Facebook Twitter

საქმე №ბს-896(კ-19) 5 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ. ბ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები: ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის №3/4-17 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შექმნილი კომისია (მოპასუხეები)

მესამე პირი - მ. ლ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ბ-ემ 2018 წლის 9 ივლისს სარჩელი აღძრა ხაშურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის №3/4-17 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შექმნილი კომისიის მიმართ. მოსარჩელემ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 29 ივლისის N2015 და 2015 წლის 30 ოქტომბრის N3006 ბრძანებების, ხაშურის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2015 წლის 15 ივლისის №14 სხდომის ოქმის, ამავე კომისიის 2015 წლის 17 ივლისის №30 წარდგინების, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 20 აპრილის №1246 ბრძანების, მ. ლ-ის ნაწილში ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილიბრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 15 ივლისის №13 სხდომის ოქმის, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 მარის N 3-4-2 17 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შექმნილი კომისიის 2018 წლის 7 ივნისის სხდომის ოქმისა და მ. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 25 ივნისის №… ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მ. ბ-ის სამსახურში აღდგენა და სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების დღიდან - 2015 წლის 17 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში … ლარის ოდენობით განაცდურის ანაზღაურება.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელე მ. ბ-ის სარჩელზე მოპასუხე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის N3-4-17 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შექმნილი კომისიის მიმართ, მესამე პირი -მ. ლ-ე, შეწყდა საქმის წარმოება სასარჩელო მოთხვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 29 ივლისის №2015 და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 30 ოქტომბრის N3006 ბრძანებების, ხაშურის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2015 წლის 15 ივლისის №14 სხდომის ოქმის და ამავე კომისიის 2015 წლის 17 ივლისის №30 წარდგენიების, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 20 აპრილის №1246 ბრძანების, ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 15 ივლისის №13 სხდომის ოქმის (მ. ლ-ის ნაწილში) ბათილად ცნობას.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩვრა მ. ბ-ემ. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას და სააპელაციო საჩივარს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინებით მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს. ამგვარად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილი დისპოზიციურობისა და შეჯიბრობითობის პრინციპების გათვალისწინებით წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად მტკიცების ტვირთის განაწილებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების იმავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შეფასების საფუძველზე გამოიტანა განჩინება.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტები მიღებულია ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის №3-4-17 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რომლის საფუძველზეც ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ხელახლა ჩაეტარებინა ატესტაცია (გასაუბრება) მ. ბ-ის მიმართ და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება მ. ბ-ის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის თაობაზე.

ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიუთითეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

გარდა იმისა, რომ საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის განსაკუთრებით მინიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საბოლოო შეფასება განეკუთვნება სპეციალიზირებული კომისიის კომპეტენციას, აღნიშნული კატეგორიის დავების განხილვის პროცესში სასამართლოს მიერ ხდება მხოლოდ ისეთი საკითხების შემოწმება, რაც უკავშირდება კომისიის მხრიდან გამოსაყენებელი ნორმის გაუთვალისწინებლობას, არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობას, ობიექტურობის საყოველთაო მასშტაბის დარღვევას, კონკურსანტთა თანასწორობის პრინციპის უგულვებელყოფას, ხოლო ყველა ამ გარემოების შემოწმება-შეფასების პროცესში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება გასაუბრების ოქმს, რომლის შესწავლის საფუძველზეც სასამარლო განსაზღვრავს, რამდენად ობიექტურად, გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად ჩატარდა გასაუბრება, მოხდა თუ არა კითხვების თემატურად დასმა წინასწარ განსაზღვრული თემატიკის ფარგლებში.

საქმეში დაცული საატესტაციო კომისიის 2018 წლის 7 ივნისის სხდომის აუდიო-ვიდეო ჩანაწერით სასამართლოებმა დაადგინეს მოპასუხის პოზიცია გასაუბრებასთან დაკავშირებით. კომისიას, ფაქტობრივად, არ ეძლევა შესაძლებლობა, დასვას შეკითხვები იმ თემატიკიდან გამომდინარე, რის შესახებაც გასაუბრებამდე ინფორმირებული იყო მ. ბ-ე. მოსარჩელე თავადვე მიუთითებს, რომ გასაუბრებაზე მივიდა იმ მიზნით, რომ კომისიის წევრებისთვის აეხსნა, რომ მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე არასწორი იყო მასთან გასაუბრების ჩატარება, უკიდურეს შემთხვევაში უნდა მომხდარიყო იმ გარემოებების შემოწმება ხომ არ ჰქონდა მას ჩადენილი დანაშაული ან სხვა კანონდარღვევა, როგორი იყო მისი დახასიათება, როგორი იყო მისი სამუშაო მიღწევები, რაც შეეხება მის კვალიფიკაციას, ცოდნას, აღნიშნული შემოწმდა ტესტირების ეტაპზე.

ამგვარად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს იმ გარემოებას, როდესაც შეფასების პროცესში გამოყენებული კრიტერიუმები, გასაუბრების მიმდინარეობის პროცესი და მისი ანალიზი სასამართლოსათვის არის მიუწვდომელი არა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს, არამედ თავად მოსრჩელის ქმედების გამო, რამდენადაც ის თავისი გაცხადებული პოზიციით უარს ამბობს გაიაროს გასაუბრების ეტაპი. არსებულ პირობებში, მოსარჩელის მიერ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარის თქმის გამო, უშუალოდ გასაუბრების პროცესი და შემდგომ კომისიის დასკვნა არ იძლეოდა შესაძლებლობას, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული ყოფილიყო სხვა ალტერნატიული გადაწყვეტილება, თუნდაც, მოხელის დაკავებული თანამდებობისადმი ნაწილობრივი შესაბამისობის თაობაზე (მაგ. საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას).

კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ მის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძველად დაედო დისკრიმინაციული მოპყრობა. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში კასაციის მიზეზების გაზიარების შესაძლებლობას ასევე არ იძლევა საქმეში დაცული მტკიცებულებები. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის შეფასების საშუალება არ არსებობს იმ გარემოების გამო, რომ მოსარჩელის მიერ სამართალწარმოების არც ერთ ეტაპზე არ არის მითითებული ნიშანი, რომლის საფუძველზეც მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაციული მოპყრობა. შესაბამისად, არ დგინდება დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი (იხ. სუს. გ. საქმე №ას-1083-2018 20.09.2019წ.).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. კასატორის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი და აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე