Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 203-აპ 28 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგელია (მომხსენებელი),

მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 დეკემბრის განაჩენით ნ. ბ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა“ და “დ“ ქვეპუნქტებით, ამავე კოდექსის მე-19,180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ“ და “დ“ ქვეპუნქტებით და დანაშაულთა ერთობლიობით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადის დადგენით.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

განაჩენით ნ. ბ-ლს მსჯავრი დაედო თავის მართლზომიერ მფლობელობაში მყოფი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით; აგრეთვე თაღლითობის მცდელობისათვის, ე.ი. მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მცდელობისათვის, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, არაერთგზის.

ნ. ბ-მა დანაშაული ჩაიდინა შემდეგ გარემოებებში:

1999წ. 26 იანვარს ნ. ბ-მა, მუშაობდა რა სააქციო საზოგადოება “---ის“ სამმართველოს პირველადი პროფორგანიზაციის ხაზინადრად და მის მართლზომიერ მფლობელობაში იყო პროფორგანიზაციის ფულადი სახსრები, ამავე პროფორგანიზაციის თავმჯდომარესთან, რ. ბ-სთან წინასწარი შეთანხმებით, მათი ხელმოწერით გაფორმებული საფინანსო ჩეკით “---ის“ ტყიბულის ფილიალიდან გაიტანა პირველად პროფორგანიზაციაზე ჩარიცხული თანხა - 500 ლარი, საიდანაც 150 ლარი იყო მათი ხელფასი, ხოლო 350 ლარი განკუთვნილი იყო პროფორგანიზაციის წევრთა დახმარებისათვის. ნ. ბ-მა, აწ გარდაცვლილ რ. ბ-სთან წინასწარი შეთანხმებით, 350 ლარი არ გასცა დანიშნულებისამებრ და მიითვისა, რითაც სააქციო საზოგადოება “---ბის“ პირველად პროფორგანიზაციას მიაყენა 350 ლარის მატერიალური ზიანი.

მანვე, მუშაობდა რა სააქციო საზოგადოება “---ის“ ტყიბულის ფილიალში ბუხჰალტრის თანამდებობაზე, გადაწყვიტა, თაღლითური გზით დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას, რისთვისაც 2002წ. 8 ივლისს განცხადებით მიმართა სააქციო საზოგადოება “---ის“ დირექციას და კუთვნილი სახელფასო დავალიანების 528,23 ლარის ნაცვლად მოითხოვა 2397 ლარი, რითაც შეეცადა, ზედმეტად დაუფლებოდა 1269,77 ლარს, რაც, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ მოახერხა.

მანვე 2003წ. იანვარში, ხელმძღვანელობისგან მიღებული დავალების თანახმად, სს “---ის“ ტყიბულის ფილიალის მუშა-მოსამსახურეთა სახელფასო დავალიანების დაანგარიშებისას უწყისში კუთვნილი სახელფასო დავალიანება, ნაცვლად 842,64 ლარისა, აჩვენა 3260,29 ლარი, რითიც შეეცადა, მართლსაწინააღმდეგოდ მიეთვისებინა 2317,65 ლარი, რაც ცნობილი გახდა ფილიალის ხელმძღვანელობისათვის.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ნ. ბ-ლი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის განაჩენი არის უკანონო, იგი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს, გამოტანილია მხოლოდ უსაფუძვლო ვარაუდისა და ეჭვის საფუძველზე, რითაც არსებითადაა დარღვეული საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლი და სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილი, სადაც მითითებულია, რომ ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი ითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ნ. ბ-მა დააზუსტა საჩივრის მოთხოვნა, მოითხოვა მის მიმართ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 აპრილის განაჩენის გაუქმება და საქმის შეწყვეტა.

პროკურორმა ჯ. კ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა ნ. ბ-ის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სრულყოფილად გამოიკვლია საქმის მასალები და სამართლებრივად სწორად შეაფასა წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს მოპოვებული მტკიცებულებები, სახელდობრ:

საქმეზე დაზარალებულად და სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობილი ა. ბ-ს, მოწმე გ. გ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 1999წ. 26 იანვარს სააქციო საზოგადოება “---ის“ ტყიბულის ფილიალიდან გატანილი 500 ლარიდან 350 ლარი პროფკავშირული ორგანიზაციის ყოფილ ხაზინადარს, მსჯავრდებულ ნ. ბ-ლს უნდა გაეცა პროფკავშირის წევრებზე დახმარების სახით, მაგრამ აღნიშნული თანხა მსჯავრდებულს არც მიზნობრივად გაუხარჯავს და არც უკან დაუბრუნებია.

მოწმე დ. ა-ძე ადასტურებს, რომ 350 ლარის განკარგვის თაობაზე იგი ჯერ ტელეფონით ესაუბრა ნ. ბ-ს, ხოლო შემდეგ პირადად შეხვდა მას, რომლისგანაც შეიტყო, რომ პროფკავშირული ორგანიზაციის კუთვნილი 350 ლარი სესხად აიღო და ოჯახის საჭიროებისათვის გამოიყენა.

ის, რომ 1999წ. 26 იანვარს სააქციო საზოგადოება “---ის“ პროფკავშირული ორგანიზაციის ანგარიშიდან ნამდვილად არის გატანილი 500 ლარი, მათ შორის – 150 ლარი ხელფასის, ხოლო 350 ლარი – დახმარების სახით, დადგენილია საქმეში არსებული სააქციო საზოგადოება “---ის“ ტყიბულის ფილიალის მიერ გაცემული ცნობით. ჩეკი ხელმოწერილია პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის - რ. ბ-სა და ხაზინადარ ნ. ბ-ის მიერ.

პალატა ასევე დადასტურებულად თვლის ნ. ბ-ის ბრალდებას თაღლითობის მცდელობის ეპიზოდშიც. ამ ეპიზოდში სასამართლოს განაჩენი სწორად ემყარება მოწმე გ. ჟ-ას ჩვენებებს, რომელიც განმარტავს, რომ იგი მუშაობდა სააქციო საზოგადოება “---ის“ ტყიბულის ფილიალში დირექტორის თანამდებობაზე. 2003წ. იანვარში, როდესაც ყოფილმა ბუხჰალტერმა ნ. ბ-მა ხელმოსაწერად წარუდგინა მუშა-მოსამსახურეთა სახელფასო დავალიანების უწყისი, მან ეჭვი შეიტანა დაანგარიშებული სახსრების რეალობაში და თანხების გადამოწმება დაავალა მთავარ ბუხჰალტერ ა. ს-ეს. ის, რომ გადამოწმებით ნ. ბ-ლს თავისი სახელფასო დავალიანება 842,64 ლარიდან გაზრდილი ჰქონდა 3260,29 ლარამდე, ანუ უწყისში მისთვის დამატებით ჰქონდა მიწერილი, 2417,65 ლარი დადასტურებულია ა. ს-ის ჩვენებითაც.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივარს ნ. ბ-ის მიმართ განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ იმ საფუძვლით, რომ განაჩენი მის მიმართ უკანონოა და ემყარება საეჭვო მტკიცებულებებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 აპრილის განაჩენი ნ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.