Facebook Twitter

საქმე №ბს-148(კ-19) 05 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - რ. ნ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 07 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ნ-მა 2018 წლის 08 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 2017 წლის 26 დეკემბრის ,,ოჯახის დეკლარაციისა“ და მის საფუძველზე, სარეიტინგო ქულის (95540) მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, „რ. ნ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ მოპასუხის 2018 წლის 19 მარტის №04/15732 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის რ. ნ-ის სასარგებლოდ 2017 წლის 1 დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მიუღებელი საარსებო შემწეობის კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით ანაზღაურებისა და რ. ნ-ისათვის შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭებისა და მისთვის სოციალური შემწეობის დანიშვნის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 26 დეკემბრის ,,ოჯახის დეკლარაცია” და მის საფუძველზე სარეიტინგო ქულის (95540) მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, „რ. ნ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 მარტის №04/15732 გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 07 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა: უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 10 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სოციალურად დუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შეფასების წესზე“ და აღნიშნავს, რომ სოციალურმა აგენტმა მონიტორინგის შედეგად ოჯახის დეკლარაციაში ასახა ის ინფორმაცია, რის საშუალებასაც იძლეოდა ოჯახის საცხოვრებელი ადგილი, მათ შორის, იატაკის მდგომარეობა. კასატორის განმარტებით, დეკლარაციის შევსების დასრულების შემდეგ, ოჯახის უფლებამოსილი წევრი ხელს აწერს დეკლარაციის ყველა გვერდზე, რითიც ადასტურებს, რომ დეკლარაციაში ასახული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე გაეცნო დეკლარაციას და ხელმოწერით დაადასტურა ასახული ინფორმაცია.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ 12.2 მუხლის თანახმად, ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არის მყარი ერთეული, რომლის შეცვლა შესაძლებელია მისი მინიჭებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ. ამ ვადის გასვლამდე ოჯახის გადამოწმება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა ოჯახის წევრთა რაოდენობა, ოჯახმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ოჯახის წევრს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, დასაქმდა, მიიღო ლეგალური შემოსავალი ან დაკარგა სამუშაო ადგილი. შესაბამისად, თუ სახეზე არ არის მითითებული გარემოებები, მოსარჩელეს სამინისტროსათვის მიმართვა შეუძლია ქულის მინიჭებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 07 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურეების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა. მნიშვნელოვანია, რომ პირისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას პასუხისმგებელმა ორგანომ ზედმიწევნით გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ რ. ნ-ი 2006 წლიდან რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობას. მოსარჩელის ოჯახს მინიჭებული ჰქონდა 1 000 ქულა. 2017 წლის 26 დეკემბერს შეივსო სადავო დეკლარაცია, რის საფუძველზეც ოჯახს მიენიჭა 95 540 ქულა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მითითებული ქულა არ ასახავს ოჯახის რეალურ მდგომარეობას, კერძოდ, დეკლარაციაში მითითებულია, რომ საცხოვრებელი ადგილის იატაკის ძირითადი ნაწილი მოპირკეთებულია პარკეტით, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხევაში, სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების საფუძვლიანად გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი წესის დარღვევით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ვერ იქნა დამტკიცებული გასაჩივრებული აქტის კანონიერება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 07 ნოემბრის განჩნება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე