Facebook Twitter

საქმე №ბს- 1271(2კ-19) 05 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე;

კასატორები - საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოპასუხეები);

მოწინააღმდეგე მხარეები - ნ. კ-ი, ე. ყ-ი (მოსარჩელეები);

მესამე პირები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; ს. კ-ი, მ. ხ-ა, ი. კ-ი (პირადი N...), ნ. კო-ი, ნა. კ-ი, ი. კ-ნი (პირადი N...)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის განჩინება;

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. კ-მა და ე. ყ-მა 2017 წლის 12 ოქტომბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ და მოითხოვეს მოსარჩელეების ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ს. კ-ს შორის 2009 წლის 26 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და „სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 02 თებერვლის N62 განკარგულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრისა და 2018 წლის 18 იანვრის განჩინებებით სასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ს. კ-ი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, ხოლო სასკ-ის 16.1 მუხლის შესაბამისად - მ. ხ-ა, ი. კ-ი (პირადი N...), ნ. კო-ი, ნა. კ-ი და ი. კ-ნი (პირადი N...).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ნ. კ-ისა და ე. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელების ნაწილში ბათილაც იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ს. კ-ს შორის 2009 წლის 26 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და „სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 02 თებერვლის N62 განკარგულება, რაც მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩნებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა: უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება, რაც მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. პრეზიდენტის სადავო განკარგულება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლების ადასტურებს მოსარჩელეთა და ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი. კასატორი აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, დევნილი ოჯახის შემადგენლობის განსაზღვრა წარმოადგენდა არა საქართველოს პრეზიდენტის, არამედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კომპეტენციას.

კასატორის მოსაზრებით, სარჩელი ხანდაზმულია, რადგან დევნილი ოჯახის ფართით დაკმაყოფილებისას იცვლება დევნილის შემწეობის ოდენობა, ამდენად, მოსარჩელეებს უნდა სცოდნოდათ სადავო ხელშეკრულების დადების შესახებ.

კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტრო მიუთითებს დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცედურებზე და აღნიშნავს, რომ პროცედურების გამარტივების მიზნით, ხელშეკრულებას ხელს აწერდა ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი. გასაჩივრებული ხელშეკრულების პიროებების თანახმად, მოსარჩელეების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა აიღო ოჯახის უფროსმა - ს. კ-მა. შესაბამისად, მოსარჩელეთა პრეტენზია მიმართული უნდა იყოს სწორედ ს. კ-ის მიმართ. კასატორის მოსაზრებით, სადავო ხელშეკრულება დადებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. ამასთან, ხელშეკრულება არ ეწინააღმდეგება სზაკ-ის 67-ე მუხლს, საჭირო არ იყო ხელშეკრულებაში მითითებული პირების მიერ თანხმობის მიღება, რადგან მათ სადავო ხელშეკრულებით რაიმე ვალდებულება არ დაკისრებიათ. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირი - ს. კ-ი და მოსარჩელეები წარმოადგენდნენ ერთი ოჯახის წევრებს და მინიჭებული ჰქონდათ საერთო ნომერი. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეები სადავოდ არ ხდიან კონკრეტული ოჯახისადმი კუთვნილებას, არ იკვეთება მათი ნამდვილი იურიდიული ინტერესი. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა ხელშეკრულების დადების მომენტიდან უნდა დაიწყოს და, შესაბამისად, სარჩელი ხანდაზმულია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოებს გააჩნდათ მოსარჩელეებისათვის ხელშეკრულების დადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და მათგან თანხმობის მიღების ვალდებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოები წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ ადასტურებენ ზემოაღნიშნული შეთავაზების ოჯახის დანარჩენი წევრებისთვის, მათ შორის, მოსარჩელეებისათვის წარდგენას. აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ნ. კ-ი რეგისტრირებულია თავის შვილებთან ერთად სხვა მისამართზე. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოსაზრებას ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელის წერილობითი თანხმობის საჭიროების არარსებობის შესახებ, რადგან სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელეს ერთმევა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე გარკვეული მოთხოვნის უფლებები.

ამასთანავე, დაუსაბუთებელია კასატორთა მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან არ დგინდება სადავო განკარგულებისა და ხელშეკრულების შინაარსის შესახებ მოსარჩელეებისათვის ინფორმაციის მიწოდება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე