Facebook Twitter

საქმე Nბს-1110(კ-18) 26 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოჩელელე) - ი. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2018წ. გაჩინება

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. გ-მა 19.10.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სახელფასო დავალიანების 1428,08 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ი. გ-ი ითხოვს მოპასუხისათვის 1998-2000 წლებში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, რაც შეადგენს 1429,08 აშშ დოლარს. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან და იყო საჯარო მოხელე. სასამართლომ აღნიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 57-ე მუხლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო, რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოსა და დანამატს, თუმცა სკ-ის 128-ე მუხლის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, რომლის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს. სასამართლომ მიიჩნია, რომ დავალიანების მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან გასული იყო 10 წელზე მეტი ვადა, რაც ქმნიდა განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველს. ამასთანავე, მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხონა, კვების კომპენსაციის ანაზღაურება წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და სკ-ის 129.2 მუხლიდან გამომდინარე, მასზე ვრცელდებოდა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც ამ ნაწილშიც ადასტურებდა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი. გ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2018წ. განჩინებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და დამატებით აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის წერილი, რომელშიც წლების, თვეებისა და კომპონენტების მიხედვით ჩამოთვლილია ი. გ-ისათვის გადასაცემი თანხა, არ უნდა იქნეს მიჩნეული ვალის აღიარებად, რადგან წერილი მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს ატარებს. ამდენად, პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ. ამასთანავე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ი. გ-მა ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ გააბათილა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ი. გ-ის მიერ. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება 1998-2000 წლებში სახელფასო დავალიანების წარმოშობა, რაც ჯამში 1429,08 აშშ დოლარს შეადგენს. კასატორი თვლის, რომ ხანდაზმულობის ვადა არ უნდა გავრცელდეს მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების კანონიერების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელე ი. გ-ი დასაქმებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 16.10.2017წ. წერილის მიხედვით, გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო უზრუნველყოფის სამსახურში ი. გ-ის მიმართ ირიცხება 1998-2000 წლებში ხელზე მისაღები დავლიანებები, კერძოდ: 1998წ. – 109,33 აშშ დოლარი (ხელფასი - 58,93 აშშ დოლარი, კვების კომპენსაცია - 50,40 აშშ დოლარი), 1999წ. – 766,74 აშშ დოლარი (ხელფასი - 413,95 აშშ დოლარი, კვების კომპენსაცია - 352,79 აშშ დოლარი), 2000 წ. – 552,01 აშშ დოლარი (ხელფასი -298,13 აშშ დოლარი, კვების კომპენსაცია - 253,88 აშშ დოლარი). ამდენად, ჯამში 1998, 1999 და 2000 წლებში ი. გ-ის მიმართ წარმოშობილი დავალიანება შეადგენს 1428,08 აშშ დოლარს, საიდანაც სახელფასო დავალიანების ოდენობაა - 771,01 აშშ დოლარი (58,93+413,95+298,13), ხოლო კვების კომპენსაციის დავალიანება შეადგენს - 657,07 აშშ დოლარს (50,4+352,79+253,88). მოსარჩელე ითხოვს სრული დავალიანების - 1428,08 აშშ დოლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული თითოეული პირისათვის გარანტირებულია შრომითი ანაზღაურების მიღების უფლება. შრომითი ურთიერთობა გულისხმობს არა მარტო დასაქმებულის ვალდებულებას ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და კანონშესაბამისად შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები, არამედ შრომითი ურთიერთობა უპირობოდ მოიაზრებს აგრეთვე შრომითი ანაზღაურების გადახდის შესახებ დამსაქმებლის მოვალეობასაც. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს, შრომითი გასამრჯელო მიიღოს სამსახურში დანიშვნის დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე („საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 37.1 მუხ., „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის 57.2 მუხ.). გასამრჯელოს მიღება არ არის დამოკიდებული დასაქმებულის სტატუსზე, სამუშაოს შესრულების ხარისხზე, მის შედეგებსა თუ სხვა ფაქტორებზე, ეს შემოსავალი პირისთვის გარანტირებულია საჯარო მოხელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მისი მხრიდან, სამსახურებრივი ფუნქციების ბრალეული შეუსრულებლობის არარსებობისას, შესაბამისად, საჯარო მოხელეს სამსახურში დანიშვნისას წარმოეშობა გონივრული მოლოდინი, რომ გარანტირებულად მიიღებს თანამდებობრივ სარგოს. საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო არის გასაცემელი, რომელსაც სახელმწიფო გასცემს საჯარო მოხელის ინდივიდუალური მახასიათებლების ან/და კვალიფიკაციის მიუხედავად (საქართველოს საონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015წ. N2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „თ. ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, მე-11 პუნქტი). განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დგინდება, რომ ნორმატიული ვალდებულების არსებობის მიუხედავად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ი. გ-ს სრულად არ აუნაზღაურა 1998, 1999 და 2000 წლების ხელფასი და კვების კომპენსაცია, რამაც წარმოშვა ი. გ-ის მოთხოვნის უფლება მიუღებელი დავალიანების ანაზღაურების შესახებ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოსათვის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გაადვილების, ვალდებულების შესრულებაზე კონტროლის, მოვალის დაცვის და ბრუნვის მონაწილეთა აქტიურობის სტიმულირების მიზნით კანონმდებლობა ითვალისწინებს ხანდაზმულობის ინსტიტუტს. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში უფლებადარღვეულ პირს ეძლევა შესაძლებლობა მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ზოგადი ვადები განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის მე-4 კარის მე-2 თავით, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს ხანდზმულობის სპეციალური ვადების დადგენის შესაძლებლობას. ამასთანავე, მნიშნელოვანია, რომ ხანდაზმულობის სპეციალურ ვადაზე შეთანხმება არ შეიძლება შეადგენდეს სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტების შეთანხმების საგანს, ხანდაზმულობის სპეციალური ვადა და კონკრეტულ მოთხონებზე მისი გავრცელების გამორიცხვა მხოლოდ ნორმატიულად შეიძლება განხორციელდეს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს 1998-2000 წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურებას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, დავალიანება მოიცავს ორ კომპონენტს: მიუღებელ სახელფასო თანხას და კვების მიუღებელ კომპენსაციას. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნიეს მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე მითითებით და არ გაითვალისწინეს საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური რეგულაციებისს შინაარსი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია სარჩელი აღძრულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის მოქმედების პირობებში, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ კანონი ამოქმედდა 2017 წლის 1 ივლისიდან (128-ე მუხ.). მითითებული კანონის ამოქმედებამდე საკითხის რეგულირებას ახდენდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონი, რომლის 1341 მუხლის თანახმად, 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების საჯარო მოხელისათვის ანაზღაურება ხორციელდებოდა წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 1341 მუხლი წარმოადგენდა დავალიანების კანონისმიერ აღიარებას, რის შედეგადაც 2005 წლამდე წარმოშობილ სახელფასო დავალიანებაზე არ ვრცელდებოდა ხანდაზმულობის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვადები. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონმა მოქმედება შეწყვიტა 2017 წლის 1 ივლისიდან და ამოქმდდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონი, რომელიც 2005 წლამდე წარმოშობილ სახელფასო დავალიანებებთან მიმართებით ხანდაზმულობის ათვლის სპეციალურ წესს აღარ ითვალისწინებს, რაც ადასტურებს ამჟამად საჯარო მოხელის მიმართ წარმოშობილ სახელფასო დავალიანებაზე ხანდაზმულობის ვადის ათვლის საერთო წესის გავრცელებას, თუმცა მხოლოდ აღნიშნული კანონის ამოქმედების მომენტიდან. ი. გ-ის მიერ მოთხოვნილი დავალიანება წარმოშობილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის მოქმედების პირობებში - 1998-2000 წლებში, რაც ადასტურებს ახალი კანონის ამოქმედების მომენტამდე - 2017 წლის პირველ ივლისამდე, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ზოგადი წესების გავრცელების დაუშვებლობას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 1341 მუხლით საჯარო სამსახურში 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება ფაქტობრივად განუსაზღვრელი დროით იყო გადავადებული და აღნიშნული კანონის ძალადაკარგულად ცნობამ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებამ დასაშვებად მიიჩნია საჯარო სამსახურში 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე ხანდაზმულობის ვადის ათვლის დაწყება, რადგან კანონმა აღარ გაითვალისწინა სპეციალური, საშეღავათო დათქმა მსგავსი ტიპის დავალიანების მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. ამასთანავე, საქმის მასალებით დგინდება, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის ამოქმედებიდან სარჩელის შეტანამდე გასული იყო რამდენიმე თვე, რაც ადასტურებს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ ი. გ-ის მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის დაუშვებლობას, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს შრომის ანაზღაურება (ხელფასი) და კვების კომპენსაცია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის 57.3 მუხლის თანახმად, მოხელის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, საკლასო დანამატს, სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს. მსგავს მოწესრიგებას შეიცავდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 37.1 მუხლიც, მათ შორის 1998-2000 წლებში მოქმედი რედაქციით. ამდენად, შრომის ანაზღაურების ცნების ქვეშ არ მოიაზრებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტული კომპენსაციები, უკეთუ მსგავს დათქმას არ შეიცავდა სპეციალური ნორმატიული მოწესრიგება. მაგალითად, „პოლიციის შესახებ“ კანონის 31.2 მუხლის 28.06.2000 წ. საკანონმდებლო ცვლილებებამდე მოქმედი რედაქცია ხელფასის ცნებაში მოიაზრებდა, როგორც თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისთვის დადგენილ განაკვეთს და წელთა ნამსახურობის დანამატს, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. მსგავსი დათქმის არსებობა სამხედრო მოსამსახურეებთან მიმართებით არ არის დადგენილი. საკასაციო პალატა მიუთითებს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.3 მუხლზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, ასეთივე დანაწესს შეიცავდა ნორმის 1998-2000 წლებში მოქმედი რედაქცია. ამდენად, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში, შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, იღებდა და ამჟამადაც იღებს სასურსათო უზრუნველყოფას - ულუფის სახით ან შესაბამის ფულად კომპენსაციას. ამასთან, კვების კომპენსაცია არის „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 12.3 მუხლით განსაზღვრული სასურსათო ულუფის კომპენსაცია და არა შრომითი ანაზღაურების შემადგენელი ნაწილი: შრომითი გასამრჯელო ან კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 1341 მუხლით რეგლამენტირებული იყო საჯარო მოსამსახურეზე 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო და არა ყველა სახის დავალიანების ანაზღაურებს სპეციალური წესი, ნორმაში არ ხდებოდა მითითება კომპენსაციის გაუცემლობით წარმოშობილ დავალიანებაზე. ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან - სასურსათო ულუფისაგან. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს, რაც განპირობებულია მისი სტატუსით, სამხედრო სამსახურის თავისებურებით, სამხედრო მოსამსახურესთან არსებული შრომითი ურთიერთობის სპეციფიკით. სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე („სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 12.1 მუხ.), რაც წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას მიიღოს სამხედრო მოსამსახურესთნ მიმართებით სოციალური უზრუნველყოფის გარკვეული ღონისძიებები, მაგალითად როგორებიცაა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (კანონის მე-14 მუხ.), სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა (კანონის მე-16 მუხ.) და სხვ., მათ შორის, კვების კომპენსაციის გაცემა. ამდენად, სამხედრო მოსამსახურის მიმართ სოციალური უზრუნვეყოფის ღონისძიებების გამოყენება განპირობებულია მისი სამსახურებრივი სტატუსით, განსხვავებით შრომითი გასამრჯელოსგან, რომლის მიღების უფლებაც მხოლოდ პირის დასაქმების ფაქტით არის წარმოშობილი. ამდენად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 1341 მუხლი არ ვრცელდებოდა სამხედრო მოსამსახურის მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი კვებითი კომპენსაციის დავალიანებაზე, რაც საკასაციო პალატის არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა (იხ. მაგ.: სუსგ 22.04.2009წ. Nბს-1650-1604(კ-08), 24.06.2009წ. Nბს-207-201(კ-09), 21.07.2010წ. ბს-424-407(კ-10)). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ეს ნაწილი პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებათა რიგს განეკუთვნება, რომელზედაც ვრცელდება სკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა, რომლის ათვლაც გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. პერიოდულად შესასრულებელი თითოეული ვალდებულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას და ცალკე ქმნის ხანდაზმულობის ვადას. თითოეული ვალდებულების მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლა ხორციელდება სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუქცევით. საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელეს მისაღები აქვს 1998-2000 წლების კვების კომპენსაცია, სარჩელი აღძრულია 19.10.2017წ., ამდენად, სარჩელი კვების კომპენსაციის დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. იმავე კოდექსის 137-ე მუხლით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 16.10.2017წ. წერილი არ ქმნის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვალის აღიარებულად მიჩნევის საფუველს, რადგან წერილი ინფორმაციული ხასიათისაა, სამინისტრო ადასტურებს დავალანების არსებობის ფაქტს, თუმცა არ გამოთქვამს მზადყოფნას რაიმე გარემოებების არსებობისას დავალიანების ანაზღაურების შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფაქტის და სარჩელის აღიარება არ არის იდენტური ცნებები, ფაქტის აღიარება არის მტკიცებულება, ხოლო სარჩელის აღიარება არის დისპოზიციური პრინციპიდან გამომდინარე განკარგვითი აქტი, ფაქტის აღიარება არ ნიშნავს სარჩელის აღიარებას. ამდენად, 16.10.2017წ. წერილის გაცემამ არ შექმნა ი. გ-ის მიერ გაშვებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის აღდგენის წინაპირობა, რის გამო მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება კვების კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის შესახებ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის სამაოდ დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი). სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

სასკ-ის 9.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. ამასთავე, ფიზიკური პირები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ხელფასის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე, ხოლო დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველა საქმეზე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან („სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხ. „ა“, „უ“ ქვ.პ.).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ი. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2018წ. განჩინება სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.2018წ. გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ი. გ-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 1998, 1999, 2000 წლებში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ი. გ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 1998, 1999, 2000 წლებში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების - 771,01 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება;

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2018წ. განჩინება კვების კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.2018წ. გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ნაწილში, დარჩეს უცვლელად;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი