საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1389(კს-19) 26 თებერვალი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. ბ-ე
სარჩელზე მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 15 იანვარს ჯ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 18 ოქტომბრის N003869 დადგენილების ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 13 თებერვლის N90 ბრძანების ,,ჯ. ბ-ის წარმომადგენლის ნ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’ ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ჯ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
2019 წლის 18 ნოემბერს ჯ. ბ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 18 ოქტომბრის N003869 დადგენილების მოქმედების შეჩერების მოთხოვნით. შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ თუ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე აღსრულდა აქტში დათქმული პირობები, მითითებული მოქმედება შეუძლებელს გახდის აპელანტის კანონიერი უფლებისა და ინტერესების დაცვას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ჯ. ბ-ის წარმომადგენლის ნ. მ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; შეჩერდა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 18 ოქტომბრის N003869 დადგენილების მოქმედება, განსახილველ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 18 ოქტომბრის N003869 დადგენილების პირველი პუნქტის მოქმედება (დაჯარიმების ნაწილში) უნდა შეჩერდეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური აქტის მოქმედებას. ამ ნორმით დადგენილი ზოგადი წესის მიხედვით, ინდივიდუალური აქტის მოქმედება ავტომატურად ჩერდება სასამართლოში სარჩელის წარდგენით, თუმცა ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, აქტის მოქმედება ყოველთვის ავტომატურად არ ჩერდება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილი აწესებს გამონაკლისებს ამავე მუხლის პირველი ნაწილიდან და ადგენს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როცა გასაჩივრებული აქტის მოქმედება ავტომატურად არ ჩერდება. კერძოდ, თუ: ა) ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან; ბ) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას; გ)იგი გამოცემულია შესაბამისი კანონის საფუძველზე გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს; დ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა; ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია ან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს; ვ) ეს გათვალისწინებულია კანონით.
სააპელაციო პალატის განმარტებით, სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლის განხილვა-შეფასების პროცესში სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელ კონკრეტულ სამართლებრივ აქტებთან ერთად, სხვა მოწესრიგების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ზოგადი პრინციპებით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს პირის დაჯარიმების შესახებ დადგენილებების აღსრულებას.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 18 ოქტომბრის N003869 დადგენილებით ჯ. ბ-ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული ჯარიმა - 10 000 ლარის ოდენობით, არ ექცევა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „სხვა გადასახდელების“ კატეგორიაში, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ამ დადგენილებით დაკისრებული ჯარიმა წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შესასრულებელ ფულად ვალდებულებას. ტერმინ ,,გადასახდელს" ჯარიმის მნიშვნელობით არ იცნობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და ასევე საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები. ეს ტერმინი გამოყენებულია მხოლოდ საგადასახადო კოდექსში, ,,მიმდინარე გადასახდელების" სახით. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტში, სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გადასახადებისა და მოსაკრებლების გვერდით იმავე კონტექსტში მოხსენიებულ ,,სხვა გადასახდელებში" მოაზრებულია სწორედ საგადასახადო კოდექსში ასახული გადასახდელები და არა - ადმინისტრაციული ჯარიმა. იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრებით ჩერდება საჯარიმო თანხის გადახდის ვალდებულება, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ექცევა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის რეგულირების სფეროში (ადმინისტრაციული აქტის კანონისმიერი შეჩერება), ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული აქტის მოქმედება ჩერდება კანონით, ავტომატურ რეჟიმში.
სააპელაციო პალატის მითითებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 18 ოქტომბრის N003869 დადგენილების მე-2 პუნქტის მოქმედება უნდა შეჩერდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შემდეგ გარემოებათა გამო: განსახილველ შემთხვევაში, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წარიმართა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად. აღნიშნული კანონის 25-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად კი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში. ამასთანავე, გასაჩივრება არ აჩერებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების აღსრულებას, მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში. ამდენად, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება, დემონტაჟის დავალების ნაწილში, ვერ შეჩერდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. სააპელაციო პალატის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუკი სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება სარჩელის წარმოებაში მიღებით, ავტომატურ რეჟიმში არ ხდება, თუმცა ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს, ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 18 ოქტომბრის N003869 დადგენილებით ჯ. ბ-ე დაჯარიმდა 10000 ლარით (საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი) ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე, ...ის ...ო ...ის მიმდებარედ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კაპიტალური შენობა-ნაგებობის და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მშენებლობისთვის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, მასვე დაევალა სადავო ნაგებობის დემონტაჟი, რაც არ განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობისათვის გამოცემული აქტების გასაჩივრება არ აჩერებს ამ დადგენილების მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში, სახდელის ნაწილში კი დადგენილების მოქმედება ავტომატურად ჩერდება, სასამართლომ მაინც, ყურადღების გარეშე დატოვა კანონმდებლის იმპერატიული მოთხოვნა და მას საპირწონედ დაუპირისპირა მსჯელობა იმის შესახებ, რომ არსებობს რეალური ალბათობა აქტის ბათილობისა და მის კანონიერებაში ეჭვის შეტანისა, რის დასტურადაც მოჰყავს მხოლოდ და მხოლოდ შუამდგომლობის ავტორის ზეპირსიტყვიერი მსჯელობა და არა კონკრეტული არგუმენტები. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მხარეს განხორციელებული მშენებლობის დამადასტურებელი რაიმე სახის რეალური დოკუმენტი რომ ჰქონოდა, ის აუცილებლად წარმოადგენდა მას ადმინისტრაციული ორგანოს განხილვაზე, თუმცა მოსარჩელის მიერ მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის საფუძველზეც სასამართლოს უნდა ევარაუდა, რომ მხარის ქმედება ემსახურებოდა მხოლოდ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის გაჭიანურებას და გართულებას.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვება, ხელს შეუწყობს არასწორი და ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიუღებელი პრაქტიკის დამკვიდრებას, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესს და აკნინებს სამშენებლო სამართლის ფუნქციასა და როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამასთან, სასამართლოს მსჯელობა არაფრად აგდებს ამ სფეროში სპეციალური კანონის არსებობას და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მისგან განსხვავებულ მდგომარეობას აწესებს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების საფუძველზე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონირების თაობაზე. თუმცა აღნიშნული არ უნდა გახდეს სამშენებლო სამართლის იმპერატიული მოთხოვნის უგულებელყოფის საფუძველი. სამშენებლო სამართალი წარმოადგენს იმ ნორმათა ერთობლიობას, რომელიც საჯარო ინტერესების გათვალისწინებით აწესრიგებს მიწის ნაკვეთის სამშენებლო მიზნით გამოყენების საკითხებს, როგორც განმარტებიდან ირკვევა, მთელი სამშენებლო სამართალი დამყარებულია ერთი მარტივი პრინციპის დაცვაზე, რაც არის საჯარო ინტერესების გათვალისწინება, საჯარო ინტერესი კი გულისხმობს სახელმწიფო და საზოგადო ინტერესების ერთობლიობას, სწორედ ამიტომ ყოველი მოქალაქე ვალდებულია, გაითვალისწინოს, გაიზიაროს და ყოველი მისი ქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება დაამყაროს ამ ინტერესების არსებობაზე.
სადავო ნაგებობა აშენებულია სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის თანასაკუთრებაში, შესაბამისად, ამით ირღვევა სახელმწიფო ინტერესი განახორციელოს კანონით დაკისრებული ვალდებულება, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე მართოს უძრავი ქონება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აპირებს ინფრასტრუქტურული საპროექტო სამუშაოების განხორციელებას, ხოლო აქტის შეჩერებით ფერხდება საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი (აუცილებელი) ობიექტის მოწყობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინებით ქ. თბილსის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ ქ. ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ ნაწილით უზრუნველყოფილია ყოველი ადამიანის სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობის უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს ადამიანის სრულყოფილი სამართლიანი დაცვა, ეფექტური მართლმსაჯულება გულისხმობს არა მარტო დარღვეული უფლების აღდგენას, არამედ დროებით დაცვას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლების პრევენციული დაცვა.
სწორედ იმიტომ, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის უფლებების ფაქტობრივი რეალიზაციის სრულყოფა, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს როგორც უფლების დაცვის რეპრესიულ, ასევე უფლების დაცვის პრევენციულ საშუალებებს. უფლების დაცვის წინასწარი საშუალების მთავარი მიზანი დაინტერესებული მხარისათვის იმგვარი შესაძლებლობის მიცემაა, რომლითაც მას საკუთარი ინტერესების დაცვა ადმინისტრაციული წარმოების ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების დამთავრებამდე შეეძლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, უფლების დაცვის პრევენციულ საშუალებებს აქვთ დარღვეული უფლების აღდგენის დაცვის წინასწარი უზრუნველყოფის, გარანტიის ფუნქცია.
განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისგან ადმინისტრაციული სამართლისთვის დამახასიათებელია სუსპენზიური ეფექტის, როგორც უფლების დაცვის პრევენციული საშუალების, არსებობა, რომლის მეშვეობითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება დროებით ჩერდება, კერძოდ, გასაჩივრების შემდგომ, საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ან სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება ხდება კანონისმიერად - ადმინისტრაციული სარჩელის წარდგენა ავტომატურად, მხარის შუამდგომლობის გარეშე და მოსამართლის ნებისგან დამოუკიდებლად იწვევს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერებას (სასკ-ის 29.1 მუხლი). ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა თავად არეგულირებს სარჩელის უზრუნველყოფის საკითხს და ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ისეთ ორ სახეს, როგორიცაა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება (სასკ-ის 29-ე მუხლი) და დროებითი განჩინების მიღება (სასკ-ის 31-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში სადავოა სასკ-ის 29-ე მუხლით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. სასკ-ის 29.1 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღება სასამართლო წარმოებაში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. ამასთან, მე-2 ნაწილი განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება ავტომატურად არ ჩერდება.
ყველა გამონაკლისი შემთხვევების არსებობა კერძო ინტერესთან შედარებით საჯარო ინტერესის უპირატესობით არის განპირობებული და სწორედ მათი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო კანონმდებლობა არ უშვებს ადმინისტრაციული აქტის მოქმედების ავტომატურად შეჩერების შესაძლებლობას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარის მოთხოვნით, სასამართლოს მაინც შეუძლია შეაჩეროს ასეთი აქტის მოქმედება, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს, ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. აღნიშნული უფლების გამოყენებისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს როგორც მხარის ინტერესი, ისე ის თანმდევი შედეგი, რაც შესაძლოა მოჰყვეს აქტის შეჩერებას.
საქმის მასალების შესაბამისად, ქ. ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 18 ოქტომბრის N003869 დადგენილებით ჯ. ბ-ე დაჯარიმდა უკანო მშენებლობისათვის და მასვე დაევალა დემონტაჟი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 25.4 მუხლის თანახმად, დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში. სასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარის მოთხოვნით სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაცვას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ერთმანეთს უპირისპირდება მომავალში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საჯარო ინტერესი და მხარის ინტერესი, ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ორივე მხარის კანონიერი ინტერესი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის შეზღუდვით იმ გონივრულ ფარგლებში, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცვისათვის. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შედეგად, რაც გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასა და აღსრულების შეჩერებაზე არსებული ინტერესების ურთიერთშეპირისპირებას. ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება ნიშნავს მისი მოქმედებისა და ყველა სამართლებრივი შედეგის გადადებას სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. დავის სასამართლოში გადაწყვეტამდე კანონი უბრუნებს პირს იმ სამართლებრივ და ფაქტობრივ მდგომარეობას, რომელიც არსებობდა სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემამდე. მართალია, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება მოსარჩელის უფლება მშენებლობის განხორციელებაზე, მაგრამ არ არის გამორიცხული კანონიერი ინტერესის არსებობა ობიექტზე უფლების მოპოვების თვალსაზრისით ან სადავო აქტის გაუქმება პროცედურული მოსაზრებებით. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სადავო აქტის მოქმედების შედეგად შეუძლებელი გახდება მოსარჩელის უფლების ან ინტერესის დაცვა. სასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ყველა შემთხვევაში, მათ შორის, მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აქტის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას. სასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ის გარემოება, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25.4 მუხლის თანახმად, დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში, არ გამორიცხავს სადავო აქტის შეჩერების შესაძლებლობას სასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უკეთუ მხარის მოთხოვნა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შეჩერების თაობაზე შეიცავს მითითებას იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის გამოც მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს მიაყენებს მას ან შეუძლებელს გახდის მისი უფლების ან ინტერესის დაცვას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე აზრს დაკარგავს სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) განხილვა და სარჩელის დაკმაყოფილებისა და აქტების ბათილად ცნობის შემთხვევაში ვეღარ აღსრულდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ვინაიდან აღარ იარსებებს სადავო ნაგებობა. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შემთხვევაში მოხდება სადავო ნაგებობის დემონტაჟი, რაც, თავისთავად, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლებელს შექმნის გადაწყვეტილების აღსრულებას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 18 სექტემბერს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“, რომლის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. ამავე კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან - ჯარიმისა და საურავისაგან თავისუფლდება: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია; ბ) ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან); გ) ამ კანონის ამოქმედების დროისთვის 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი; ვ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი; ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი − დევნილი. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ჯ. ბ-ე არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი (ს.ფ. 127; ტ.2).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებული ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა სამართალდარღვევის ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა. სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არამხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი გამოყენების დროს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. ამასთან, სადავო აქტების გასაჩივრების შემთხვევაში პირისათვის საბოლოო შედეგს იწვევს სასამართლო გადაწყვეტილება და არა სადავო აქტები, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სუსპენზიური ეფექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პირის დაცვა არასასურველი მმართველობითი ღონისძიების განხორციელებისაგან, რაც გულისხმობს იმ მდგომარეობის შენარჩუნებას, რომელიც სადავო აქტის გამოცემამდე არსებობდა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებისა და მხარეთა ინტერესების თანაბარზომიერების პრინციპიდან გამომდინარე, წარმოიშობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე - 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე