Facebook Twitter

საქმე ბს-541 (გ-19) 12 მარტი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი).

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. მ-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შორის წარმოშობილი დავა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. მ-ემ 26.07.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის გადაფარვის ნაწილში სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 17.07.2007წ. N1-3/490 ბრძანების მე-3 და მე-5 პუნქტების, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.09.2007წ. და 25.03.2009წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. 03.05.2017წ. გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ დამატებით მოითხოვა საადვოკატო ხარჯის ანაზღაურება - 2378 ლარის ოდენობით და აზომვითი ნახაზის მომზადებისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მის საკუთრებაშია ქ.თბილისში, ...ის ქ. N14-ში მდებარე უძრავი ქონება: 1648 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები. სს „...ის“ სახელზე აღრიცხული ქონება ზედდებაშია მოსარჩელის საკუთრებასთან, მიწისა და შენობა-ნაგებობის ნაწილთან. მოსარჩელის საკუთრების ნაწილი სს „...ის“ საკუთრებაში აღმოჩნდა სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 17.07.2007წ. ბრანების საფუძველზე, რომლითაც რკინიგზის კაპიტალში იქნა შეტანილი ქ.თბილისსა და სხვადასხვა რაიონებში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაუყონებლივ განახორციელა რეგისტრაცია ისე, რომ არ გამოუკვლევია დაინტერესებული პირების არსებობა, არ გაუთვალისწინებია მ. მ-ის საკუთრების უფლების დაცვის საჭიროება. მოსარჩელე სარგებლობს თავისი უძრავი ქონებით, ნაკვეთზე გაშენებულია ვაზი და ხეხილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.05.2017წ. განჩინებით დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა, მ. მ-ის სარჩელი მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 17.07.2007 წ. №1-3/490 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის ნაწილში, ცალკე წარმოებად გამოეყო №3/5531-16 ადმინისტრაციულ საქმეს და განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული სასარჩელო მოთხოვნა არ გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ვინაიდან სადავოდ გამხდარი სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 17.07.2007 წ. №1-3/490 ბრძანების მე-3 და მე-5 ნაწილებით შპს „...ის“ საწესდებო კაპიტალში განხორციელდა ცვლილება და კაპიტალში შეტანილ იქნა საზოგადოების ადმინისტრაციული შენობის და საინფორმაციო გამოთვლითი ცენტრის მიერ დაკავებული 8 127,50 კვ.მ. მიწის ფართობი და ასევე ქ. თბილისის ტერიტორიაზე და საქართველოს 34 რაიონში განთავსებული მიწის ნაკვეთები. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის. ამდენად, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ განსახილველი დავა, მითითებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, წარმოადგენს სამოქალაქო კატეგორიის დავას.

დავის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განხილვისას სარჩელზე მოპასუხედ დამატებით მიეთითა სს „...ა“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.07.2018წ. გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 17.07.2007წ. N1-3/490 ბრძანება მ. მ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთისა და შენობა ნაგებობის გადაფარვის - 709 კვ.მ. ფართის ნაწილში, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სს „...ის“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.07.2018 წ. განჩინებით საქმე განსჯადობის შესახებ საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. პალატამ აღნიშნა, რომ მ. მ-ის სარჩელის აღძვრის წინაპირობა გახდა ის გარემოება, რომ მან ვერ შეძლო საკუთარი ქონების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება, რადგან მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემებს და შპს „...ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემს შორის არსებობდა ზედდება. აღნიშნული უსწორობის გამომწვევი მიზეზი იყო ერთი მხრივ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოხდა შპს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო მეორე მხრივ - სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 17.07.2007 წ. N1-3/490 ბრძანება. ამდენად, მ. მ-ემ თავისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. პალატამ აღნიშნა, რომ საგნობრივად განსჯადი სასამართლოს განსაზღვრის მიზნით აუცილებელია დადგინდეს დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ნორმათა ერთბლიობის სამართლის კონკრეტული სფეროსადმი კუთვნილება. მ. მ-ე სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მოხდა წარმოების წესების დარღვევა, არ იქნა გამოკვლეული საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ამდენად, საქმის განხილვისას სასამართლომ უნდა იმსჯელოს ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში დაშვებული ხარვეზების, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების შესახებ. პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვის შემოწმება შესაძლებელია მხოლოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების გამოყენებით, რაც დავის ადმინისტრაციულ ხასიათს ადასტურებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე მართლმსაჯულება, უკვე თვით თავისი არსებობის ფაქტით, განაპირობებს სასამართლოებს შორის განსჯადობის თაობაზე დავის წარმოქმნის შესაძლებლობას, რომელსაც საკასაციო სასამართლო წყვეტს. განსჯადობის შესახებ დავის მონაწილეთა თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დადგენილი წესი სარჩელის განსჯად სასამართლოში გადაგზავნის შესახებ (სასკ-ის 26-ე მუხ.) ეხება არა მხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეებს, სასამართლოებს შორის დავა საქმის საგნობრივ განსჯადობაზე მხოლოდ ასეთი დაშვების პირობებშია შესაძლებელი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე, დავა განსჯადობის თაობაზე წარმოიშობა სასამართლოებსა და არა სასამართლოსა და მხარეთა შორის. ამდენად, სააპელაციო პალატის მითითება იმაზე, რომ მოსარჩელე მოთხოვნას აფუძნებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოების წესების დარღვევაზე არ ადასტურებს დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი კუთვნილებას.

საქმის მასალების მიხედვით, განსახილველ შემთხვევაში სადავოა სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 17.07.2007წ. N1-3/490 ბრძანების მე-3 და მე-5 პუნქტების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის განსჯადობის საკითხი. საწარმოთა მართვის სააგენტო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სზაკ-ის 2.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა, ამდენად სასარჩელო მოთხოვნა მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუმცა საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა არა იმის გამო, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ადრესატი ადმინისტრაციული ორგანოა, არამედ სადავო სამართალურთიერთობის იმმანენტური ბუნების გამო, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამართალურთიერთობის ხასიათს. სზაკ-ის 2.1 მუხლი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს (ტაქსაცია). ამდენად, კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული (ენუმერაცია). სასკ-ის 2.3 მუხლის დებულება იმის შესახებ, რომ საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავა, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს. სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში. ამდენად, საგნობრივი განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობა ენიჭება სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველს, სამართალურთიერთობის სუბიექტის მოქმედების ფორმას. უკეთუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი გამოცემულია საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე, სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სახეზე იქნება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო თუ აქტის გამოცემის საფუძველი კერძო-სამართლებრივია, იგი არ ჩაითვლება ადმინისტრაციულ აქტად. სადავო აქტის სახელწოდება იმთავითვე არ ადასტურებს მისი ადმინისტრაციულ აქტად მიჩნევის შესაძლებლობას, ორგანიზაციული და სხვა საკითხების მოწესრიგების პროცესში დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ბრძანების ფორმით გამოცემული ყველა გადაწყვეტილება ავტომატურად არ უნდა გაუთანაბრდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, მსგავს შემთხვევებში ყურადღება უნდა მიექცეს გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლებს, მის შინაარსს, კონკრეტული აქტის გამოცემისას საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას.

განსახილველ შემთხვევაში სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 17.07.2007წ. N1-3/490 ბრძანების მე-3 და მე-5 პუნქტებით განხორციელდა შპს „...ის“ საწესდებო კაპიტალში თბილისსა და საქართველოს სხვა რაიონებში მდებარე მიწის ნაკვეთების შეტანა. ბრძანება გამოცემულია „მეწარმეთა შესახებ“ და „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონების, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 22.06.2006წ. N1-1/550 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების“, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 07.06.2007წ. N1-1/875 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების“ საფუძველზე.

სადავო აქტის 17.07.2007წ. N1-3/490 ბრძანების გამოცემისას მოქმედი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონება მოიცავდა არა მხოლოდ უძრავ და მოძრავ ქონებას, არამედ სახელწმიფო საკუთრებაში არსებულ აქციებს და წილს (მართალია 11.07.2007წ. N5295-რს კანონით „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონში შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები, მათ შორის შეიცვალა კანონის სათაურიც, თუმცა აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ცვლილებების ამოქმედება უნდა მომხდარიყო გამოქვეყნებისთანავე. კანონის გამოქვეყნება განხორციელდა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ 03.08.2007წ.. ამდენად, სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედებდა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის 11.08.2007წ. ცვლილებებამდე არსებული რედაქცია). კანონის 3.7 მუხლის თანახმად, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების პარტნიორის, აქციონერის უფლებამოსილებებს, გარდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზებასთან ან/და განკარგვასთან დაკავშირებული უფლებამოსილებებისა, ასრულებდა სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტო. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 22.06.2006წ. N1-1/550 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების“ თანახმად, სააგენტოს მიზანს შეადგენდა სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელება, გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზებასთან ან/და განკარგვასთან დაკავშირებული უფლებამოსილებებისა; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების მართვის კოორდინაცია და სრულყოფა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად; საწარმოებში სახელმწიფოს წარმომადგენლობის მეშვეობით სახელმწიფო ინტერესების დაცვა, სახელმწიფოსათვის განკუთვნილი დივიდენდების ზრდის ხელშეწყობა (მე-2 მუხ.). სააგენტოს ფუნქციები ორიენტირებული იყო კონკრეტულ საწარმოებში სახელმწიფოს, როგორც პარტნიორის, უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე, დივიდენდების გაზრდაზე, მისი წარმომადგენლობის უზრუნველყოფაზე (დებულების 3.2 მუხ.), ამასთანავე, მართალია დებულების 4.3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს თავმჯდომარე თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემდა სააგენტოს გადაწყვეტილებებსა და ბრძანებებს, თუმცა დებულება შეიცავდა ერთმნიშვნელოვან დათქმას, რომ სახელწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებში პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებებს სააგენტო ახორციელებდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ფარგლებში (3.1 მუხ.).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს საქმიანობა მოიცავს არა მხოლოდ საჯარო-სამართლებრივი, არამედ კერძო-სამართლებრივი, მათ შორის სამეწარმეო ურთიერთობის სფეროსაც, სახელმწიფოს აქვს ნორმატიული შესაძლებლობა იღებდეს მონაწილეობას კერძო-სამართლებრივ ურთიერთბებში, ჰქონდეს წილი საწარმოში, იღებდეს მოგებას სამეწარმეო ურთიერთობებიდან, უკეთუ აღნიშნული არ აბრკოლებს მისი საჯარო-სამართებრივი უფლებამოსილებების განხორციელებას და არ ეწინააღმდეგება შესაბამის ნორმატიულ დანაწესებს. სამოქალაქო კოდექსის 24.4 მუხლის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები, სახელმწიფოს უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები (უწყებები, დაწესებულებები და ა. შ.). სახელმწიფო ორგანოების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძოსამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან წესრიგდება სამოქალაქო კანონებით (სკ-ის 8.2 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტომ, როგორც შპს-ს პარტნიორის - სახელმწიფოს წარმომადგენელმა, პარტნიორის საკუთრებაში არსებული ქონება შეიტანა შპს-ს კაპიტალში, ამდენად, სახელმწიფომ სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა მიიღო როგორც კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა, როგორც ერთ-ერთმა პარტნიორმა და არა საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელმა, მარეგულირებელმა ან მაკონტროლებელმა ორგანომ. საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი მაშინ არის სახეზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მისთვის კანონით განსაზღვრული ძირითადი უფლებამოსილების ფარგლებში და ამ უკანასკნელის შესრულების მიზნით. კერძო სამართლის იურიდიული პირის დაარსება და მისი კაპიტალის ფორმირება არ განეკუთვნება სახელმწიფოს ძირითად, საჯარო უფლებამოსილებათა რიგს. სახელმწიფოს კერძო-სამართებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის მიზნით თავისი წამომადგენლობა შეუძლია დაავალოს, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, თუმცა აღნიშნული არ ადასტურებს სსიპ-ის მიერ განხორციელებული ყველა ქმედების სახელწმიფოს საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით შესრულებას.

საკასაცო პალატა აღნიშნავს, რომ სამეწარმეო საქმიანობა ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონით მოწესრიგებული კერძო-სამართლებრივი საქმიანობის ფორმაა, ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონი არის კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტი (სუსგ 12.10.2011წ. Nბს-733-727(გ-11)). ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის 2.1 მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და სააქციო საზოგადოება წარმოადგენენ საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს. ვინაიდან სახელმწიფო კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი, იგი შპს-ში პარტნიორად, ხოლო სს-ში აუქციონერად მონაწილეობს კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით და თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მეშვეობით. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობაში სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტო ასრულებს არა საჯარო უფლებამოსილებას, არამედ წარმოადგენს სახელმწიფოს, როგორც პარტნიორს, გამოდის პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძოსამართლებრივ, ჰორიზონტალურ ურთიერთობაში კერძო სამართლის სუბიექტის სახით და როგორც პარტნიორი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად.

„...ის ინსტიტუციური მოწყობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 08.12.1998წ. N929 განკარგულების პირველი პუნქტის მიხედვით, სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტმანეტის ბალანსზე რიცხული ქონების ბაზაზე დაფუძნდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „...ა“, როგორც კერძო სამართლის იურიდული პირი. საქმის მასალების მიხედვით, სადავო აქტის გამოცემისას, „...ა“ საქმიანობდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახით (ამჟამად „...ა“ სააქციო საზოგადოებაა). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) ე.წ. კაპიტალური ტიპის საზოგადოებაა. სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 45.1 მუხლის მიხედვით, შპს-ს საწესდებო კაპიტალი უნდა ყოფილიყო სულ მცირე 200 ლარი. ამასთანავე, შპს-ში მინიმალური საწესდებო კაპიტალის ფორმირების შემდეგ, შესაძლებელი იყო კაპიტალში შენატანის სხვა მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი ობიექტების სახით განხორციელება, გარდა სამუშაოს შესრულებისა და მომსახურების გაწევისა, არაფულადი შესატანი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში უნდა შეეფასებინა დამოუკიდებელ ექსპერტს (კანონის 3.3 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტომ, სადავო 17.07.2007წ. ბრძანებით, შპს-ს პარტნიორის - სახელმწიფოს სახელით შპს „...ის“ კაპიტალში განახორციელა არაფულადი შენატანი - შპს „...ის“ კაპიტალში შეტანილ იქნა შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საწარმოს კაპიტალი არის მის საკუთრებაში არსებული ქონების ერთობლიობა. საწარმოს საქმიანობიდან გამომდინარე, ქონების ოდენობა ცვალებადია, საწარმოს კაპიტალის გაზრდა შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა გზით, მათ შორის პარტნიორის მიერ საწარმოს კაპიტალში გარკვეული შენატანის განხორციელებით, კონკრეტულ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემით, რაც მოხდა კიდეც განსახილველ შემთხვევაში. ამდენად, სადავო აქტის გამოცემა განხორციელდა სახელმწიფოს, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორის საქმიანობის ფარგლებში, „მეწარმეთა შესახებ“ და სხვა ნორმატიული აქტების იმ დებულებების საფუძველზე, რომლებიც სახელმწიფოს, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორის უფლება-მოვალეობების განხორციელების წესებს შეეხება. ამდენად, გასაჩივრებული აქტი გამოცემული არ არის სახელმწიფოს საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტო მოქმედებდა სახელმწიფოს, როგორც კერძო სამართლის სუბიექტის პარტიონის წარმომადგენელი. ამდენად, სახელწოდების მიუხედავად სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 17.07.2007წ. გასაჩივრებული ბრძანება არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და უფრო მეტად კერძო-სამართლებრივი, განკარგვითი გარიგების მახასიათებელი ნიშნების მატარებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 17.07.2007წ. ბრძანების მართლზომიერების შემოწმებისას სასამართლომ უნდა იმსჯელოს კაპიტალში შეტანილი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებობაზე, სახელმწიფოს მიერ თავისი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში კონკრეტული ქონების განკარგვის უფლებამოსილებაზე. დავის განმხილველმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს სახელმწიფოს მიერ არა საჯარო-სამართლებრივი ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილებასა და მართლზომიერებაზე, არამედ პარტნიორის მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირის კაპიტალში კონკრეტული ქონების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მართლზომიერებაზე, რაც არსობრივად სამოქალაქო შინაარსის დავაა და არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.

ის, რომ მოსარჩელე სადავო ბრძანების გაუქმების საფუძვლად ადმინისტრაციული წარმოების წესისა და სზაკ-ის ნორმების დარღვევაზე მიუთითებს, არ ასაბუთებს დავის ადმინისტრაციულ ხასიათს, რადგან მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად კონკრეტულ ნორმებზე მითითება მხოლოდ მისი მოსაზრებაა. მოსარჩელე თავად წყვეტს სარჩელის აღძვრის საჭიროებას, განსაზღვრავს მოპასუხეს, სასარჩელო მოთხოვნას და ფაქტებს, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს მისი მოთხოვნის დასაბუთებას, თუმცა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებას სასამართლო ახდენს. მხარის მიერ მითითებული სამართლებრივი დასაბუთება არ ზღუდავს სასამართლოს განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტაში. საქმის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი კუთვნილებას არ ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებაში მითითება დავის გადაწყვეტისათვის ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცულობის გარკვევის საჭიროებაზე, რაც სააპელაციო პალატის აზრით, სზაკ-ის ნორმების გაანალიზების შედეგადაა შესაძლებელი. აღნიშნულის დასადასტურებლად სააპელაციო პალატა უთითებს სზაკ-ის 601 მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუიგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს ადმინისტრაციული წარმოების არც ერთ სახეობას (მარტივი, ფორმალური, საჯარო), ვინაიდან სადავო აქტი - სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 17.07.2007წ. გასაჩივრებული ბრძანება არ უკავშირდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ან ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 11.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო განიხილავს სამოქალაქო საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის. სასკ-ის 2.1 მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს, აღნიშნული მუხლი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს. კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. სასკ-ის 2.3 მუხლის დებულება იმის შესახებ, რომ საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავა, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს. სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში. კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის იმ სამართალურთიერთობიდან წარმოშობა, რომელიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. განსახილველ შემთხვევაში დავა არ არის წარმოშობილი ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და ეხება პარტნიორის მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირის კაპიტალში ქონების შეტანის მართლზომიერებას, რაც დავის სამოქალაქო ხასიათს ადასტურებს.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სახეზეა პარტნიორის მიერ ქონების კერძო სამართლის იურიდიული პირის კაპიტალში შეტანა, დავა არ ეხება სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას, პრივატიზაციის პროცედურის კანონიერებას, რაც თავისი ბუნებით ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა რიგს განეკუთვნება. სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის მიხედვით, სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ახდენდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (3.6 მუხ.), კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით (6.1 მუხ.). სახელმწიფო ქონების პრივატიზების ფორმების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებდა სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო პირდაპირი მიყიდვის საკითხს წყვეტდა საქართველოს პრეზიდენტი (6.6 მუხ.). პრივატიზების თითოეული ფორმის მეშვეობით სახელმწიფო ქონების განკარგვა საჭიროებდა შესაბამისი ნორმატიული პროცედურის ზედმიწევნით დაცვას. ამასთანავე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების დროს ქონების განსახელმწიფოებრიობა ხორციელდებოდა შემძენის მიერ სათანადო სასყიდლის გადახდის და ხშირ შემთხვევებში გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისას სახელმწიფო ცალმხრივად ადგენს სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობებს, მაშინაც კი როდესაც სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ინიცირება ხდება დაინტერესებული პირისაგან, რაც განაპირობებს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის დომინირებულ მდგომარეობას. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის გამოცემით ქონების პრივატიზების ღონისძიებები არ განხორციელებულა, უფრო მეტიც, სადავო აქტი გამოცემულია სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს მიერ, რომელსაც არ ჰქონდა მინიჭებული ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება („სსიპ საწარმოთა მართის სააგენტოს დებულების“ მე-2 მუხ. „ა“ ქვ.პ, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის 3.7 მუხ.).

ის გარემოება, რომ სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 17.07.2007წ. აქტი გახდა საჯარო რეესტრში შპს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი, არ ადატურებს მისი კანონიერების ადმინისტრაციული წესით შემოწმების საჭიროებას, რადგან რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებისა და რეგისტრაციის საფუძლად არსებული უფლებადამდგენი დოკუმენტის სამართლებრივი ბუნება შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი „უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი შესაძლოა ყოფილიყო არა მარტო ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, არამედ აგრეთვე გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობდა უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამდენად, სრულებით შესაძლებელია, რომ უფლებადამდგენი დოკუმენტის მართლზომიერების შესახებ დავა სამოქალაქო დავათა კატეგორიას განეკუთვნებოდეს მაშინ, როდესაც რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება ადმინისტრაციული კატეგორიის დავების განმხილველ სასამართლოთა განსჯადია (მაგ.: ნასყიდობის ხელშეკრულება და მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია). მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაცია დეტერმინირებულია კერძო-სამართლებრივი აქტით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.05.2017წ. განჩინებით N3/5531-16 ადმინისტრაციულ საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო მხოლოდ სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 17.07.07წ. N1-3/490 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის ნაწილში, სახელდობრ გამოყოფილ ნაწილთან დაკავშირებით წარმოიშვა დავა განსჯადობის შესახებ. ამდენად, სარჩელის გამოყოფილი ნაწილი სამოქალაქო სასამართლოწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.

რაც შეეხება სადავო ბრძანების გამოცემის ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 07.06.2007წ. N1-1/875 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების“ მითითებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული დებულება აწესრიგებს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესს და არ ეხება პარტნიორის მიერ საწარმოს კაპიტალში უძრავი ქონების შეტანის საკითხებს. დებულება მითითებულია სადავო ბრძანების იმ პუნქტების გამოცემის საფუძვლად, რომლითაც განხორციელდა შპს „...ის“ ბალანსზე არსებული გარკვეული ქონების კაპიტალიდან ამოღება, რაც არ შეადგენს მ. მ-ის სარჩელის გამო მიმდინარე წარმოების დავის საგანს, მ. მ-ეს ბრძანება გასაჩივრებული აქვს ნაწილობრივ და არა მთლიანად.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, 26-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ის სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი