმი არის სამართლებრივი შედეგი. იმ შემთხვევაში როდესაც აქტის ადრესატის მიმართ დგება გარდაუვალი სამართლებრივი შედეგი (აქტის აღსრულება) შეუძლებელია მივიჩნიოთ აქტი არაუფლებამოსილი პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულად, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლი მოიცავს ისეთ ტერმინს როგორიცაა ,,არარა“, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ გამოცემული აქტი ვერანაირ სამართლებრივ შედგეს მისი ადრესატისთვის ვერ გამოიღებს, ანუ საკითხი რომლის ირგვლივაც მოცემულია აქტი, არ ექვემდებარება აქტის გამომცემი ორგანოს ამ პირის ზეგავლენას, შეცვალოს აქტის ადრესატის მდგომარეობა.

კასატორის განმარტებით, ასევე არასწორია სასამართლოების მსჯელობა პირის თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და განმარტავს, რომ არარა ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტი იმთავითვე, გამოცემისთანავე ითვლება არარად, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რა დროსაც სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს გონივრულობის, შესაბამისობის, სამართლიანობის პრინციპის დაცვით, რომ სახელმწიფოს სახსრებიდან არ გაიცეს დაუსაბუთებელი ხარჯი და არ შეილახოს საჯარო ინტერესი.

ამასთან, უკანონო და დაუსაბუთებელია აგრეთვე განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდისათვის. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, თუ პირი, სამსახურიდან გათავისუფლების პერიოდში მუშაობდა სხვა სამსახურში და იღებდა შემოსავალს, აღნიშნული თანხა უნდა გამოაკლდეს განაცდურის თანხას, ვინაიდან, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობიდან გამომდინარე, ერთ პერიოდზე ორი შრომითი ანაზღაურების გაცემა მომსახურების სააგენტოდან დაუშვებელია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

მეორე კასატორმა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკასაციო საჩივარში მიუთითა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილების მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს. დასანიშნად წარუდგენს პრემიერ - მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, ხოლო ამავე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. კასატორის მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედი სამსახურის გავლის წესი არის სპეციალური ნორმატიული აქტი, რომლითაც წესრიგდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი, იგი განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს მომსახურების სააგენტოს და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესს ადგენს საქართველოს მინისტრი, ხოლო სამსახურის გავლა წარმომადგენლის მოსაზრებით, თავისთავად გულისხმობს თანამდებობაზე დანიშვნას და თანამდებობიდან გათავისუფლებას.

კასატორმა მიუთითა 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები არის დაუსაბუთებელი, რადგან ვერ დგინდება სასამართლოს მიერ მითითებული არგუმენტი, ერთი მხრივ რატომ გამორიცხავს მინისტრის უფლებამოსილებას გაათავისუფლოს პირი სამსახურიდან და მეორე მხრივ, თუ აღნიშნული ნორმა სასამართლოს მიაჩნია მინისტრის უფლებამოსილების შეზღუდვად სსიპ-ის მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში, რატომ ვრცელდება იგი კადრების განკარგულებაში აყვანაზე. კადრების განკარგულებაში პირის აყვანის საკითხს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” 34-ე მუხლი, ხოლო სამსახურიდან დათხოვნას 35-ე მუხლი და აღნიშნული ურთიერთობები არ არის გაიგივებული.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის ლეგალური დეფინიციიდან გამომდინარე, განაცდურის ანაზღაურების მითითებული საფუძვლით მიღება დაკავშირებულია აქტის უკანონოდ (ბათილად) ცნობასთან, რასაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არ ითხოვს. კერძოდ, არარა აქტის შემთხვევაში იგულისხმება, რომ მოხელე არც გათავისუფლებულა თანამდებობიდან და ამ აქტს არ წარმოუშვია რაიმე სამართლებრივი შედეგი. შესაბამისად, როდესაც სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილია აქტის არარად აღიარება, მოხელის მხრიდან არსებობს მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს თანმდევი ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუ დადგინდა, რომ აქტი ნამდვილად არის არარა. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის იარსებებს პირის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა და საფრთხე შეექმნება სახელმწიფოს ბიუჯეტის სტაბილურობას, რადგან, როგორც ცნობილია, აქტის არარად აღიარებისათვის კანონმდებელი არ განსაზღვრავს რაიმე ვადას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №... და 2015 წლის 20 იანვრის №... ბრძანებების არარად აღიარება, მოპასუხისათვის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოსათვის მოსარჩელე ი. ქ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ი. ქ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წინამდებარე დავის კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტა საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსის კომპეტენციის ფარგლების დადგენას მოსამსახურეთა დანიშვნისა და გათავისუფლების ნაწილში.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის #337 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი) 1-ლი მუხლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ასევე სხვა საჯარო ფუნქციებს. ამავე წესის მე-2 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

ამავე დებულების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“, „ე“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მინისტრი ხელმძღვანელობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და სხვა თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს; თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების რეორგანიზაციას.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის #337 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ IV თავით განსაზღვრულია სამინისტროს სისტემა და მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომპეტენცია. კერძოდ, მე-9 მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილია სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მათ შორის არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (,,ე“ ქვეპუნქტი).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-3 მუხლის შესაბამისად, სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია სააგენტოს დირექტორის უფლება-მოვალეობანი, კერძოდ, „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, მართალია, შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში და, შესაბამისად, ექვემდებარება მისი მხრიდან სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას, თუმცა იგი წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, რომელიც მაკონტროლებელი ორგანიზაციისაგან დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას და ამავდროულად, დამოუკიდებლად წყვეტს საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს. საკასაციო სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ სსიპ-ის მიმართ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს მხრიდან კონტროლის განხორციელება გულისხმობს სსიპ-ის საქმიანობის კონტროლს და არა სსიპ-ის უფლებამოსილებებისა თუ ვალდებულებების მის მიერ უშუალოდ განხორციელების შესაძლებლობას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე მის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სამსახურის გავლის წესსა და პირობებს არეგულირებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი“. აღნიშნული წესის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის, წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხებს და მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე მითითებული წესის მე-2 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, რომლებიც ცალსახად მიჯნავს ერთმანეთისაგან სამინისტროს მოსამსახურისა და სსიპ-ის მოსამსახურის მნიშვნელობებს, კერძოდ, სამინისტროს მოსამსახურე არის პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე, სსიპ-ის მოსამსახურე კი - სსიპ-ის პოლიციელი, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებული წოდების მქონე პირი (პოლიციელი) შედის ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ „სსიპ-ის მოსამსახურის“ ჩამონათვალში და როდესაც საკითხი დგება ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებაზე, იგი უნდა გადაწყდეს იმ ნორმების შესაბამისად, რომელიც ეხება „სსიპ-ის მოსამსახურის“ დანიშვნა-გათავისუფლებას.

საკასაციო სასამართლო აგრეთვე მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან სხვა უფლებამოსილი პირი. ამავე წესის 74-ე მუხლით კი, გათვალისწინებულია სპეციალური ნორმები სსიპ-თან დაკავშირებით. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურეთა (გარდა სსიპ-ის უფროსის მოადგილისა) თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებას, ასევე საკუთარი ასიგნებების ფარგლებში შტატგარეშე მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლებას (ხელშეკრულების გაფორმება-შეწყვეტა) ახორციელებს სსიპ-ის ხელმძღვანელი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.

მითითებული ნორმების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხსენებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი“ ერთმანეთისაგან მკვეთრად მიჯნავს როგორც სამინისტროს მოსამსახურისა და სსიპ-ის მოსამსახურის ცნებებს, ასევე ერთმანეთისაგან განცალკევებულად აწესრიგებს მათი თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია, თავად განსაზღვროს მისი მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ების ოდენობა, მიიღოს გადაწყვეტილება მათი დაარსებისა თუ ლიკვიდაციის შესახებ, აგრეთვე, აკონტროლოს ისინი, თუმცა სსიპ-ის საქმიანობა სრულიად დამოუკიდებლად მიმდინარეობს და მისი შიდა საკადრო პოლიტიკაც სწორედ სსიპ-ის ხელმძღვანელის ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით განისაზღვრება.

საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 11 აპრილის №700398 ბრძანების თანახმად, პოლიციის მაიორი - ი. ნ. ქ-ი გათავისუფლდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. …ის განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობიდან და დაინიშნა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. …ის განყოფილების …ის …დ.

სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 17 სექტემბრის №1838439 პატაკის შესაბამისად, სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ადამიანური რესურსებისა და ხარისხის მართვის სამმართველოს ...ის ...ემ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა მინისტრის განკარგულება, რათა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 2014 წლის 17 სექტემბრიდან გათავისუფლებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნეს შსს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში სსიპ - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურე, სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. …ის განყოფილების …ის …ე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი - ი. ნ. ქ-ი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №... - თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანების თანახმად, შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. …ის განყოფილების …ის …ე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი - ი. ნ. ქ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 იანვრის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ №... ბრძანებით ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 37-ე მუხლის (დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო), ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’, ,,ე’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 17 იანვრის №120913 ბრძანების შესაბამისად, შსს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) ყოფილი აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. …ის განყოფილების …ის …ე, პოლიციის ვიცე- პოლკოვნიკი - ი. ნ. ქ-ი დათხოვნილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2015 წლის 20 იანვრიდან.

საკასაციო სასამართლო ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმარტავს, რომ ი. ქ-ი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. …ის განყოფილების …ის …დ დაინიშნა დირექტორის ბრძანებით, ხოლო თანამდებობიდან გათავისუფლდა და კადრების განკარგულებაში აყვანილ იქნა, სიდანაც შემდგომ გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების არგუმენტებს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დანაწესებთან მიმართებაში და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმების უმთავრეს მითითებას სწორედ ტერმინი „უფლებამოსილი პირი“ წარმოადგენს. კანონმდებლობა ერთმანეთისგან ცალსახად მიჯნავს „სამინისტროს მოსამსახურისა“ და „სსიპ-ის მოსამსახურის“ ტერმინებს, ამასთან, აღნიშნულ მოსამსახურეთა დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების უფლებამოსილებას სხვადასხვა პირებს მიაკუთვნებს. თავის მხრივ, პოლიციელი შესაძლოა როგორც სსიპ-ის, ასევე სამინისტროს მოსამსახურეს წარმოადგენდეს. შესაბამისად, პოლიციელის განთავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი უნდა განისაზღვროს აღნიშნული პირის დასაქმების ადგილისა და მისი კონკრეტული დაწესებულების მოსამსახურედ განსაზღვრის მიხედვით, კერძოდ, თუკი პირი სსიპ-ის მოსამსახურეა, მაშინ ზემოხსენებულ დანაწესთა თანახმად, მის გათავისუფლებაზე უფლებამოსილი სწორედ სსიპ-ის ხელმძღვანელია, ხოლო თუკი იგი „სამინისტროს მოსამსახურეთა“ პოლიციელთა რიგებში შედის, მაშინ მისი გათავისუფლების უფლებამოსილებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრია აღჭურვილი.

საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად ცნობის დროს განაცდურის ანაზღაურებასთან მიმართებაში და განმარტავს, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით (ამჟამად მოქმედი 18.4 მუხლი) გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველობის ორგანოებს ეკისრება პირის უკანონოდ გათავისუფლების ყველა შემთხვევაში.

უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლება, მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, გათვალისწინებულია ასევე რიგი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც. მათ შორის - სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლით; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის C 158 კონვენციის (Termination of Employment Convention) მე-10 მუხლი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს ანიჭებს უფლებას სასამართლოს მიერ მისთვის სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციაზე, ხოლო 1963 წლის რეკომენდაციის R 118 (Termination Of Employment Recommendation) მე-6 პარაგრაფი ითვალისწინებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლებას მიუღებელ ხელფასზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, #ბს-473-468(2კ-16) საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება. სადავო საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის #ბს-815(2კ-18) განჩინებით ასევე დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე