გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 198-დად 7 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),
ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),
მ. გოგელია
განიხილა პირობით მსჯავრდებულ კ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2005წ. 9 თებერვლის დადგენილებაზე მის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2005წ. 9 თებერვლის დადგენილებით დაკმაყოფილდა კახეთის პრობაციის ბიუროს წარდგინება და გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 2 ნოემბრის დადგენილება კ. მ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე 11 თვითა და 13 დღით ადრე განთავისუფლების შესახებ. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება კ. მ-ის სასჯელის მოსახდელად 11 თვითა და 13 დღით თბილისის ¹-- საპყრობილეში შესახლების შესახებ.
კერძო საკასაციო საჩივრით კ. მ-ვი ითხოვს თელავის რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმებას. იგი აღნიშნავს, რომ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შემდეგ პრობაციის ბიუროს არ გაუფრთხილებია და არც რაიმე დოკუმენტზე მოუწერია ხელი; ამდენად, არც პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულება არ დაურღვევია.
პალატის სხდომაზე კ. მ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. მეტრეველმა მოითხოვეს კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ვ. მ-მა კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2005წ. 9 თებერვლის დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი, რომელიც ითხოვს თელავის რაიონული სასამართლოს 2005წ. 9 თებერვლის დადგენილების გაუქმებას, უნდა დაკმაყოფილდეს.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თელავის რაიონულმა სასამართლომ ისე განიხილა კახეთის პრობაციის ბიუროს წარდგინება პირობით მსჯავრდებულ კ. მ-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესახლების შესახებ, რომ იგი სასამართლო სხდომას არ დასწრებია, უფრო მეტიც: მართალია, სასამართლო სხდომაზე მის ინტერესებს იცავდა სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი, მაგრამ, როგორც სასამართლო სხდომის ოქმიდან ირკვევა, მას წარდგინების საფუძვლების განხილვაში მონაწილეობა ფაქტობრივად არ მიუღია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მსჯავრდებული დატოვებულ იქნა დაცვის გარეშე.
კ. მ-ვი საჩივარში მიუთითებს, რომ პრობაციის ბიუროს მიერ დაწესებული ვალდებულებები მისთვის არავის გაუცვნია, არც გაფრთხილების დოკუმენტებზე არ მოუწერია ხელი; ამდენად, მას კანონით დაწესებული მოთხოვნები არ დაურღვევია.
პალატა თვლის, რომ თელავის რაიონულმა სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, საპროცესო ნორმების დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს კახეთის პრობაციის ბიუროს წარდგინების საფუძვლიანობა მსჯავრდებულ კ. მ-ს საჩივარში მითითებული გარემოებები და მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 623-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2005წ. 9 თებერვლის დადგენილება კ. მ-ის მიმართ გაუქმდეს და კახეთის პრობაციის ბიუროს წარდგინება საქმის მასალებთან ერთად ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.